ირლანდია-საქართველო 49:7 - შოუ შედგა, შოუ უნდა გაგრძელდეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტოზე: გიორგი ნემსაძის ლელო "ავივა სთედიუმზე"
"ირლანდიამ შოკი აირიდა" - ასეთი სათაური დაარქვეს საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მატჩის რეპორტაჟს ერთ-ერთ ირლანდიურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას.

ცხადია, ირლანდიელები ჯერ ისევ 2007 წლის მატჩის შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ და ჩვენი გუნდისგან მეტს ელოდნენ, ვიდრე ნახეს.

"ჩხუბის შემდეგ მუშტებს არ იქნევენო", - ქართული გამოთქმაა. რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ჩვენ ირლანდიის თუნდაც ამ ფორმაციის ნაკრებს "ავივა სთედიუმზე" დავამარცხებდით (წინა უქმეებზე სამხრეთ აფრიკის ნაკრების მძლეველი შემადგენლობიდან "სამყურების" ძირითადში მხოლოდ ორი იყო), მაგრამ ინგლისელი
მსაჯის, ჯეი პი დოილის გარჯას დადებითად ვერაფრით შევაფასებთ.

ისე, ინგლისელ მსაჯებში ნამდვილად არ გვიმართლებს. ჯერ იყო და ოუენ ბარნსი გადაგვეკიდა, სად და რატომ, აღარ გავიხსენებთ. ახლა ეს დოილი. ცხადია, ჩვენი მორაგბეები ხშირად უშვებდნენ შეცდომებს. გასაგებიცაა, ირლანდიის ნაკრებთან დუბლინში თამაში უდიდესი პასუხისმგებლობაა, რასაც არანაკლები ფსიქოლოგიური წნეხი ახლავს. ყოველივე ამაზე მსაჯის მიკერძოების დამატება მეტისმეტია.

პირველ ტაიმში ბრძოლა გამოვიდა. დაცვაში გუნდს ცუდად არ უთამაშია და მეტოქეს მხოლოდ ცხრა ქულის მოპოვება დაანება. არადა, შეხვედრა ჩვენი გუნდის აქტიურობით დაიწყო და მე-6 წუთზე "ბორჯღალოსნების" ფულბეკ მერაბ კვირიკაშვილს ანგარიშის გახსნაც შეეძლო. მან საჯარიმოდან არაზუსტად დაარტყა.

ირლანდიელები მოედნის ჩვენს ნახევარზე მე-10 წუთზე გადმოვიდნენ. მათი მრავალფაზიანი შეტევა რაკში თამაშისას კონსტანტინე მიქაუტაძემ წესის დარღვევით შეაჩერა. "სამყურების" მგეზავმა იან მადიგანმა საჯარიმოდან ზუსტად დაარტყა - 3:0.

მასპინძლები ზეწოლას აძლიერებდნენ. მათი იერიშები სულ უფრო სახიფათო ხდებოდა. ლელოს გატანის რეალური შანსი ერთხელ მიეცათ, როცა მარჯვენა ფრთაზე უმეთვალყურეოდ მიტოვებულმა ქრეიგ გილორიმ შემოგვიტია, თუმცა გარემარბმა ალექსანდრე თოდუამ დროულად შეძლო მისი შებოჭვა და ხიფათი ავირიდეთ.

მორიგი სამი ქულა მადიგანმა გუნდს მე-17 წუთზე მოუტანა. საჯარიმო მან ისევ ზუსტად დაარტყა, ოთხ წუთში კი საკმაოდ შორი მანძილიდან ააცილა კარს. ამ დროისთვის ირლანდიის ნაკრები უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა.

"ბორჯღალოსნებმა" რამდენჯერმე სცადეს მარცხენა ფრთიდან უკანა ხაზით შეტევა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. ბურთი ან წინ უვარდებოდათ, ან რაკში თამაშისას ჯარიმდებოდნენ.

ერთ-ერთ ეპიზოდში ვიდეორეფერიმ ვიქტორ კოლელიშვილის მიერ განზრახ უხეში თამაში დააფიქსირა. მან წაქცეულ ცხრა ნომერ ევან რედანს ფეხი სახეში ჩაარტყა. მატჩის არბიტრს ამ ეპიზოდზე რეაქცია არ ჰქონია. თუმცა, ვშიშობთ, ის მაინც გახდება სადისციპლინო კომისიის განსჯის საგანი და, გამორიცხული არ არის, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი დასაჯონ კიდეც.

თუ ასე მოხდა, ცხადია, ჩვენი გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება. იმათ, ვინც ჯერ ტესტებამდე დაშავდა და ნაკრებს ვერ ეხმარება, ტონგასთან მატჩის შემდეგ გუნდის კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი დაემატა. ირლანდიასთან მატჩში კი მგეზავი ლაშა მალაღურაძე საკაცით გაიყვანეს მოედნიდან და უცნობია, შეძლებს თუ არა 23 ნოემბერს იაპონიის ნაკრებთან დაპირისპირებას.

პირველი ტაიმის მიწურულს ირლანდიამ ჩვენი ლელოს მისადგომებთან შტურმი მოგვიწყო. სამჯერ საჯარიმო აუტში გადაიტანეს და დერეფნიდან აგორებული მოლით სცადეს "ბორჯღალოსნების" ჩათვლის მოედანში შეღწევა. ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქის მოგერიება შეძლეს. თუმცა იქამდე არბიტრმა ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე გაასინბინა.

თითქოს ტაიმიც მხოლოდ ექვსი ქულის სხვაობით უნდა წაგვეგო, მაგრამ საკუთარი დერეფანი დავთმეთ. მასპინძლებმა კონტრიერიში წამოიწყეს და კიდევ ერთი საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. მადიგანმა ზუსტად დაარტყა - 9:0. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მატჩის შემდეგ ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯო შმიდტი იტყვის:

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქულის დაგროვება ვერ შევძელით, პირველ ტაიმში ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, შედეგი, რომელსაც მატჩის მეორე ნახევარში მივაღწიეთ, პირველ ტაიმში გაწეულმა უმძიმესმა სამუშაომ მოიტანა".

ძნელია, არ დაეთანხმო. მუდმივად დაცვაში თამაში გაცილებით დამღლელია. შეცდომის დაშვების ალბათობაც საკმარისად დიდია და "სამყურებმა" მეორე ტაიმში 40 ქულის აღება შეძლეს. შესვენების შემდეგ რიცხობრივი უპირატესობა მალევე გამოიყენეს და შერკინების ბურჯმა დეივ ქილქოინმა პირველი ლელო გაიტანა. მადიგანს გარდასახვის გატანა არ გასჭირვებია - 16:0.

მასპინძლებმა რვა წუთში კიდევ ერთი ლელო მიითვალეს. ამჯერად ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქის მოლის შეჩერება ვეღარ მოახერხეს და ლელო შერკინების კვაჭმა რიხარდ სტრაუსმა გაგვიტანა. მადიგანმა ისევ გარდასახა - 23:0.

ჩვენი ნაკრებისთვის დასაკარგი აღარაფერი იყო. მილტონ ჰეიგმა პირველი ხაზი 53-ე წუთზე მთლიანად შეცვალა. შემოსულებმა "ბორჯღალოსნების" თამაში გამოაცოცხლეს, საკმაოდ კარგი შეტევა წამოიწყეს, რომელიც 57-ე წუთზე გიორგი ნემსაძემ ლელოთი დაასრულა.

აღსანიშნავია ამ ეპიზოდში ბეგაძის კარგი თამაში, რომელმაც დროულად შენიშნა დაუცველი სივრცე რაკთან ახლოს, შეუტია და ნემსაძე სალელოვე გარღვევაზე გაიყვანა. კვირიკაშვილმა ახლო მანძილიდან არეკნით გარდასახა - 7:23.

მალე, მე-60 წუთზე, არბიტრმა კიდევ ერთი მორაგბე, დიმიტრი ბასილაია გაგვისინბინა. ორ წუთში კი შეცვლაზე შესული მგეზავი ლაშა მალაღურაძე დაშავდა და მოედანზე 13 კაცის ამარა დავრჩით. როგორი საქმეა, ირლანდიის ნაკრებთან, მისსავე მოედანზე ორი კაცით ნაკლებით თამაში. "სამყურებმა" გაილაღეს. გარემარბ საიმონ ზებოს ლელოს ფულბეკმა ფელიქს ჯოუნზმა კიდევ ორი ლელო მიაყოლა. მადიგანმა სამიდან ორი გარდასახა - 42:7.

საბოლოო წერტილი მატჩში შეცვლაზე შესულმა უკანახაზელმა სტიუარტ ოლდინგმა დასვა. მადიგანმა ისიც გარდასახა - 49:7.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ირლანდიის ნაკრებმა მხოლოდ ერთი ლელო გაგვიტანა, მაშინ, როცა მოედანზე თანაბარი რაოდენობის მოთამაშეებით, 15X15 ვიყავით. რა იქნებოდა, სინბინების გარეშე, იმ შემთხვევაში, თუ ორივე გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებდა, ძნელი სათქმელია. ალბათ, უფრო თვალსასეირო თამაშს ვნახავდით.

ოდნავ გაგვიკვირდა, ირლანდიური რაგბის ფორუმზე იქაური ქომაგების კომენტარებს რომ გადავხედეთ, ჩვენს გუნდს ქებას არ აკლებდნენ. ყველა ნიუანსი დეტალურად აქვთ განხილული. აქვე გვინდა, ქართული ფორუმის "ბორჯღალოსანთა" ერთ-ერთ ქომაგს დავესესხოთ, რადგან სრულიად ვეთანხმებით. York-ი ამბობს:

"ნუ დაგვავიწყდება, რომ პროფესიულ სპორტში მთავარი შოუა.
მოვიდა ხალხი სტადიოზე? - მოვიდა.
მოიწყინა? - არა.
შოუ შედგა? - შედგა.
აი, კიდევ ერთი არგუმენტი ჩვენს ყოფნას ექვსი ერის გათამაშებაში".

ბოლოს, წავაგეთ მსოფლიოს რეიტინგში მე-5 ადგილზე მყოფ გუნდთან, რომელმაც ერთი კვირის წინათ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას მოუგო და დღესდღეობით ევროპის საუკეთესო გუნდია.

ნოემბრის ტესტები
16.11.14. დუბლინი. ავავა სთედიუმი
ირლანდია-საქართველო 49:7
ირლანდია (15-9): ჯოუნზი, გილროი, ქეივი, დარსი (ქეითლი 67), ზებო, მედიგანი. რედანი (მარმიონი 62). (1-8) ქილქოინი, სტრაუსი (კრონინი 62), როსი (აიუ 44), ფოლი (ტონერი 62), მაკქართი, რაიანი, ოდონელი, დიაქი.
6ლ: ჯოუნზი (2), ქილქოინი, ოლდინგი, სტრაუსი, ზებო. 5გ3ს: მადიგანი.
საქართველო (15-9): კვირიკაშვილი, მჭედლიძე (გიორგაძე 54), კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე (მალაღურაძე 54), ბეგაძე (ხუციშვილი 60). (1-8) ნარიაშვილი (ჟვანია 53), მამუკაშვილი (მაისურაძე 53), ქუბრიაშვილი (ჩილაჩავა 53), მიქაუტაძე (დათუნაშვილი 50), ნემსაძე, თხილაიშვილი, კოლელიშვილი (ჩხაიძე 60), ბასილაია.
ლ: ნემსაძე. გ: კვირიკაშვილი
სინბინი: ბეგაძე, ბასილაია.
მსაჯი: ჯეი პი დოილი (ინგლისი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რას ქვია ვინ დარჩა. ყაზბეგის რაიონში შეიძლება 5 ათასი კაცი ცხოვრობს მაგრამ დღეს რო ახვიდეთ და ბავშვთა გუნდი გააკეთოთ, ასწავლოთ და სათანადო ყურადღება მიაქციოთ, სთანადო ბაზა გაკეთდეს უმოკლეს ხანში თბილისის ნებისმიერ გუნდს თუ არა უმეტესობას უშანსოდ მოუგებენ.
0
მყინვარწვერთან და გერგეტის სამებასთან მთაში სუფთა ჰაერზე გაზრდილი და ნავარჯიშები ბავშვი უფრო მეტი შანსია გახდეს კარგი რაგბისტი ვიდრე წერეთელზე და ვაკეში გაზრდილი. რაგბი ვეღარ განვითარდება ასე. რეგიონები უნდა ჩაირთოს. ბაზები უნდა აშენდეს რეგიონებში. მთიან აჭარაში გაზრდილ, გომის მთაზე და ბახმაროში ნავარჯიშებ ბავშვს ნაკლებად რო შეეჯიბროს წერეთელზე ნავარჯიშები. გულშემატკივრობის მექანიზმი უნდა შეიცვალოს. გუნდი რაიონის ღირსება უნდა გახდეს. ამ კუთხით უნდა წავიდეს ხალხში მოტივაციის ამაღლება. უფრო გასაგებად რო ვთქვა მაგალითად თელავი და გურჯაანის დაპირისპირება სპორტზე უნდა გადავიდეს. ვითომ სახუმაროა მაგრამ გურჯაანელ გულშემატკივარს დამატებით ძალიან დიდი მოტივაცია ექნებათ როცა თელავის წინააღმდეგ ითამაშებენ. ასევე ჭიათურა საჩხერეს წინააღმდეგ და სხვა. თბილისშიც აუცილებად ასეთი მიდგომაა საჭირო წარმოიდგინეთ მაგალითად ნახალოვკა ვაკის წინააღმდეგ ან ვარკეთილელები რო საბურთალოს მოუგებენ რამხელა მოტივაციაა საბურთალოელებისათვის სტადიონზე მისასვლელად. ისტორიულად თბილისში ყოველთვის იყო უბნებს შორის სპორტული დაპირისპირების, მით უმეტეს რაგბის მსგავსი. თელავში ზემო უბანი და ქვემოუბანი გაიყოფოდა და კრივობდა. ინგლისში მანჩესტერი რო ლივერპულს ეთამაშება იქ ქალაქის ღირსებას წარმოადგენს ის გუნდი და ქალაქის მოსახლეობა თვლის რო ტეხავს რო მოწინააღმდეგე ქალაქი გიგებს. დინამოს და არარატის დაპირისპირება მარტო ფეხბურთის ყურება არ იყო. სანამ ამ კუთხით არ მივუდგებით გულშემატკივრის მოზიდვას. არაფერი არ გვეშველება. იგივე ყაზბეგში მთელი მოსახლეობა მოვა სტადიონზე და ძალიან უგულშემატკივრებს როცა მოხევეები მთიულების წინააღმდეგ ითამაშებენ. ამ ყოველივეს გარეშე რაგბი გაჩერდება. დღეს ისეთ ფაზაში ვართ ან ასე უნდა მოხდეს ან უკან სვლა იქნება ფეხბურთივით.
0

სიახლეები პოპულარული