საქართველო VS სამოა - "ბორჯღალოსნები" ელიტარული რაგბის კარიბჭესთან

AutoSharing Option
23 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თავის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს სამოას უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ.

შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 16:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლიაციას I არხი განახორციელებს.

რაგბის საერთაშორისო საბჭომ მოწყალე თვალით გადმოგვხედა და ნოემბრის ტესტ მატჩების სერიის უკანასკნელ მეტოქედ სიძლიერით მსოფლიოს რიგით მერვე ნაკრები გვარგუნა, რაც ნამდვილად გასახარი ფაქტია და ამასთანავე საპასუხისმგებლოც, რადგან სამოელთა დამარცხების შემთხვევაში "ბორჯღალოსნები" ისტორიულ გამარჯვებას ჩაიწერენ საკუთარ აქტივში, თან უდიდეს განაცხადს გააკეთებენ საკუთარ სიძლიერესთან დაკავშირებით, რამაც
შესაძლოა გზა გაგვიხსნას მსოფლიოს ელიტარული დონის ნაკრებებთან რეგულარულად საპაექროდ.

საქართველოსა და სამოას ნაკრებთა გზები აქამდე ერთხელ გადაიკვეთა და ეს 2003 წლის მსოფლიოს თასზე მოხდა. C ჯგუფის მატჩში "მებრძოლმა" სამოამ იოლად დაამარცხა "ბორჯღალოსნები" 46:9.

სამოელთა რიგებიდან ლელოებით თავი გამოიჩინეს საილოსი ტაგიკაკიბაუმ, ერლ ვაამ, სემო სიტიტიმ, სტივენ სოიალომ, დომენიკ ფაუნატიმ და ბრაიან ლიმამ. ქართველთა მხრიდან კი მათ პალიკო ჯიმშელაძემ უპასუხა ორი საჯარიმოთი და ერთი არეკნით.

ასე რომ, თუ საქართველო მოახერხებს დღევანდელი პრინციპული მატჩის მოგებას, მაშინ ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიშიც გათანაბრდება და მსოფლიო რეიტინგში "ბორჯღალოსნები" 1,91 ქულას დაიმატებენ, ფრის შემთხვევაში ნამატი 0,90 ქულაა, ხოლო თუ წავაგებთ, დანაკლისი ძალიან მცირე იქნება.

მატჩი უაღრესად დაძაბული და თვალსასეირო უნდა გამოვიდეს, ვინაიდან სამოა ყოველთვის გაშლილ, ლაღ რაგბის თამაშობს და თავის სტილს არასდროს ღალატობს.

თავის მხრივ საქართველოს ეროვნული ნაკრები განთქმულია ძლიერი შერკინებით, ასე რომ ამ ორი სხვადასხვა ტიპის ნაკრების დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოდგეს. მატჩის ფავორიტად სტუმრები ითვლებიან, თუმცა პირთამდე გავსებულმა სტადიონმა და მხურვალე გულშემატკივრობამ სტუმართა ეს უპირატესობა, შესაძლოა, იოლად გაანეიტრალოს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - მილტონ ჰეიგმა ამერიკასთან ნაწვნევი დასანანი მარცხის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 4 ცვლილება განახორციელა: ბურჯების პოზიციაზე მიხეილ ნარიაშვილმა და ლევან ჩილაჩავამ შესაბამისად დავით ქუბრიაშვილი და დავით ხინჩაგიშვილი ჩაანაცვლეს, მეტოქეს პირველივე წუთებიდანვე შეუტევს მარბიელი გიორგი თხილაიშვილი, დიდხნიანი შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსანთა" რიგებში ბრუნდება გარემარბი გიორგი შკინინი, რომელმაც გამოცდილი თედო ზიბზიბაძე შეცვალა სასტარტო თხუთმეტეულში.

სამოას ნაკრებმა შემოდგომის ტესტების წინ ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარა თავი. მიუხედავად ამისა, ჯერ ირლანდიასთან წააგო სოლიდური სხვაობით 9:40, ხოლო შემდეგ "ფრანგ ბარბაროსებთან" დამარცხდა მინიმალური ანგარიშით 19:20. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა თბილისური მატჩის წინ სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე გადაადგილება განახორციელა. ირლანდიასთან მიღებული ტრავმის მოშუშების შემდეგ, მგეზავის პოზიციაზე ბრუნდება ტუსიატა პისი, შესაბამისად ცხრა ნომრის პოზიციაზე ითამაშებს გუნდის კაპიტანი კაენ ფოტუალიჰი, ბურჯის პოზიციაზე ფრანგული "აჟენის" მოთამაშე ვილიამ აფატიას ნაცვლად საკარია ტაულაფო იასპარეზებს, ხოლო შერკინების მეორე ხაზში გუნდის ლიდერ ჯო ტეკორის ფრანგული "კასტრის" მორკინალი პიულა ფაასალალე შეცვლის.

სტივენ ბეთჰემი, სამოას ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"სხვადასხვა სახის ტრავმების გამო შვიდი მორაგბე მოვისაკლისეთ, თუმცა ეს ფაქტი უკანასკნელი ორი მარცხის გასამართლებლად არ გამოდგება.

სამწვრთნელო შტაბმა დავგეგმეთ ორწლიანი მოსამზადებელი ციკლი, რომლის განმავლობაშიც გვაქვს საშუალება ჩვენთვის ყველა საინტერესო მორაგბეს მივცეთ თავის გამოჩენის შანსი, რათა მსოფლიოს თასზე ოპტიმალური შემადგენლობა შევკრიბოთ და ღირსეულად ვიასპარეზოთ.

საქართველოს ძლიერ ნაკრებთან დაპირისპირება მშვენიერი გამოცდა იქნება ჩვენი მომზადების დონისა და სიძლიერის საზომად".


კაენ ფოტუალიჰი, სამოას ნაკრების კაპიტანი:
"მეტოქე გუნდის რიგებში ძალიან ბევრი ფიზიკურად ძლიერი მორაგბეა, როგორც შერკინებაში, ასევე უკანა ხაზში. შესაბამისად, გადამეტებულად მეჩვენება ის მოსაზრება, რომ სამოა ამ შეხვედრის უდავო ფავორიტია.

ველოდებით უმძიმეს ბრძოლას და სრული კონცენტრაციით ვითამაშებთ."


მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ბოლო ორ მატჩში უდიდესი გამოცდილება მივიღეთ და მშვენივრად გამოჩნდა ის ნიუანსები, რაზეც კიდევ გვაქვს სამუშაო.

ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს რომ ჰკითხოთ უშუალოდ მატჩის წინ, ისიც ისურვებს, რომ მისმა გუნდმა რომელიმე სარაგბო კომპონენტი გამოასწოროს უშუალოდ თამაშის დროს.

მიმაჩნია, რომ თუ ჩემი მორაგბეები ბოლომდე შეასრულებენ მათზე მიცემულ დავალებებს, მაშინ მშვენიერი შანსი გვექნება მოვიპოვოთ ისტორიული გამარჯვება, რომელიც სავარაუდოდ მოგვცემს საშუალებას მომავალ წელს ასეთი დონის მეტოქეებთან ერთი შეხვედრის ნაცვლად ორი ან სამი ტესტი გავმართოთ.

ეს უბრალო ტესტ მატჩი არაა საქართველოსთვის. ამ მატჩის ანგარიშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული".


საქართველო VS სამოა
საქართველო
15. მერაბ კვირიკაშილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი შკინინი, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8, გიორგი ჩხაიძე.
16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. გიორგი ნემსაძე, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. თედო ზიბზიბაძე, 23. ბექა წიკლაური.

სამოა
15. ფაჰატოინა აუტანგავა, 14. ალაპაატი ლეიუა, 13. ისაია ტუიფუა, 12. ჯონი ლეოტა, 11. ბრანდო ვაჰაულუ, 10. ტუსიატა პისი, 9. კაენ ფოტუალიჰი. 1. საკარია ტაულაფო, 2. ტიჰი პაულო, 3. ჯეიმზ ჯონსთონი, 4. პიულა ფაასალელე, 5. ტეოფილო პაულო, 6. ოფისა ტრევირანუსი, 7. ჯეკ ლემი, 8. ფაიფილი ლევავე.
16. უეინ ოლე ავეი, 17. ვილიამუ აფატია, 18. ენტონი პერენისე, 19. ჯო ტეკორი, 20. ტაიასინა ტუიფუა, 21. ჯერემი სუჰა, 22. სინოტი სინოტი, 22. კენ პისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამოასთან შანსი საერთოდ არა გვაქვს... თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს ძალიან ცუდ თამაშს ვაჩვენებთ.
მიხო
12:10 23-11-2013
0
გენაცვალეთ ლომებო!!! -ეხლა ამ კომენტარს როცა ვწერ თამაში უკვე დასრულებულია, ამ გამარჯვებას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ჩვენთ
ვის, ამაზე მეტყველებს ისა ფაქტიც, რომ ტამაშის მთავარი არბიტრი 16-ე მოთამაშე იყო, როგორ არ უნდათ რაგბის საერთაშორისო ოჯახს, ჩვენი წარმატებები (სუფთა მარკეტინგული თვალსაზრისით უნდათ, ოგონდ არ უნდათ ზედმეტი მოვითხოვოთ, ასე ვთქვათ მადა არ გაგვეხსნენს), თამანც ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუმინელებიც ანალოგიურად მოითხოვენ იგივე სტატუსს და ერთი განაცხადით ასე ვთქვათ დიდი პარაოზი კეთდება რაგბის ელიტაში შებიჯებაში(რუმინელებმა ამასწინათ ტონგას ძლიერი ნაკრები დაამარცხეს) ჩვენი და რუმინელების სახით... მაგრამ ამას ვერ გაექცევიან, იტალიელებმა და შოტლანდიელებმა რამდენიც არ უნდა გვემალონ მაინც მოუწევთ ჩვენთან ტესტები (თბილისში, ეს დრო ძალიან ახლოსაა) და მერე იპოზიორონ 6 ერის მაგ ორმა მაჩანჩალამ! forza georgiana
torino
20:00 23-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული