შვიდ-აღლუმი: მესი-გოლი და გაქელილი "საკურები"

AutoSharing Option
ჩვენი "შვიდ-აღლუმი" მხოლოდ რიცხვებზე რომ ავაგოთ, მაინც არ იქნება უინტერესო. განვლილ კვირაში ვიხილეთ ბევრი სარეკორდო ციფრი, ბევრიც საიუბილეო და ზოგი სულაც მომგებიანი.

ლიონელ მესიმ ესპანურ რეკორდს საჩემპიონთალიგო რეკორდი მიაყოლა, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და იაპონიის შეხვედრა უხვქულიანი გამოდგა (ამავე დროს ჩვენთვის სასიამოვნო ანგარიშით დასრულდა), ხოლო თბილისის "დინამომ" დაამრგვალა...

რევანში - 35:24
იაპონიის ნაკრები სარაგბო რეიტინგში ჩვენზე წინაა, მსოფლიოში მეათეა. სპორტის ამ სახეობაში, როგორც წესი, იშვიათობაა რეიტინგში ოთხი-ხუთი საფეხურით ქვემოთ მყოფთა გამარჯვება, თუმცა არის შეხვედრები, რეიტინგის შემდგენლებსაც რომ აუბნევს თავგზას.

აგერ, ბატონო,
საქართველო-იაპონიის დაპირისპირებაში ჩვენმა მეათეადგილოსანმა მეტოქემ იმდენი შეცდომა დაუშვა, ზოგჯერ რუსეთის ნაკრებიც რომ არ უშვებს.

დაუშვა, თუ დავაშვებინეთ? - ნიშნის მოგებით იკითხავს საქართველოს ნაკრების თავგადაკლული ქომაგი. მართალიც იქნება: ჩვენმა გუნდმა თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა "საკურებს" და ორიოდე წლის წინათ ტესტებში წაგებისთვის ღირსეული რევანში აიღო - 35:24.

სიტყვა - ხელდახელ
სარაგბო სტრატეგიათაგან ორს გამოვარჩევთ: ხელდახელ თამაშს და შერკინებით ჩასვლას ლელოს ხაზამდე. საქართველოს ნაკრები იაპონელებს რამდენჯერაც შეერკინა, იმდენჯერ უკან დაახევინა, მსაჯს რომ არ შეეჩერებინა, შუა აზიის გავლით იაპონიამდე ჩაიყვანდა...

თუმცა არიან გუნდები, შერკინებით რომ ვერ აჯობებ. ასეთ დროს უნდა მივაშველოთ...

"ხელდახელ თამაში, რაც იმაზეა დამოკიდებული რამდენად გაძლევს საშუალებას მეტოქე. როცა იაპონელების წნეხს თავი დავაღწიეთ, კარგი შეტევებიც გამოგვივიდა.

იაპონიის ნაკრები კარგი გუნდია, მსოფლიოს რეიტინგში მე-10 ადგილზეა და კარგად გამოსდის ხელდახელ ბურთაობა, ფაზების აკინძვა", - განაცხადა ქართველთა ახალზელანდიელმა დამრიგებელმა მილტონ ჰეიგმა.

აკინძვა ჩვენც უნდა ვისწავლოთ, თუნდაც საამისოდ სტამბიდან დაგვჭირდეს სპეციალისტების გამოხმობა.

სამდურავი - გულდაწყვეტილი
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთან გამომშვიდობების შემდეგ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან ინტერვიუ ბერძენმა ჟურნალისტებმა ჩაწერეს. ისინი ძირითადად საბერძნეთის ნაკრებზე ესაუბრებიან, თუმცა საქართველოზეც ეკითხებიან.

თემურ ქეცბაია გულდაწყვეტილია. მისი სიტყვების წაკითხვის შემდეგ რთული მისახვედრი არ იქნება, ვისზეა ნაწყენი.

"გულდაწყვეტილი ვარ. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, ბევრს ვეცადეთ, მაგრამ დავინახე, რომ არავინ არის დაინტერესებული. თავიდან კარგი თანამშრომლობა გვქონდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაფუჭდა. ერთი წელი კიდევ მრჩებოდა, მაგრამ არ მინდა იმ პროექტის ნაწილი ვიყო, რომელსაც მხარს არავინ უჭერს".

ჭორი - მათეუსი
გავიმეორებთ ერთი კვირის წინ დასმულ შეკითხვას: ვინ გაწვრთნის საფეხბურთო ნაკრებს? პასუხი ჯერ არ გვაქვს. აი, რა თქვა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა რევაზ არველაძემ:

"რაც შეეხება უცხოელ მწვრთნელს, ვერ გეტყვით, რომ დიდი არჩევანი გვაქვს. შემოგვთავაზეს ლოთარ მათეუსის კანდიდატურა. ვიცით, რომ მას აქვს სურვილი, იმუშაოს საქართველოს ნაკრებში".

ასეთი ავტორიტეტული კაცი ჩვენს ნაკრებს ძალიან გამოადგება. ფეხბურთელობისას ნიჭიერი იყო და კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობასაც კარგად შეისწავლიდა.

ვინ იმუშავებს მის ასისტენტად? აი, კიდევ ერთი საინტერესო შეკითხვა. ჩვენთვის რომ ვთქვათ: თუ 2006 წელს იოაჰიმ ლიოვი იურგენ კლინსმანს გაჰყვა თანაშემწედ, რით არის კლინსმანზე ნაკლები მათეუსი? არაფრით!

ერთია მხოლოდ - საქართველოს ნაკრებია გერმანიაზე ნაკლები და იოაჰიმ ლიოვს ვინ ჩივის, თვით მათეუსიც უარზე დამდგარა:

"ეს სისულელეა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან არანაირი კონტაქტი არა მაქვს", - უთხრა ლოთარმა "ბილდს".

აქ ყველაფერი ნათელია: როგორც ჩანს, აგენტმა ჩვენს ფედერაციას მათეუსის კანდიდატურა ისე შესთავაზა, რომ თავად გერმანელი სპეციალისტისთვის არაფერი უკითხავს.

დაპირება - საახალწლოდ
ასეა თუ ისე, გვპირდებიან, რომ საქართველოს ნაკრებს მთავარი მწვრთნელი საახალწლოდ ეყოლება. ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა მიხეილ ჟორჟოლიანმა თავის "ფეისბუქზე" გემრიელი იუმორი შემოგვთავაზა:

საფეხბურთო ნაკრებს საახალწლოდ ახალი მწვრთნელი ეყოლება. ნაძვის ხეზე თუ დავკიდებთ, თორემ ევროპა-მსოფლიოზე ჩვენ ვერ გავალთ მაინც...

ბაბუ - ტოტი
მთლად საახალწლო თოვლის ბაბუა არ არის, მაგრამ არც ბევრი უკლია იტალიელ ფეხბურთელ ფრანჩესკო ტოტის, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა: ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია, რომელსაც ლიგაზე გაუტანია. მოსკოვის ცსკა-სთან ანგარიში რომ გახსნა, 38 წლისა და 59 დღისა იყო.

რეკორდი - მესი
რეკორდის შეფასებისას სტატისტიკოსები ტოტის თუ წლებს უთვლიან, ლიონელ მესის - გოლებს. ლეომ სამშაბათს კვიპროსის აპოელს 3 გოლი გაუტანა, სულ 74 მოუგროვდა და ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტურ რეკორდსმენად იქცა. სამშაბათამდე იგი ესპანელ ლეგენდა რაულთან ერთად თანარეკორდსმენი იყო, ორივეს 71-71 გოლი ჰქონდა შეგდებული.

ორიოდე დღის წინ ლიონელ მესიმ არანაკლები ღირებულების რეკორდი გაიფორმა: ესპანეთის ჩემპიონატში 253-ე გაიტანა და გოლების რაოდენობით რეკორდსმენ ტელმო ზარას (251) გაასწრო. სხვათა შორის, ლეომ "სევილიასთანაც" ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ციფრი - 800
ქართულ ფეხბურთში კი რეკორდსმენობას ვერავინ ეცილება თბილისის "დინამოს", რომელმაც ეროვნულ ჩემპიონატში მე-800 მატჩი ჩაატარა.

საიუბილეო ციფრი ჩვენი ფეხბურთის ფლაგმანმა ზუგდიდში 2:1 გამარჯვებით აღნიშნა.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"საქართველოს ნაკრები იაპონელებს რამდენჯერაც შეერკინა, იმდენჯერ უკან დაახევინა, მსაჯს რომ არ შეეჩერებინა, შუა აზიის გავლით იაპონიამდე ჩაიყვანდა..."
საღოლ ავტორ:D:D:D:D
ზ უ რ ა
21:06 29-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული