ვიტო კოლელიშვილი: ევროპაში ცხოვრებით მენტალიტეტი არ შემცვლია...

AutoSharing Option
რაგბის თამაში ნათლიის რჩევით დაიწყო და მალე, ეს საქმე მისი ცხოვრების ნაწილად იქცა. მსახიობების ოჯახში გაზრდილი, თავადაც არტისტობაზე ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც რაგბის სიყვარულმა გადასძალა და გადასაღებ მოედანს სპორტულ მოედანზე ყოფნა ამჯობინა.

მაშ ასე, მორაგბე ვიტო (ვიქტორ) კოლელიშვილი კარიერაზე, წარმატებაზე, ფრანგულ კლუბსა და პირად ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

- ვიტო, ბოლო 2 თამაში ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებებთან გქონდათ. ესპანეთი საკმაოდ დიდი ანგარიშით დაამარცხეთ, რუმინეთი კი ძლიერი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა.
- არ შეიძლება მოწინააღმდეგე არ დააფასო, მოედანზე ყველა მოსაგებად გადის. ესპანეთის გუნდთან სანახაობრივად, კარგი
თამაში გამოგვივიდა. სტადიონზე ბევრი ხალხი მოვიდა, ამინდმაც შეგვიწყო ხელი.

ესპანეთის ნაკრები "გატყდა" და ეს შედეგზეც აისახა. შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი კაპიტანი, ირაკლი აბუსერიძე გავაცილეთ. ახლა ჩვენი კაპიტანი ირაკლი მაჩხანელია.

რაც შეეხება რუმინეთის ნაკრებთან შეხვედრას: მართალია, თამაში ფრედ დამთავრდა, მაგრამ ეს ჩვენთვის მაინც წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ნაკრებთან ჩვენი მე-17 შეხვედრა იყო. მანამდე 8 თამაში მოგებული გვქონდა, 8 - წაგებული. ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასიც ჩვენ დაგვრჩა და ევროპის ერთა თასიც.

- ყველას გვახსოვს, რომ შარშან, რუმინეთის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრის დროს მოწინააღმდეგე - მარიუს ტინკუ ნოკაუტში ჩააგდე. მოედანზე ემოციის გაკონტროლება ძნელია?
- ძნელია, მაგრამ პირველ რიგში, სწორედ ეგ მოგვეთხოვება. ეს ეპიზოდი ჩემი მინუსია. მარიუსმა თამაშის წესები უხეშად დაარღვია, თმაში მწვდა და წამაქცია. ჰოდა, კონტროლი დავკარგე; ვეღარ გავაანალიზე, ჩემს ქმედებას რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მერე მოედნიდან გამაძევეს და 10-დღიანი დისკვალიფიკაცია მომცეს. თამაშის წაგების საფრთხეც დადგა. ძალიან ვინერვიულე.

VideoSportall.Ge
ვიქტორ კოლელიშვილმა რუმინელი მორაგბე სამ დარტყმაში გათიშა


- მას შემდეგ ერთმანეთს შეხვდით?
- დიახ. თავად მოვიდა, ხელი ჩამომართვა და მომიბოდიშა, - ყველაფერზე წავედი, რომ თამაში მომეგო, მორაგბეები ვართ და ერთმანეთს მომავალშიც უნდა შევხვდეთო. მაშინ ის გუნდის კაპიტანი იყო, ახლა კი რუმინეთის ნაკრების მწვრთნელია.

- რაგბის თამაში რა ასაკიდან დაიწყე?
- 15 წლის ვიყავი. ჩემი ნათლია, დათო ხურცილავა (ჯაპანა) რაგბის თავგადაკლული ქომაგია, სპორტის ამ სახეობაზე მისი შვილი და ჩემი სხვა მეგობრები დადიოდნენ. ყველა მეუბნებოდა, - სწრაფი და ძლიერი ხარ, რაგბი ითამაშეო.

ბავშვობაში სპორტის არაერთ სახეობაზე დავდიოდი და ვარჯიში აღარ მინდოდა; თან ვამბობდი, უკვე დიდი ვარ და რაღა დროს რაგბის თამაშის დაწყებაა-მეთქი?! მერე რაგბის თამაში ჩემმა ძმამ - ბაჩომ დაიწყო. სწორედ მან შემაგულიანა, მივედი და დავრჩი.

- სპორტის ამ სახეობამ რით გაგიტაცა?
- ვისაც რაგბი უთამაშია, დამეთანხმება, რომ ვაჟკაცური სპორტია. გუნდის წევრების ერთმანეთთან დამოკიდებულებაც მნიშვნელოვანია. ეს სპორტი ყველაზე ახლობელი და ჩემიანია. მისდამი სიყვარული თანდათან მიღრმავდება. მიმაჩნია, რომ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცი და უნდა ვისწავლო.

Sportall.Ge

- იყო დრო, როცა მსახიობობაზე ფიქრობდი...

- დიახ. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ უნივერსიტეტშიც ჩავაბარე. 2 წელი ვისწავლე, მერე კი აკადემიური ავიღე, რადგანაც რაგბი ძალიან ბევრ დროს მოითხოვდა და ინსტიტუტში სიარულს ვეღარ ვახერხებდი. თანაც, არ მინდოდა, სასწავლებელი ვინმეს დახმარებით დამემთავრებინა, დიპლომი სხვისი წყალობით ამეღო...

- ახლა ფრანგულ კლუბში თამაშობ. ამ ქვეყანაში როგორ აღმოჩნდი?
- ის გზა გავიარე, რომელსაც ყველა ლეგიონერი გადის, ნორმატივები ჩავაბარე. მანამდე "ლელოში" ვიყავი. უცხოეთში წავედი, რათა კარიერა უფრო მაღალ დონეზე გამეგრძელებინა. შემოწმების გავლის შემდეგ კლერმონ-ფერანის ახალგაზრდულ გუნდში დამტოვეს. ამ გუნდში 2 წელი ვიყავი, შარშან კი პროფესიულ კონტრაქტს მოვაწერე ხელი და უკვე "ტოპ 14"-ში ვთამაშობ. 3 წელია, საფრანგეთში ვარ.

- უცხო ქვეყანაში კარიერის აწყობა რთულია, მით უმეტეს - შენ ფრანგული ენაც არ იცოდი.
- რა თქმა უნდა, რთული იყო, მაგრამ მე ეს სირთულე იმანაც დამაძლევინა, რომ კლერმონ-ფერანში ჩემი მეგობარი - გიორგი ჯიმშელაძე დამხვდა, მალე კი მეორე მეგობარი, გიორგი ჯაშიტაშვილიც ჩამოვიდა. ახალგაზრდულ გუნდში 3 ქართველი ვთამაშობდით და ამას თითოეული ჩვენგანისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მორაგბე დავით ზირაქიშვილიც კლერმონ-ფერანში იყო - ის გვპატრონობდა, ბევრი რამ გვასწავლა. ახლა იქ მე და დათო ვართ შემორჩენილები და როცა რაიმე მჭირდება, დახმარებას მას ვთხოვ ხოლმე.

Sportall.Ge

- ოდესმე თამაშისთვის თავის დანებებაზე თუ გიფიქრია?
- როცა ძალიან დაღლილი ხარ, ცუდი პერიოდი გაქვს ან ტრავმა გაწუხებს, ფიქრობ: ნუთუ, ქვეყნიდან წამოსვლა, ოჯახიდან შორს ყოფნა, ამდენი შრომა, ნერვიულობა ამ ყველაფრად ღირს? ამ ასაკში გართობა, მეგობრებთან ერთად მოლხენა უფრო მეტად გინდა, მაგრამ იძულებული ხარ, ეს ყველაფერი საყვარელ საქმეს შესწირო. მართალია, ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ასეთი მსხვერპლის გაღება არ ღირს, თუმცა, 2 დღის შემდეგ ამის გაფიქრებისთვის, საკუთარ თავს ვკიცხავ. მგონი, ეს ბრძოლები უფრო მეტად მაძლიერებს.

- როგორია საფრანგეთში შენი ერთი დღე?
- მთელი კვირის მანძილზე მხოლოდ ერთ დღეს ვისვენებ. ვარჯიშის პარალელურად, ფრანგული ენის შესასწავლად, მასწავლებელთან დავდივარ. საღამოს შინ ძალიან დაღლილი ვბრუნდები.

- როგორ ერთობი?
- იქ მცხოვრებ რამდენიმე ქართველს ვიცნობ, სტუდენტები არიან. როცა თავისუფალი დრო მაქვს და მათაც სცალიათ, ერთმანეთს ვხვდებით. ზოგჯერ ჩემთან მოდიან, ხოლო როცა კარგი ამინდია, ვსეირნობთ...

- რუმინეთიდან საფრანგეთში გაემგზავრე და კლუბურ ცხოვრებას დაუბრუნდი, არა?
- დიახ. ახლა საფრანგეთში ვარ, მაგრამ ზაფხულში რამდენიმე თამაშია ჩანიშნული და "ბორჯღალოსნები" ისევ თბილისში შევიკრიბებით. გპირდებით, თავს არ დავზოგავთ იმისთვის, რომ ქომაგები გავახაროთ.

- ოჯახის წევრები შენგან შორს ყოფნას როგორ ეგუებიან?
- სხვა რა გზა აქვთ? თანამედროვე ტექნოლოგიებმა თითქოს, მანძილის სიშორეც "წაშალა". მშობლებს, და-ძმებს ინტერნეტით ხშირად ველაპარაკები და ზოგჯერ, თავი სახლში მგონია.

- შენი ძმა - ბაჩოც მორაგბეა და "ლელოში" თამაშობს. საინტერესოა, კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებას არ გეგმავს?
- ეს მის სამომავლო გეგმებშია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მე ყოველთვის მის გვერდით ვიქნები.

- ამ ინტერვიუს ალბათ, ბევრი გოგონა წაიკითხავს. პირად ცხოვრებაზე რომ არაფერი გკითხო, არ მაპატიებენ...
- ჩემი პირადი ცხოვრებაც რაგბია (იცინის). არ ვიცი, რა უნდა გითხრათ. ჯერ დაოჯახებას არ ვაპირებ.

- შეყვარებული ხარ?
- (ფიქრობს)...

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ამდენი ფიქრი სჭირდება?
- ნუ მიწყენ, მაგრამ ვერ გიპასუხებ.

- ბევრ ქართველ ბიჭს უცხოელზე დაქორწინების სურვილი არ აქვს, ბევრისთვის კი ეს მიდგომა მიუღებელია. შენს შემთხვევაში რა ხდება?
- მინდა, ქართველ, ქართული ტრადიციებით აღზრდილ გოგონაზე დავქორწინდე. რაც მთავარია, ერთმანეთის უნდა გვესმოდეს. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ევროპაში ცხოვრებით მენტალიტეტი არ შემცვლია...

Sportall.Ge

- ფრანგულ ენაზე სიყვარულის ახსნა ისწავლე?
- კი, ვიცი - ჟე ტ'ემ.

- წარმატებას გისურვებ!
- გმადლობ შენ და მადლობა ჩვენს ქომაგებს, რომლებიც თავიანთი გულშემატკივრობით ასე გვაძლიერებენ.

თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი "გზა

ასევე იხილეთ:
რუმინეთი-საქართველო 9:9 - ერთა თასი ისევ ჩვენია!
მკითხველის კომენტარები / 2 /
შესანიშნავი მონაცემები აქვს ამ ბიჭს და გულითად შრომას თუ გააგრძელებს უმაღლესი დონის მორაგბე გახდება.ბევრი ვარჯიში და შრომაა საჭირო ამისთვის და იმედია არ დაიზარებს :)
NIKA
13:42 26-03-2013
0
მიდი ვიტო,ბოლომდე იბრძოლე,ნაკრებს და საქართველოს ჭირდებით!!!
glaxuna
22:32 24-03-2013
0

სიახლეები პოპულარული