მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" "ამომავალი მზის ქვეყნის" ძლიერ გუნდს ანგარიშით 35:24 სძლიეს.
"საქართველოს ნაკრებს შერკინებაში და ზოგადად, თამაშშიც ძალიან მომატებული აქვს. ფაქტობრივად, პირველი ტაიმის შემდეგ უკვე ყველაფერი გარკვეული იყო. საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ მოგვიწია თამაში, რაც შეგვეძლო, ვაკეთებდით", - თქვა ნამატჩევს იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონზმა.
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"პირველ ტაიმში
ხელდახელ თამაში იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაძლევს მაგის საშუალებას მეტოქე. როცა იაპონელების წნეხს თავი დავაღწიეთ, კარგი შეტევები გამოგვივიდა. როცა ვერ ვაღწევდით თავს, ამას ვეღარ ვახერხებდით.
იაპონიის ნაკრები ძლიერი გუნდია, მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-10 ადგილზეა. მას შესანიშნავად გამოსდის ხელდახელ ბურთაობა, ფაზების აკინძვა".
გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი):
"მინდა ყველას მივულოცო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული და ეს გამარჯვება. მატჩის წინა დღეს გუნდი ქაშუეთის ეკლესიაში მივიდა, სადაც პატრიარქმა დალოცა.
ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ. ისევე, როგორც შარშან, ამჯერადაც გუნდი ტესტების ბოლოსკენ უკეთ ათამაშდა. ეს ბუნებრივიცაა. გაზაფხულზე ერთა თასზე ვასპარეზობთ, ივნისში თბილისის ტურნირზე უძლიერეს შემადგენლობას თავს ვერ ვუყრით. ამიტომ ნოემბერში პირდაპირ ძლიერ სარაგბო ქვეყნებთან გვიწევს ბრძოლა. ცხადია, ეს დიდ სირთულეს გვიქმნის.
დღევანდელი კარგი თამაში არის ტონგასთან და ირლანდიის ნაკრებთან გამართული მატჩების შედეგი. ამიტომ ჩვენ ეს მატჩები აუცილებლად გვჭირდება შემდგომი ზრდისა და პროგრესისთვის".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"