IRB.com-მა საქართველოსა და ირლანდიის რაგბის კავშირების თანამშრომლობას სტატია მიუძღვნა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირსა და ირლანდიის რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობა შარშან დაიწყო.

ჩვენი რაგბის მესვეურებმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიმართეს, რათა მსაჯების ახალი თაობის აღზრდაში დახმარება გაეწია. IRB-მა ეს მისია ირლანდიელებს დაავალა და საქმეც დაიძრა.

კვირას, დუბლინში საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, IRB-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა ამ ორი ქვეყნის რაგბის კავშირების თანამშრომლობას სტატია მიუძღვნა.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

"კვირას ირლანდიის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს მასპინძლობს. მოედანზე მწვავე ბრძოლაა მოსალოდნელი. კულისებს მიღმა კი ამ ორი ქვეყნის რაგბის კავშირები შესანიშნავად თანამშრომლობენ.

შარშან საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტებზე კანადისა და სამოას ნაკრებები დაამარცხა, ისევ იოლად მოიგო ერთა თასი და მოიპოვა 2015 წლის მსოფლიოს თასის საგზური.

დაუმატეთ ამას ვებ ელისის თასის სტუმრობა თბილისში, ქომაგებით გადაჭედილი სტადიონი რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებებთან მატჩებზე, ოვალური ბურთით თამაშის სიყვარული და შესაშური ენთუზიაზმი. ერთი სიტყვით, საქართველოში რაგბის ბუმია.

2013 წლის იანვარში ქართული რაგბის მსაჯების კორპუსში მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებული იყო რაგბის განვითარების ამ ტემპთან.

ჯერ კიდევ შარშან ჩვენ მსაჯობის სერიოზული პრობლემები გვქონდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, თხოვნით მიგვემართა რაგბის საერთაშორისო საბჭოსთვის, დაგვხმარებოდა. ასე შედგა კონტაქტი ჩვენსა და ირლანდიის რაგბის კავშირებს შორის. - თქვა სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლუკა კილასონიამ.

ქართველი მსაჯების დახმარება ირლანდიის რაგბის კავშირის სამსაჯო განყოფილების ოფიცერს, დევიდ ობრაიანს დაევალა.

მათი პრობლემა კვალიფიციური მსაჯების უკმარისობა იყო. მხოლოდ ხუთი მსაჯი ჰყავდათ, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ და საპენსიო ასაკს უახლოვდებოდნენ. არავინ იყო ახალგაზრდა, რომელიც მათი წასვლით შექმნილ სიცარიელეს შეავსებდა. ზოგიერთ მათგანს ტურში ორი მატჩის მსაჯობა უწევდა, რაც, ცხადია, ნორმალური არ იყო და დიდ პრობლემებს ქმნიდა.

ამიტომ გადაწყვიტეს, ამ ხარვეზის აღმოფხვრაზე ეზრუნათ - დასძინა ობრაიანმა.

ობრაიანი პირველად საქართველოში ფაქტების დასაზუსტებლად ჩავიდა. მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში ის თბილისს ოთხჯერ სტუმრობდა. ამასთან ერთად, ქართველი მსაჯები ირლანდიას ეწვივნენ და იქ პრაქტიკა გაიარეს. ყოველივე ამას ირლანდიის რაგბის კავშირი საქართველოს რაგბის კავშირს უანგაროდ უკეთებდა.

მალე დადებითი ეფექტებიც გამოჩნდა. ობრაიანი ამბობს, რომ ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ახალგაზრდა მსაჯის მომზადება მოხერხდა, რომლებიც უმაღლესი ლიგის თამაშებს სჯიან. თუმცა თანამშრომლობა, პროექტის მიხედვით, კიდევ ორ წელიწადს უნდა გაგრძელდეს. ირლანდიელს უნდა ხაზგასმით თქვას, რომ მსაჯების პრობლემის მოგვარება საქართველოში ხანგრძლივ დროზე გათვლილი სტრატეგიაა.

ჩვენი მისიის ხედვა ასეთია: კვალიფიციური მსაჯები კარგი თამაშების გარანტიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტ მორაგბეს ექნება გაზრდის, ოსტატობის დახვეწის შანსი. ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვმუშაობთ ირლანდიაში, - თქვა მან.

ამ საერთაშორისო თანამშრომლობას მომავალი არ ექნებოდა, რომ არა ერთი დეტალი. ობრაიანი მიხვდა, რატომ ერგება კარგად რაგბის ქართველების ფსიქიკა.

"რაგბი ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებული მოვლენაა. აქ მორაგბეების ძალა და მებრძოლი სული გადაჯაჭვულია მეგობრობის წმინდა გრძნობასთან. მოედანზე მათთან თამაში ძალიან ძნელია, მაგრამ მოედნის მიღმა ისინი რაგბის ფასეულობების მიმდევრები არიან." - მიაჩნია ირლანდიელ სპეციალისტს.

მისი ქართველი კოლეგა ლუკა კილასონია რაგბის გამაერთიანებელ ძალად მიიჩნევს, სადაც კონკურენცია მოედანზე უშეღავათოა, თუმცა ძმობის, მეგობრობის გრძნობა მატჩის დამთავრებისთანავე იღვიძებს.

"რაგბი ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა ერთმანეთს მხარში უდგას" - ამბობს ის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პეტიცია - დაეთმოს ტელეეთერი ქართულ რაგბის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული