გიორგი ჩხაიძე: მსოფლიოს თასზე აუცილებლად გავალთ

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში მონაწილეობა უდიდესი გამოცდილებაა. ცხადია, ამის მიღწევას, ნიჭთან ერთად, დიდი შრომაც სჭირდება, თუმცა ამ უკანასკნელის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია, ადამიანმა რამეს მიაღწიოს.

ეს კარგად ესმის "ბორჯღალოსნების" მესამეხაზელს და მთავარ მხტომელს, გიორგი ჩხაიძეს.

გამორიცხული არ არის, მოვლენათა სასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში, მან მსოფლიოს თასის მეოთხე გათამაშებაშიც იასპარეზოს, რაც, ცხადია, უდიდესი მიღწევა იქნება.

ყველაფრის გათვალისწინებით, ჩხაიძე ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მასთან საუბარი "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" შედგა:

- ბავშვობაში ცურვაზე დავდიოდი. მერე ქვეყანაში მდგომარეობა აირია, წყალი აღარ გვქონდა. "ლაგუნა ვერეზე"
გადავედი. ცოტა ხანში იქაც შეუძლებელი გახდა ვარჯიში. საშინელი დრო იყო. ერთხელ ტრანსპორტი არ იყო და ვერადან დიდ დიღომში ფეხით მომიწია წასვლა.

მერე, როგორც ყველა ბიჭი იმ დროს, ქუჩაში ვიდექი. ერთხელ ვიღაც ცხვირგატეხილი, შავგვრემანი კაცი მომიახლოვდა. ხელში ოვალური ბურთი ეჭირა, შემომთავაზა, მოდი, რაგბიში ივარჯიშეო. 14-15 წლის ვიყავი. რაგბიზე არაფერი მსმენოდა. ვუთხარი, სახლში ვიკითხავ-მეთქი. ცხადია, ჩემები დამთანხმდნენ, ნახე, რა იცი, რა ხდებაო.

ასე დავიწყე გიზო ურუშაძესთან ვარჯიში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან მოლიპულ გზაზე სიარულს გადამარჩინა. არა მარტო მე, ბევრს უშველა. მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე სკოლაში დადიოდა და ჩვენს ამბავს კითხულობდა, როგორ ვსწავლობდით, ხომ არ ვცელქობდით; არადა, ძალიან ცელქი ვიყავი. მწვრთნელმა გუნდიდან რამდენჯერმე გამაგდო და ისევ მიმიღო.

გარდამტეხი ერთი შემთხვევა აღმოჩნდა. მორიგი გაგდება სენაკში გასამართ ტურნირს დაემთხვა.

ჩვენი გუნდი წასასვლელად ემზადებოდა. მეც ძალიან მინდოდა შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ გუნდში არ დამაბრუნა.

ამის მერე ვარჯიშს უფრო სერიოზულად მივუდექი. ცოტა მოგვიანებით, 1980-81 წლებში დაბადებულთა შორის საქართველოს ნაკრებში მოხვედრის შანსი მქონდა. მანამდე ძალოსნობაში არ ვვარჯიშობდი, შტანგა ხელში არ მჭერია.

ამიტომ ტესტირება ვერ გავიარე და გუნდის მწვრთნელმა ლევან მგელაძემ ნაკრების მიღმა დამტოვა.
ამან ძალიან იმოქმედა. თავს მოვუარე, მეტი ვივარჯიშე და მომდევნო წელიწადს 1981-82 წლებში დაბადებულთა ნაკრებში მაინც მოვხვდი...

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "ლელოს" შემადგენლობაში თამაში არ მომიწია.

საფრანგეთში, შეიძლება ითქვას, რომ ცოტა ნაადრევად წავედი. 19 წლის ვიყავი, როცა მე და სანდრო მჭედლიშვილი "სენ ნაზერში" მოვეწყვეთ. მოგვიანებით დავით ხინჩაგიშვილიც შემოგვიერთდა.

ძალიან გაგვიჭირდა, ენა არ ვიცოდით. საქართველოში მშობლები გივლიან, საჭმელს გიმზადებენ, ტანსაცმელს გირეცხავენ, ყველაფერი მზა გაქვს. იქ ეგ ყველაფერი მორჩა. ყოველივეს კეთება ჩვენ გვიწევდა.

კერძების მომზადება ჩვენ არ ვიცოდით, არადა, სპორტისთვის აუცილებელია კვების სათანადო რაციონი. თან, კლუბის პრეზიდენტი ხელფასზე სულ გვაწუწუნებდა. გვეუბნებოდა, იცით, 150 ევრო რა დიდი ფულია საქართველოშიო?

ერთი წლის მერე ჟან პიერ ელისალდმა "ლა როშელში" მიმიწვია. იქ კარგად ვიყავი, ხშირად ვთამაშობდი, მაგრამ ნაკრებშიც ხშირად მეძახდნენ, ავსტრალიაში გასამართი მსოფლიოს თასიც ახლოვდებოდა. ამიტომ გუნდში ბევრი დრო გამიცდა. ეს კი კლუბის ხელმძღვანელობას არ აწყობდა...

ელისალდი "ბეზიეში" გადავიდა და მითხრა, თუ მსოფლიოს თასზე არ წახვალ, თან წაგიყვანო.

ცხადია, უარი ვუთხარი. მერე "ბორდოში" გადავედი. იქ სერიოზულად დავშავდი და მერე "მასიში" აღმოვჩნდი. იქ ძალიან კარგად მომექცნენ, ოპერაცია გამიკეთეს, ფეხზე დამაყენეს და ამ პატარა პარიზულ გუნდში სამ წელიწადზე მეტი დავყავი...

მერე ვიქტორ დიდებულიძემ ერიკ ბლანს ჩემი გუნდში აყვანა ურჩია და "მეტრო რასინგში" გადავედი. აქ ერთი წელი ვითამაშე. რადგან ნაკრებში მიწევდა ჩამოსვლა, ეს კლუბში პრობლემას მიქმნიდა. ეს თემა ახლაც აქტუალურია. კლუბებს არ სიამოვნებთ, როცა მათი მოთამაშეები ნაკრებში სათამაშოდ მიდიან...

მოგვიანებით პარიზიდან მონპელიეში გადავბარგდი მამუკა გორგოძის დახმარებით. მშვენივრად ვთამაშობდი, მაგრამ ერთ დღეს ხელი მოვიტეხე. მერე გუნდის მწვრთნელთა შტაბი შეიცვალა.

თამაშებს აღარ მაძლევდნენ და გუნდის დატოვება მომიწია. ამ დროს მერაბ კვირიკაშვილი დამიკავშირდა და ფედერალ 1-ის "სენ ჟუნიენში" მირჩია გადასვლა - ითამაშებ მაინცო. სენ ჟუნიენი პატარა, წყნარი ქალაქია.

მე და "მეკო" ერთად ვიყავით. მალე ჟან-პიერ ბრონკანი დამიკავშირდა და "ტარბში" მიმიწვია. აქამდე იქ ვთამაშობ.

მსოფლიოს თასის სამი გათამაშებიდან ყველაზე უკეთესი შთაბეჭდილება 2003 წელს ავსტრალიაში გამართულმა შეჯიბრებამ დატოვა, არადა, იქ ყველა თამაში წავაგეთ. მომდევნო მსოფლიოს თასზე, 2007 წელს უკვე ერთი თამაშის მოგება შევძელით და ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ.

ახალ ზელანდიაში კი ცოტა უფრო სხვა რამეს ველოდი. ეს დიდი სარაგბო ქვეყანაა და რატომღაც მეგონა, რომ იქ მეტი აჟიოტაჟი იქნებოდა.

2015 წლის მსოფლიოს თასზე აუცილებად წავალთ. გუნდი გაიზარდა, მეტი გამოცდილება შევიძინეთ. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს საიმისოდ, რომ თუნდაც იმის 80 პროცენტის შესრულება შევძლოთ, რასაც ჩვენგან მილტონ ჰეიგი ითხოვს.

ამისთვის ძალიან მაღალი ფიზიკური კონდიციები და დახვეწილი ტექნიკაა საჭირო. ვშრომობთ, რომ ამას მივაღწიოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როგორც ყოველთვის, მოვიგებთ! - რუსები თბილისში წასაგებად ჩამოვიდნენ

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩხაო მაგარი კაცია!
წარმატებები
GiorgiG83
14:34 21-02-2014
0
ისე რა მაგარია არა, გასვლაზე კი არ ვჯავრობთ. არემედ რომელი ადგილით გავალთ და ამაზეც არ ვნერვიულობთ დიდად იმიტომ რომ გვჯერა პირველ ადგილზე გავალთ.
გიორგი
16:48 21-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული