ქართული ლეგიონი: ფრანგებმა ზურაბ ჟვანია ზიდანს შეადარეს

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში პირველი წრე დასრულდა.

ცამეტი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" მოექცა.

ამასთან ერთად, ქართველ მორაგბეთა გუნდებს მომდევნო ხუთი საფეხური უჭირავთ.

"ვულკანებმა" მეცამეტე ტურში სტუმრად ითამაშეს გიორგი ჟღენტის "პერპინიანთან" და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს - 23:30. "კლერმონმა", მიუხედავად იმისა, რომ ექვსი წამყვანი მოთამაშე აკლდა, მეტოქეს გამარჯვება ხელიდან მატჩის დასკვნით ათ წუთში გამოგლიჯა.

ზირაქაშვილი დაშავებულია და არ უთამაშია, ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე შეცვალეს.

"კლერმონს" ოთხი ქულით ერთბაშად სამი გუნდი ჩამორჩება. ესენია: "ტულონი",
"კასტრი" და "ტულუზი".

ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" სტუმრად ითამაშა დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსესთან" და მშრალი ანგარიშით, 0:23 დამარცხდა.

ქუბრიაშვილი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო, ჩილაჩავა და მიქაუტაძე განაცხადში არ იყვნენ.

ჟვანიამ პარიზელთა სათადარიგო გუნდში ითამაშა. კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა წერილი სათაურით: "ზუზუ თუ ზიზუ", რომელიც ზურაბ ჟვანიას შესახებ მოგვითხრობს.

სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდა ქართველ მორაგბეს ფრანგული ფეხბურთის ლეგენდას, ზინედინ ზიდანს ადარებენ. "სტად ფრანსე" 35 ქულით მეხუთე ადგილზეა.

საფრანგეთის ჩემპიონმა, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" შინ დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი, ბასკური "ბაიონი" - 46:16.

ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს.

ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" სტუმრად წააგო "გრენობლთან" - 18:25.

ტულუზელებმა პირველი ტაიმი მოიგეს - 10:6, თუმცა შესვენების შემდეგ "ალპელებმა" სტუმრებს შანსი არ დაუტოვეს.

ბრეგვაძე და კაკოვინი ტრავმირებულნი არიან და არ უთამაშიათ.

მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ", რომელიც 34 ქულით მეექვსე ადგილზეა, სტუმრად წააგო დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგთან" - 12:17. გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხინჩაგიშვილი 64-ე წუთზე შეცვალეს, ნარიაშვილმა 14 წუთით მეტი დაჰყო მოედანზე.

გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივმა" სტუმრად წააგო დივიზიონის დებიუტანტ "ოიონაქსთან" - 9:28. შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მატჩის მე-8 წუთზე დაშავდა და ის ასეიშვილმა შეცვალა.

"ბრივი" ახლა 28 ქულით მე-11 ადგილზეა და ისევ სახიფათო ზონაშია.

I დივიზიონი
XIII ტური
პერპინიანი-კლერმონი 23:30, სტად ფრანსე-ტულონი 23:0, ბიარიცი-ბორდო 15:22, კასტრი-ბაიონი 46:16, ოიონაქსი-ბრივი 28:9, მეტრო რასინგი-მონპელიე 17:12, გრენობლი-ტულუზი 25:18.

სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 40 ქულა, 2. ტულონი - 36, 3. კასტრი - 36, 4. ტულუზი - 36, 5. სტად ფრანსე - 35, 6. მონპელიე - 34, 7. გრენობლი - 33, 8. მეტრო რასინგი - 31, 9. ბორდო - 30, 10. პერპინიანი - 30, 11. ბრივი - 28, 12. ოიონაქსი - 25, 13. ბაიონი - 25, 14. ბიარიცი - 17.

XIV ტური
ოიონაქსი-ბაიონი, კლერმონი-ბიარიცი, ტულუზი-ბორდო, სტად ფრანსე-გრენობლი, ტულონი-მონპელიე, კასტრი-პერპინიანი, ბრივი-მეტრო რასინგი.

მეორე დივიზიონში მე-12 ტურის შემდეგ დამაჯერებლად ლიდერობს გურამ კავთიძისა და ვიქტორ კოლელიშვილის "ლიონი", რომელმაც შინ დაამარცხა "დაქსი" - 31:8. ლიონელები ახლა 11 ქულით უსწრებენ მეორეადგილოსან ტარიელ რატიანიძის "აჟენს". კავთიძე თადარიგში იყო, თუმცა არ უთამაშია, კოლელიშვილი დისკვალიფიცირებულია.

"აჟენმა" უმძიმეს ბრძოლაში სტუმრად დაამარცხა ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი" - 25:17 და მეტოქე მესამე საფეხურამდე დააქვეითა. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

საპლეიოფო ხუთეულს მიღმა აღმოჩნდა ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი", რომელმაც სტუმრად წააგო მეოთხეადგილოსან "პოსთან" - 9:20. ორივე ქართველმა მორაგბემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ორიაკელები ახლა 32 ქულით მე-6 ადგილზე არიან და პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

ამავე მიზნის მიღწევის შანსი ჯერ არ დაუკარგავს გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბს", რომელმაც სტუმრად წააგო "მონ დე მარსანთან" - 15:21. ნემსაძემ სრულად ითამაშა, მირცხულავა 49-ე წუთზე შეცვალეს, ჩხაიძე განაცხადში არ იყო.

კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბიმ" სტუმრად ფრედ ითამაშა თორნიკე ლომიძის "ოშთან" - 29:29.

თოდუამ სრულად ითამაშა, თეთრაშვილი 39-ე წუთზე შეცვალეს, სხვა ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

ბექა შეყლაშვილის "ბეზიემ" შინ დაამარცხა მერაბ შარიქაძის, თამაზ მჭედლიძისა და გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესი" - 25:18. შეყლაშვილმა სრულად ითამაშა, შარიქაძე, მჭედლიძე და სულუაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

II დივიზიონი
XII ტური
ლა როშელი-აჟენი 17:25, ოში-ალბი 29:29, ბეზიე-ბურგ ან ბრესი 25:18, კარკასონი-ბურგუენი 16:18, კოლომიე-ნარბონი 32:16, ლიონი-დაქსი 31:8, მონ დე მარსანი-ტარბი 21:15, პო-ორიაკი 20:9.

სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 51 ქულა, 2. აჟენი - 40, 3. ლა როშელი - 38, 4. პო - 38, 5. ბურგუენი - 33, 6. ორიაკი - 32, 7. კოლომიე - 28, 8. ნარბონი - 28, 9. ტარბი - 24, 10. მონ დე მარსანი - 24, 11. ბეზიე - 23, 12. დაქსი - 21, 13. კარკასონი - 20, 14. ალბი - 20, 15. ბურგ ან ბრესი - 16, 16. ოში - 16.

XIII ტური
ალბი-მონ დე მარსანი, ორიაკი-ლა როშელი, ბურგ ან ბრესი-კოლომიე, ბურგუენი-ბეზიე, დაქსი-აჟენი, ნარბონი-ოში, ტარბი-ლიონი, პო-კარკასონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჟვანია ზიზუს რითი გავს? რა პონტში შეადარეს? : ))
zangura77@mail.ru
13:13 03-12-2013
0
პირველ ხაზელია და ძალიან მაგრად ურტყამს ფეხს და ამიტომ :D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული