გიორგი ნემსაძე: ნაკრებში თამაშზე უარი როგორ უნდა ვთქვა?

AutoSharing Option
რაგბი ისეთი თამაშია, სადაც ყველა პოზიციას თავისი სპეციფიკა აქვს. კარგი გუნდი კი ისაა, რომელსაც ყველა რგოლში საუკეთესო მოთამაშეები ჰყავს.

თითოეულ მათგანზე, ცხადია, სხვადასხვა დატვირთვა მოდის. ერთ-ერთი ყველაზე მშრომელი და გამრჯე მეორეხაზელია. ეს ის პოზიციაა, რომელსაც ყველაზე მაღალი, ბრგე და ჯან-ღონით სავსე ბიჭები სჭირდება.

საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე გიორგი ნემსაძე გახლდათ. ჯერ კიდევ მოქმედ და შესანიშნავ ფორმაში მყოფ მორაგბეზე წარსულ დროში იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში მას ეროვნულ გუნდში არ უთამაშია.

ნემსაძე 28 წლისაა. მისი დებიუტი "ბორჯღალოსანთა" რიგებში
2005 წელს შედგა და დღემდე 25 კეპი მოიხვეჭა. 2011 წლის მსოფლიოს თასზე ერთ მატჩში ითამაშა.

ნემსაძე საფრანგეთში 2007 წელს გადაბარგდა და რამდენიმე კლუბი გამოიცვალა - "დომონი", "მასი", "მონტობანი" და "ვალანს დაჟენი".

წლევანდელი სეზონის წინ გიორგი მეორე დივიზიონის "ტარბში" ჩაირიცხა, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში მე-5 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსი აქვს.

გიორგი ნემსაძეს საკლუბო კარიერისა და მომავლის გეგმების შესახებ სასაუბროდ საფრანგეთში დავუკავშირდით.

- კლუბში ნორმალური მდგომარეობაა. ბოლო ტურებში აშკარად გავაუმჯობესეთ თამაში და ახლა მე-5 ადგილზე ვართ. თითქმის ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში ვხვდები. ბევრს და, რაც მთავარია, კარგად ვთამაშობ.

რამდენჯერმე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს და ტურის ნაკრებშიც მოვხვდი. კლუბის ხელმძღვანელები იმდენად კმაყოფილნი არიან, რომ ოთხწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს და მეც ხელი მოვაწერე.

- გამოდის, კარიერაში სტაბილური პერიოდი დაგიდგათ. რამ განაპირობა ეს?
- უწინარესად იმან, რომ ნამდვილ პროფესიულ გუნდში მოვხვდი, რომელსაც ძალიან კარგი, მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავს. მან თავიდანვე გამომიცხადა ნდობა. მეც მოვინდომე, ვარჯიში ისედაც მიყვარდა და კარგ ფორმაში შევედი. შეიძლება ითქვას, რომ კარიერაში საუკეთესო პერიოდი მიდგას.

- ვინ არის "ტარბის" მწვრთნელი?
- ქართველი ქომაგებისთვის კარგად ნაცნობი ანრი ბრონკანის შვილი - პიერ ბრონკანი. ძალიან კარგი სპეციალისტია. რაც მთავარია, საქმე მთელი თავისი არსებით უყვარს. ამით მეც ამიყოლია და მთლიანად რაგბიზე ვარ ორიენტირებული, რაგბით ვცხოვრობ.

- ხშირად მსმენია, რომ მამა-შვილი ბრონკანები ქართველების მიმართ დიდი სიმპათიით არიან განწყობილნიო...
- დიახ, ასეა. ანრი ბრონკანსაც ბლომად ჰყავს თავის გუნდში ("ალბიში") ქართველები და იგივე ითქმის პიერზე.

ამ უკანასკნელის ჩვენ მიმართ შესანიშნავ დამოკიდებულებას ყოველდღე ვგრძნობთ. ყველაზე მეტად ქართველების მებრძოლი ხასიათი მოსწონს. ზოგადად, მებრძოლი და ძლიერი სპორტსმენები უყვარს და ამიტომ სცემს პატივს ქართველ მორაგბეებს.

- რამდენად სრულყოფილადაა გამართული "ტარბის" სარაგბო ინფრასტრუქტურა, მზად ხართ თუ არა ელიტურ პირველ დივიზიონში სათამაშოდ?
- სეზონის წინ დავალება საპლეიოფო ხუთეულში მოხვედრა იყო. ელიტაში გადასვლას კი მომავალი წლისთვის გეგმავენ, თუმცა ვნახოთ, იქნებ წლეულსაც მოხერხდეს.

ამისთვის მზად არიან. ჩემი ოცნება პირველ დივიზიონში თამაშია და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ. მართალია, "ტარბთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ თუ ელიტურ გუნდში გადასვლის შანსი გამოჩნდა, მისი დარღვევა შემიძლია.

- "ტარბში" თქვენ გარდა კიდევ სამი ქართველი თამაშობს. მათი საქმეები როგორ მიდის?
- პირველხაზელი დავით დადუნაშვილი, შესაძლოა, სხვა გუნდში გადავიდეს. "ტარბის" ხელმძღვანელებს უნდათ მისი გუნდში დატოვება, მაგრამ, როგორც ჩანს, უკეთესი შეთავაზებები აქვს, თუმცა ჯერ არაფერი გადაუწყვეტია.

გიორგი ჩხაიძეს და ირაკლი მირცხულავას კი კლუბთან გაფორმებული კონტრაქტი ჯერ არ დასრულებიათ. ისინი რეგულარულად თამაშობენ და "ტარბში" რჩებიან.

- გუნდში ბევრი თანამემამულე კარგი უნდა იყოს...
- დიახ, ძალიან კარგია. კლუბში ქართული ტრადიციებით ვცხოვრობთ. ბევრი ჩვენი თანაგუნდელი ქართულ სიტყვებსაც სწავლობს.

ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და სხვებთანაც. ყველა პატივს გვცემს, როგორც მორაგბეებს და როგორც პიროვნებებს.

- უკვე თქვით, რომ კარიერაში საუკეთესო ფორმაში იმყოფებით. აქამდე საქართველოს ნაკრებში გიწვევდნენ. წლევანდელ ერთა თასის გათამაშებაში კი "ბორჯღალოსნების" რიგებში არ გამოჩენილხართ...
- არ ვიცი, ნაკრებში რატომ აღარ მეძახიან. ჩემთვის არაფერი უთქვამთ. ამბობენ - ახალგაზრდებზე აქვთ აქცენტი გადატანილიო.

არც მე ვარ ბებერი. ამჟამად 28 წლის ვარ, რაგბისთვის საუკეთესო ასაკში და თანაც, საუკეთესო სათამაშო ფორმაში ვიმყოფები. ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩი. ნაკრების გარეშე კლუბში თამაშმა რაგბი თითქოს უბრალო სამსახურად აქცია. ყველაფერს, რასაც "ტარბში" ვაკეთებ, აზრი ეკარგება.

- საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ჩვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: თავიანთ გუნდებში კარგი თამაშით უნდა დაამტკიცონ, ნაკრებში გამოძახებას რომ იმსახურებენო. ასე რომ, იმედი არ უნდა დაკარგოთ!
- იმედს არ ვკარგავ. ეროვნული ნაკრები ჩემთვის უპირველესია. ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ჩემთვის ნაკრების მაისურით საქართველოს ჰიმნზე დგომა, მერე თამაში, ბრძოლა და გამარჯვება. ამაზე დიდი სიამოვნება ამ ქვეყანაზე არ არსებობს.

თუ კლუბში უნდა დავამტკიცო, ეგ დიდი ხანია, გაკეთებული მაქვს. ყველა მატჩში სრულად ვთამაშობ, ლელოები გამაქვს და კარგ ფორმაში ვარ.

- ივნისში თბილისში პირველი საერთაშორისო ტურნირი ტარდება. არც იმ შეჯიბრებისთვის ხართ ნაკრებში გამოძახებული?
- ჯერ არავის არაფერი უთქვამს. ძალიან მინდა, საქართველოს ნაკრებში ვითამაშო. ამის გამო აქ კონტრაქტის პირობები შემიცვალეს. ხელფასი დამაკლეს, ნაკრებზე უარი რომ არ ვთქვი. არ შემიძლია, საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი როგორ უნდა ვთქვა?! კარიერის დასაწყისში ეს ჩემი ოცნება იყო. რაგბის სწორედ იმიტომ ვთამაშობ, რომ ეროვნული გუნდის ღირსება დავიცვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვინ ჩამოატრია ეს მწვტრნელი აქ ნემსადზეს თU არ ეკუთვნის ნაკრები აბა ვის ეკუთვნის
lasha
19:48 04-04-2013
0
საქართველო თვენთანაა ბიჭებო !!!
პაატა
23:34 06-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული