ისტორიული მომენტი ქართული რაგბისთვის - საერთაშორისო ტურნირი თბილისში

AutoSharing Option
ივნისში თბილისი პირველად უმასპინძლებს საერთაშორისო ტურნირს, რომელიც ტრადიციული გახდება და "თბილისის თასის" გათამაშება დაერქმევა.

ეს ახალი ტურნირი საქართველოს დედაქალაქში რაგბის საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მისი უშუალო მხარდაჭერით გაიმართება.

IRB-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა სპეციალური კომუნიკე, რომელიც ზემოთ ნახსენებ შეჯიბრებას ეძღვნება. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

"რაგბის საერთაშორისო საბჭომ საბოლოოდ განაცხადა, რომ საქართველოს დედაქალაქში, თბილისში ახალი საერთაშორისო ტურნირი დაფუძნდა, რომელიც ოფიციალურად შევა IRB-ის კალენდარში.

შეჯიბრება 7 ივნისს დაიწყება და 16 ივნისამდე გასტანს. მასში სამხრეთ აფრიკისა და ირლანდიის A ნაკრებებთან ერთად საქართველოსა და ურუგვაის
ეროვნული გუნდები იასპარეზებენ, რომლებიც 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების საგზურისთვის იბრძვიან და იქ მოხვედრის რეალური კანდიდატები არიან.

საქართველოში რაგბი ეროვნულ სპორტის სახეობად მყარად დამკვიდრდა. "ბორჯღალოსნები" ამჟამად მსოფლიოს თასის შესარჩევ ტურნირში ლიდერები არიან.

"თბილისში ახალი ტურნირის დაფუძნება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა IRB-ის შეჯიბრებათა კალენდარში.

მასში ასპარეზობა განსაკუთრებით სასარგებლო უნდა იყოს საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებებისთვის, რომლებიც 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად იბრძვიან.

ამასთან ერთად, ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის A ნაკრებებს, რომლებიც პერსპექტიული მორაგბეებით არის
დაკომპლექტებული, ზემოთ ნახსენები გუნდები სათანადო კონკურენციას გაუწევენ, რაც თავიანთი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ შემოწმების საშუალებას მისცემს.

ქართველებს ძალიან უყვართ რაგბი და დარწმუნებული ვარ, ეს ტურნირი ოვალური ბურთით თამაშს კიდევ უფრო პოპულარულს გახდის ამ ქვეყანაში, მის განვითარებას უცილობლად შეუწყობს ხელს."
- თქვა რაგბის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ბერნარ ლაპასემ.

ამ ტურნირის დაარსებას ქართული რაგბის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს "აბრალებს" IRB-ის განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ იგანი.

"საქართველოს რაგბის კავშირი, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან ერთად მიზანმიმართული საქმიანობით, შესანიშნავ შედეგებს აღწევს.

თბილისში ახალი ტურნირის დაფუძნება ამ ქვეყნის რაგბისთვის საჩუქარია იმ მიღწევებისთვის, რაც ბოლო წლებში აჩვენა.

ბოლო ოთხ წელიწადში თბილისში აშენდა საერთაშორისო დონის სარაგბო ობიექტები, რომელთა გამოყენების საშუალებაც "თბილისის თასის" მონაწილეებს ექნებათ." - თქვა მან.

საქართველოსთვის მსგავსი დონის ტურნირის გამართვა კიდევ ერთი საშუალებაა, დაანახვოს სარაგბო სამყაროს, რომ ნამდვილად მისი სრულუფლებიანი წევრია.

"საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის რაგბის საერთაშორისო საბჭოს იმისთვის, რომ თბილისში სერიოზული საერთაშორისო ტურნირის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

მას ჩვენ აღვიქვამთ, როგორც აღიარებას ქართული რაგბის ბოლო წლების წარმატებისა. "თბილი
სის თასი" ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში რაგბის პოპულარიზაციასა და განვითარებას, ასევე, საქართველოს სარაგბო ერად ჩამოყალიბებას" - თქვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მივეხარები სულით და გულით საერთაშორისო სარაგბო ტურნირის თბილისში გამართვას!..ხოლო საქართველოს ვუსურვებ ძლიერ სარაგბო ერად ქცევას!
nika
23:40 10-04-2013
0
კარგია
nano
15:43 11-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული