თავის დროზე თბილისის სამხატვრო აკადემიის ბაზაზე შექმნილ გუნდს დღესაც პროფესიით მხატვრები და მოქანდაკეები ხელმძღვანელობენ, რომლებიც წლების განმავლობაში მაღალი დონის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ.
"აკადემიას" მთავარი მწვრთნელი პაატა ნარიმანიძეა, რომელიც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი იყო და "ბორჯღალოსნები" 2007 წლის მსოფლიოს თასზე გაიყვანა.
მისი ასისტენტი დიმიტრი ობოლაძეა, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი გახლდათ მრავალი წლის განმავლობაში.
ჩვენ კი გუნდის აწმყოსა და მომავლის შესახებ კლუბის პრეზიდენტს, გიორგი ღლონტს ვესაუბრეთ, რომელიც იმავდროულად, "აკადემიას" საფესტივალო ასაკის მორაგბეების
- "აკადემია" ბოლო ათი წელიწადია, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადარია. ამ დროის განმავლობაში გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის ფინალშიც იასპარეზა და ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა. თუმცა ბოლო ორი სეზონია, თქვენი გუნდი დივიზიონიდან გავარდნის პირასაა. რით იყო გამოწვეული ასეთი მკვეთრი ჩავარდნა?
- ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, ცხადია, მწირი ფინანსებია. გუნდი ჩვენმა აღზრდილმა ბევრმა მორაგბემ დატოვა. თუ არ ჩავთვლით უცხოეთში წასულებს, ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბებში ორი წლის განმავლობაში თხუთმეტამდე აკადემიელი გადაბარგდა. ეს საკმაოდ სერიოზული დარტყმა იქნებოდა ნებისმიერი გუნდისთვის.
ერთადერთი, რამაც გვიშველა, ის არის, რომ მორაგბეთა ნაკადში წყვეტა არ გვაქვს. დანაკლისს ჩვენივე აღზრდილებით ვავსებდით. საბედნიეროდ, ჭაბუკთა A და B ლიგებში კარგი ბიჭები გვყავს. შევსებას უმაღლესი ლიგის გუნდი მუდმივად იღებს. ასე რომ არ ყოფილიყო, დავიღუპებოდით.
- სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე მდგომარეობა თითქოს უცვლელი იყო. თითქმის ყველა გუნდს უჭირდა, მაგრამ სახელმწიფო დახმარებამ, ალბათ, მაშველი რგოლივით იმოქმედა...
- ამ დახმარებამ არა მარტო ჩვენი კლუბი, სხვა გუნდებიც ჭაობიდან ამოიყვანა. მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
აქამდე თუ წლიური ბიუჯეტი 100 ათასი ლარი იყო, ახლა ის 400 ათას ლარს შეადგენს. წინა სეზონში მოთამაშეებსა და მწვრთნელებს ხელფასს რვა თვის განმავლობაში ვუხდიდით. ახლა მთელი წლის განმავლობაში გადავუხდით და თანაც გაორმაგებულს.
ავიყვანეთ ფიზმომზადების მწვრთნელი, რომელიც სეზონისწინა სამზადისში დაგვეხმარება. გუნდი ხუთდღიან შეკრებას გაივლის "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე".
ამასთან ერთად, სამი წელიწადია, სპორტული ეკიპირება არ შეგვიცვლია. ახლა უკვე ახალი ფორმების შეკვეთა მივეცით.
გუნდი სუფთად და ლამაზად ჩაცმული დახვდება ახალ სეზონს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც მოთამაშეების განწყობაზე დიდ ზემოქმედებას ახდენს. ისინი სხვა შემართებით, სხვა ჟინით უდგებიან საქმეს.
- რა ცვლილებები მოხდა გუნდში სეზონებს შორის შესვენებისას?
- გუნდი ორმა მორაგბემ დატოვა, ნიკა ჩხიკვაძე და გიორგი აბდუშელიშვილი "ყოჩებში" გადავიდნენ. "თიბისიდან" "აკადემიაში" დაბრუნდნენ გიორგი ქოპილაშვილი და დავით ნასიძე.
ქუთაისის "აიადან" დავიმატეთ პირველხაზელი ამირან წაქაძე. შევსება მივიღეთ ჩვენი ჭაბუკთა A ლიგიდან. დისკვალიფიკაცია დაუმთავრდა დავით შუბითიძეს, საკმაოდ პერსპექტიული მორაგბეა თელაველი ვანო ბერიკაშვილი.
ფოთის "რაინდებიდან" გადმოვიდა ანზორ სიჭინავა, რომელიც იმედისმომცემი გარემარბია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ფოთის სარაგბო სკოლის კარგი მუშაობა. ამირან შავგულიძის აღზრდილები არა მარტო კარგი მოთამაშეები, არამედ შესანიშნავად აღზრდილი ადამიანები, წესიერი ბიჭები არიან.
სხვა ყველა, ვინც გასულ სეზონში "აკადემიაში" თამაშობდა, ისევ გუნდშია. ტრავმირებულებიც გამოჯანმრთელდნენ და იმედი გვაქვს, სეზონს დანაკლისის გარეშე შევხვდებით.
- გუნდი სეზონისთვის სად და როგორ ემზადება?
- ვარჯიში დიდი ხანი არ არის, რაც დავიწყეთ. ძირითადად, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ვვარჯიშობთ. იქ ყველანაირი პირობაა ნაყოფიერი წვრთნისთვის. გასულ უქმეებზე "ლელოსთან" გავმართეთ საკონტროლო მატჩი, რომელიც ფრედ დასრულდა. შემადგენლობა არცერთს არ გვყავდა ოპტიმალური, თუმცა მაინც კმაყოფილნი დავრჩით. დავინახეთ, რომ მეტი შეგვიძლია და ისიც გამოჩნდა, უმეტესად რაზე გვაქვს სამუშაო.
ამჟამად მიმდინარეობს ახალი და ძველი მორაგბეების შეთამაშების პროცესი. გვყავს ასევე, სათადარიგო გუნდიც, რომელსაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ, რაც სრულიად ბუნებრივია.
A ლიგაში ასპარეზობის მერე მორაგბე თუ პირდაპირ უმაღლესი ლიგის გუნდში ვერ ხვდება, სათადარიგო გუნდში განაგრძობს თამაშს, გამოცდილების მიღებას. იქ ამტკიცებს, რომ ძირითად გუნდში თამაშის ღირსია.
- "აკადემიას" სპონსორი არ ჰყავს?
- სპონსორი არ გვყავს, მაგრამ დიდად მადლიერნი ვართ "ბაზისბანკის", რომელიც კვარტალში ერთხელ 4 ათას ლარს გვაძლევს, რითაც სავარჯიშო მოედნის არენდის ნაწილს ვფარავთ. იმედი გვაქვს, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება.
ახლახან ქვიშის რაგბიში საქართველოს ჩემპიონატი მოვიგეთ. კლუბი ნელ-ნელა ძლიერდება და, ალბათ, სპონსორობის მსურველებიც გამოჩნდებიან.
- "აკადემიას" უმაღლესი ლიგის გუნდი "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ვარჯიშობს. სად იწრთობიან სხვა ასაკობრივი ჯგუფების გუნდები?
- ჩვენი ძირითადი საწვრთნელი ბაზა ყოფილ სპორტკომპლექს "ქარიშხალასთან" ახლოს მდებარე პატარა მოედანი იყო, რომელიც ახლა შესყიდულია და, ცხადია, იქ აღარ ვვარჯიშობთ. ჭაბუკთა A და B ლიგის გუნდები ხან იპოდრომზე ვარჯიშობენ, ხანაც ვაკის პარკის ბილიკებზე. საფესტივალო ასაკის მორაგბეებს კი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ახლოს არსებულ მოედანზე ვწვრთნით.
- რა მიზანს ისახავს წლევანდელ ჩემპიონატში თქვენი გუნდი?
- ჩვენთვის პროგრამა-მაქსიმუმი ექვსეულში, ანუ პლეი ოფში მოხვედრაა. მინიმუმი კი ის იქნება, თუ მერვე ადგილს ქვემოთ არ ჩავცდებით, რათა უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე არ დაგვემუქროს.
თუმცა, ვფიქრობ, აქამდე საქმე არ მივა. არსებული პოტენციალით, მწვრთნელთა შტაბის კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ჩვენ რეალურად შეგვწევს უნარი, მოწინავეთა შორის ვიყოთ.
- როგორ ფიქრობთ, რომელი გუნდები იქნებიან თქვენი კონკურენტები და ჩემპიონატის ფავორიტები?
- იმით თუ ვიმსჯელებთ, დღეს რა მდგომარეობაცაა, ყველა ჩვენი კონკურენტია. გუნდები საკმაოდ მოღონიერდნენ, ძალები გათანაბრდა. ფავორიტები, ალბათ, ისევ "ლელო", "არმია", "ლოკომოტივი" და "აია" იქნებიან.
სერიოზულ შემადგენლობას მოუყარეს თავი "ყოჩებმა" და "არმაზმა". შესანიშნავი გუნდი იყო და ამჯერადაც ასეთივე იქნება "ჯიქები". ერთი სიტყვით, ვინმეს გამოყოფა ძალიან ძნელია.
გამოკვეთილი არც ლიდერი ჩანს და არც აუტსაიდერი. ასე რომ, წლეულს ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გვექნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"