ირაკლი აბუსერიძე: ერთი-ორი სეზონის განმავლობაში თამაში კიდევ შემეძლო

AutoSharing Option
ირაკლი აბუსერიძის ნაკრებიდან გაცილების მატჩი ისეთი გამოდგა, საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და რეკორდსმენს რომ ეკადრება: შეხვედრის მთავარმა გმირმაც მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და მადრიდში შარშანდელი მარცხისთვის, ესპანელ "ლომებს" "ბორჯღალოსნებმა" ორმაგად აზღვევინეს (61:18).

"აბუ" სამი მსოფლიო თასის მონაწილე და ერთადერთი მორაგბეა, ვისაც ევროპის "ერთა თასი" 5-ჯერ მოუგია.

ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი - 85 მატჩი აქვს ჩატარებული; მათგან 38 - კაპიტნის რანგში, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია...

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 35 წლისაა, "სპორტის რაინდი" - ირაკლი აბუსერიძე მიიჩნევს, რომ ნაკრებში მაღალ დონეზე თამაში 1-2
სეზონის განმავლობაში კიდევ შეეძლო, მაგრამ...

- სამწუხაროდ, აუცილებლად დგება დრო, როცა გიწევს საყვარელ საქმესთან განშორება, რომელსაც წლების განმავლობაში ემსახურებოდი...

ძალიან ემოციური დღე მქონდა და მთელი მატჩის განმავლობაში ჟრუანტელი მივლიდა. მინდოდა, ჩემი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დამემტკიცებინა.

დიდი მადლობა თანაგუნდელებს, გულშემატკივარს, რომლებმაც დაუვიწყარი დღე მაჩუქეს. მაყურებელი ვერ შეატყობდა, მაგრამ შეხვედრის ბოლოს ცრემლიც მომერია...

- მატჩი შესანიშნავად რომ ჩაატარე, ემოციებით გამოწვეული აღმაფრენის დამსახურებაა თუ გინდოდა, ყველასთვის დაგემტკიცებინა, რომ ნაკრებიდან წასვლა შენთვის ნაადრევია?
- 13 წელიწადია, ნაკრებს ვემსახურები. თავი არასდროს დამიზოგავს და არა მგონია, დასამტკიცებელი მქონდეს რამე (იცინის). უბრალოდ, თუ ვინმეს რამე კითხვა ჰქონდა, პასუხი გავეცი.

შესაძლოა, 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მართლაც ასაკოვანი ვყოფილიყავი, მაგრამ ერთი-ორი სეზონის განმავლობაში თამაში კიდევ შემეძლო. ეს, მგონი, ესპანეთთან მატჩშიც გამოჩნდა. თუმცა, რა გაეწყობა - ასეთია ცხოვრება.

- ნაკრების ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება, თუ შენს პოზიციაზე ახალგაზრდა 9 ნომერი ითამაშებს, 2015 წლის მსოფლიო თასს მეტი სათამაშო პრაქტიკით რომ შეხვდეს. თუმცა, ესპანეთთან თამაშს დავუბრუნდეთ - მატჩის დასრულების შემდეგ თანაგუნდელებმა სტადიონი მხრებით შემოგატარეს...
- დაუვიწყარი დღე მაჩუქეს მეგობრებმა, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიცავდი ქვეყნის ღირსებას, წარმატებებს ერთმანეთის გატანით ვაღწევდით... ნათქვამია - რასაც დასთეს, იმას მოიმკიო. ქომაგის მხარდაჭერა მორაგბეებს არასდროს მოგვკლებია, მაგრამ იმ დღეს განსაკუთრებული სითბო ვიგრძენი, 80 წუთის განმავლობაში "აბუ, აბუ" მესმოდა და ამისთვის კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს...

ქომაგის შეძახილები, მათი ოვაცია ჩვენთვის უდიდესი სტიმულია და გამარჯვებისთვის დიდ ძალას გვმატებს.

- ნამატჩევს მამუკა გორგოძემ თქვა - საქართველოს ნაკრები აბუს გარეშე ვერ წარმომიდგენიაო... შენ თუ წარმოგიდგენია საკუთარი თავი ნაკრების გარეშე?
- ძალიან რთულია, გარედან უყურო, როგორ თამაშობს გუნდი, სადაც წლები გაატარე... მით უმეტეს, ჯერ ნამდვილად არ ვაპირებდი ნაკრებიდან წასვლას და ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ჩემთვის... თუმცა, მთავარია, ღირსება არ დავკარგოთ.

- ბევრს ჰგონია, რომ კარიერა დაასრულე; არადა, მხოლოდ ნაკრებიდან წახვედი...
- ფრანგულ "ოსერთან" კონტრაქტი 30 ივნისამდე მაკავშირებს. ნაკრებს ბუქარესტში მივყვები, რუმინეთთან თამაშის შემდეგ კი ისევ საფრანგეთს მივაშურებ. ზაფხულში სამშობლოში ჩამოვალ და დანარჩენი მერე გამოჩნდება.

- ესპანეთთან მატჩისშემდგომმა "მესამე ტაიმმა" (სარაგბო ტრადიციით, მატჩის შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდები ერთად სადილობენ. - ავტ.) როგორ ჩაიარა?
- შესანიშნავი საღამო გავატარეთ. ნაკრების მოთამაშეებს ერთმანეთთან ყოველთვის ჩინებული დამოკიდებულება გვქონდა, მაგრამ თანაგუნდელებისგან იმ დღეს განსაკუთრებულ სითბოს ვგრძნობდი. მათაც გული სწყდებათ, ერთად რომ ვეღარ ვითამაშებთ.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს, რომელმაც "სპორტის რაინდის" წოდებით დამაჯილდოვა. ასეთი დაფასება ჩემთვის დიდი პატივია!

- კარიერის უმეტესი ნაწილი უცხოეთში გაატარე. საკლუბო კარიერის დასრულების შემდეგ საფრანგეთში დარჩენას ხომ არ აპირებ?
- ფრანგები დიდი კულტურის და ისტორიის მქონე ხალხია, თბილი, ზრდილობიანი, პატიოსანი... თუმცა, ცხოვრების იქაურ სტილთან შეგუება მაინც გამიჭირდა, ჩვენებური მენტალიტეტი მირჩევნია და, ალბათ, საფრანგეთიდან მალე წამოვალ. ვეცდები, ის გამოცდილება, რაც ფრანგულ კლუბებში თამაშისას მივიღე, ახალგაზრდა ქართველ მოთამაშეებს გავუზიარო.

რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ:
ირაკლი აბუსერიძე სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა
საქართველო-ესპანეთი 61:18 - ერთა თასამდე ერთი ნაბიჯია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
მადლობა, აბუ!
გიორგი
11:56 16-03-2013
0
აბუ დიდი მადლობა!!!

შოთა აბუ ალბათ 2015 წლის მსოფლიომდე დაანებებს თავს თამაშს და ჩემი აზრით ამ მიზეზით მიიღო ჰეიგმა მისი გაშვების გადაწყვეტილება. გულდასაწყვეტია მაგრამ რეალობას უნდა შევხედოთ და ახალ თაობას მივცეთ იმის შანსი რომ გამოცდილება მიიგონ.
აკა
02:54 16-03-2013
0

სიახლეები პოპულარული