არგენტინა VS საქართველო - გვინდა რევანში!

AutoSharing Option
22 ივნისს საქართველოს ნაკრები ივნისის ტესტების ბოლო მატჩში არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

სამწუხაროდ, საქართველოსა და არგენტინის სარაგბო ნაკრებების მატჩის ტრანსლირების უფლების შესყიდვა, რიგი მიზეზების გამო, ვერცერთმა ქართულმა ტელეარხმა ვერ მოახერხა, რის გამოც ამ ისტორიულ შეხვედრას ინტერნეტის მეშვეობით თუ მივადევნებთ თვალს [იხილეთ ვრცლად].

"ბორჯღალოსნები" სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ორ ჯგუფად გაემგზავრნენ და თამაშისთვის ბუენოს-აირესში ემზადებოდნენ. სან ხუანში, სადაც საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირება შედგება, ჩვენი გუნდი ხუთშაბათს საღამოს ჩავიდა.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა, ახალზელანდიელმა მილტონ ჰეიგმა საბრძოლო რაზმი იმავე დღეს დაასახელა.

იმ გუნდს,
რომელმაც ერთი კვირის წინათ თბილისში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა, სამი წამყვანი მოთამაშე დაემატა. ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე (ორივე-ტულუზი) და ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ. შესაბამისად, ჩვენი პირველი და მეორე ხაზი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

ამ მორაგბეებს დავით ზირაქაშვილთან (კლერმონი) და ვახტანგ მაისურაძესთან (ალბი) ერთად ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლიათ სერიოზული პრობლემების შექმნა.

სუსტს ვერ ვიტყვით მესამე ხაზზე, მაგრამ აქ ძირითადის ორი მოთამაშე გვაკლია: მამუკა გორგოძე (მონპელიე) და დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი). თუმცა, ისინი ვინც არგენტინელებს დაუპირისპირდებიან საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი მოთამაშეები არიან. გიორგი ჩხაიძეს (ტარბი), სულაც მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

თითქმის ოპტიმალურია ჩვენი გუნდის უკანა ხაზიც. ტრავმის გამო არგენტინაში ვერ გაემგზავრა შუამარბი თედო ზიბზიბაძე (პერიგო). მან "თბილისის თასის" გათამაშებაში მუხლი დაიშავა და შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატსაც გამოტოვებს. ჰეიგმა განაცხადში არ შეიყვანა გარემარბი ალექსანდრე თოდუა (ალბი).

საბრძოლო რაზმი დაასახელა არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმაც. ინგლისის ნაკრებთან ერთი კვირის წინათ წაგებული მატჩისგან განსხვავებით მან შემადგენლობაში ხუთი ახალი მოთამაშე შეიყვანა. მეორე ხაზში ხულიო კაბეჯოს ნაცვლად ესტებან ლოსადა ითამაშებს. მესამეხაზელი ტომას ლეონარდის ადგილს ტომას დე ლა ვეგა დაიკავებს.

ფელანმა მთლიანად შეცვალა გუნდის მთავარი ღერძი, მგეზავი და ცხრა ნომერი. გამოცდილი ფელიპე კონტეპომისა და ნიკოლა ვერგაჯოს ნაცვლად, შედარებით ახალგაზრდები ბენიამინ მადერო და ტომას კუბელი ითამაშებენ. გარემარბ მანუელ მონტეროს კი, ტომას კარიო შეცვლის.

"ვიცით, რომ ბევრად უკეთ შეგვიძლია თამაში, ვიდრე ეს განვლილ ორ მატჩში ინგლისის ნაკრებთან დაპირისპირებისას.

საქართველოს ნაკრები ძლიერია შერკინებასა და დერეფანში თამაშისას. ამ კომპონენტებს ხშირად მატჩში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, ვარჯიშებზე მათ დახვეწაზე დიდხანს ვიმუშავეთ.

ვეცდებით, მეტოქეს შეცდომები დავაშვებინოთ და ქულები დავაგროვოთ. განსაკუთრებით ყურადღებით გარჯა მოგვიწევს დაცვაში, ვინაიდან წინა მატჩში შვიდი ლელო გავუშვით.

საქართველოს ნაკრების მორაგეები ფიზიკურად ძლიერები და კონტაქტში თამაშისას საუკეთესოები არიან. ამასთან ერთად, ქართველებს რამდენიმე მაღალი კლასის მოთამაშე ჰყავთ, რომლებიც საფრანგეთში ელიტარულ გუნდებში ასპარეზობენ.

ჩვენი მიზანია, ეს მატჩი გუნდის თამაშის გასაუმჯობესებლად, განვითარებისთვის გამოვიყენოთ. ძალიან მეიმედება კაპიტნის, გარემარბ გონსალო ტიესის, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ტრავმების გამო ნაკრებში თამაშის საშუალება არ ეძლეოდა. ის შესანიშნავი მორაგბეა და, იმედი მაქვს, გუნდს გამარჯვებისკენ წარუძღვება",
- თქვა არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო ფელანმა.

არგენტინის ამ ფორმაციის ნაკრებიდან ყველაზე უკეთ ქართველ მორაგბეებს ფულბეკი მარტინ ბუსტოს მოიანო იცნობს, რომელიც მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეში" გარემარბად თამაშობს და გუნდის მთავარი დამრტყმელია.

ბუსტოს მოიანო 2011 წელს თბილისშიც გახლდათ, როცა "ბორჯღალოსნები" არგენტინის A ნაკრებს დაუპირისპირდნენ.

"ძალიან გვინდა საქართველოს ნაკრებთან ისე ვითამაშოთ, როგორც ინგლისის ნაკრებთან პირველი მატჩის საწყის 30 წუთში. საამისოდ საჭიროა, როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ თამაშში არსებული ხარვეზების გამოსწორება. თუ შევძლებთ მატჩში იმ მონახაზის განხორციელებას, რასაც ვარჯიშებზე ვამუშავებდით, ვფიქრობ, რომ გავიმარჯვებთ.

საქართველოს ნაკრებს ძლიერი შერკინება ჰყავს. ბოლო წლებში ისინი ცდილობენ უკანა ხაზი აათამაშონ, ხელდახელ იბურთაონ, რაც მათ კიდევ უფრო სახიფათოს ხდის. ამასთან ერთად, საკამოდ კარგად თამაშობენ დაცვაშიც.

მიუხედავად ამისა, ეს მატჩი აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რათა ივნისის ტესტები წარმატებით დავხუროთ",
- თქვა მარტინ ბუსტოს მოიანომ.

არგენტინა-საქართველო
საქართველო
15. ბექა წიკლაური, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ვახტანგ მაისურაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. გიორგი ჩხაიძე.
16. რევაზ ბელქანია, 17. ანტონ ფეიქრიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. ბექა ბიწაძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ირაკლი ყიასაშვილი

არგენტინა
15. მარტინ ბუსტოს მოიანო, 14. ბელისარიო აგუჯა, 13. გონსალო ტიესი, 12. გაბრიელ ასკარატე, 11. ტომას კარიო, 10. ბენიამინ მადერო, 9. ტომას კუბელი. 1. გილერმო რაოანი, 2. მარტინ გარსია ვეიგა, 3. მაქსიმილიანო ბუსტოსი, 4. ესტებან ლოსადა, 5. მარიანო გალარსა, 6. როდრიგო ბაესი, 7. ტომას დე ლა ვეგა, 8. ბენიამინ მაკომე.
16. მაურისიო გვიდონი, 17. ბრუნო პსოტილიონი, 18. ფრანსისკო კოდელა, 19. ტომას ვალეხოსი, 20. ტომას ლეონარდი, 21. მარტინ ლანდახო, 22. ბენიამინ ურდაპილეტა, 23. მატიას ორლანდო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" საბრძოლო რაზმი დაასახელა
არგენტინის ნაკრების კაპიტანი: ქართველებთან მძიმე მატჩი გველის
"პუმები" "ბორჯღალოსნებს" უფრთხიან
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯიგრების გუნდი!...უფრო სწორად, გუნდი ჯიგარი!
murtalo
13:27 22-06-2013
0
წარმატებები..
PARFIUMER
12:03 22-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული