ვასილ კაკოვინი: მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მატჩის მოგება ძნელი იქნება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი ვასილ კაკოვინი ტრავმებმა დიდხანს აწვალა. მას თითქმის წელიწად-ნახევარი გაუცდა, იქამდე, სანამ საბოლოოდ მომჯობინდებოდა და მწვანე მინდორს დაუბრუნდებოდა.

კაკოვინი თანამედროვე ქართულ რაგბიში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მას თავისი საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე რუმინეთის დამარცხებაში.

გასაკვირი არ არის, რომ ვასოსადმი დიდი ინტერესი ფრანგული რაგბის გრანდმა "ტულუზმა" გამოიჩინა და ტრავმირებულ მოთამაშეს კონტრაქტი ორი წლით გაუხანგრძლივა. ეს ფაქტი თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.

კაკოვინი ახლა ჯანმრთელადაა და "ტულუზის" რიგებში უკვე რამდენიმე შეხვედრა გამართა. საკლუბო და
სანაკრებო კარიერაზე სასაუბროდ ვასოს საფრანგეთში დავუკავშირდით.

- ტრავმების გამო მართლაც ბევრი გამიცდა. ჯერ მუხლის ჯვარედინი მყესები გავიწყვიტე, დაახლოებით რვა თვე ვიმკურნალე. მერე, მოედანს რომ დავუბრუნდი, ძვალი გამებზარა. მუხლზე მენისკი არ მაქვს და თამაშისას ძვალი ძვალს შეეხო. ამის გამო რამდენიმე ხანი კიდევ გამიცდა.

- ამჟამად თავს როგორ გრძნობთ, უკან დარჩა თქვენს კარიერაში დანავსული პერიოდი?
- ახლა ძალიან კარგად ვარ. ნელ-ნელა შევდივარ ფორმაში. ფიზიკურად, ცხადია, ჯერ ძველებურად ვერ ვარ. ცოტა ძნელია, ამდენი უქმობის გამო ფიზიკური კონდიციები შეინარჩუნო, მაგრამ ცდას არ დავაკლებ და მალე აღვიდგენ ძალებს.

- თქვენი კლუბი, "ტულუზი" წლეულს უჩვეულოდ წარუმატებლად ასპარეზობს. ერთი ხანობა სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზეც იყო...
- ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ სეზონის დასაწყისშივე, ჩემი ჩათვლით, ოთხი პირველხაზელი იყო დაშავებული. თამაში, ძირითადად, სათადარიგო გუნდის მორაგბეებს უწევდათ. ისინი ხშირად ჯარიმდებოდნენ, შერკინებაშიც მყარად ვერ იდგნენ. ამიტომ გუნდები, ხედავდნენ რა, რომ შერკინებაში გვიჭირდა, თამაშისას აქცენტს სწორედ ამ კომპონენტზე აკეთებდნენ.

მერე ისე მოხდა, რომ ოთხივე ერთდროულად დავბრუნდით და მდგომარეობაც საგრძნობლად გამოკეთდა. ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატში მე-7 ადგილზე ვართ. სანამ "მონპელიესთან" წავაგებდით, ზედიზედ შვიდი თამაში მოვიგეთ ჩემპიონატსა და ევროპის ჩემპიონთა თასზე. სამწუხაროდ, მონპელიეში ხელი მოგვეცარა.

- მაგ მატჩში შეცვლაზე შეხვედით და არბიტრმა მალევე გაგასინბინათ...
- "მონპელიესთან" სამ ნომერზე მომიწია თამაში. ჩემი ვიზავი შერკინებაში მიხეილ ნარიაშვილი იყო, რომელიც ამ პოზიციაზე საფრანგეთში საუკეთესოა. მან ცოტა არ იყოს, დამჩაგრა. ყვითელი ბარათი კი შერკინებისას განზრახ ჩავარდნაზე მივიღე. იქამდე ასე თამაშის წესი სამჯერ ჰქონდა დარღვეული ჩვენს სამ ნომერს. მეოთხედ მე დავარღვიე და დამსაჯეს.

- "ტულუზში" თქვენთან ერთად ჯაბა ბრეგვაძეც თამაშობდა, რომელსაც ტრავმების გამო ასევე ბევრი გაუცდა...
- მე და ჯაბა ერთსა და იმავე მატჩში დავშავდით. მას აქილევსის მყესი გაუწყდა, რაც ასევე ძალიან მძიმე ტრავმაა და დიდი ხნის მკურნალობას მოითხოვს. ნელ-ნელა ისიც გამოჯანმრთელების გზას ადგას და დაახლოებით მარტიდან უკვე თამაში უნდა შეძლოს. თუმცა, რომელ გუნდში იასპარეზებს, არ ვიცი.

- როგორ ფიქრობთ, დაიბრუნებს "ტულუზი" ძველ დიდებას?
- რატომაც არა? მომდევნო ტურში შინ ვეთამაშებით პარიზულ "მეტრო რასინგს". თუ დავამარცხებთ, მეოთხე ადგილზე გადავბარგდებით. ისე, ცხადია, ახლა ჩემპიონატში გამარჯვება ბევრად უფრო რთულია. გუნდები მოღონიერდნენ, უცხოელი მორაგბეებით გაძლიერდნენ. ფაქტობრივად, ყველა თამაში ფინალის ტოლფასია.

"ტულუზში" მოთამაშეთა უმრავლესობა ფრანგია. ამიტომ ცოტა გაგვიჭირდა, რადგან მხოლოდ ფრანგებით შორს ვერ წახვალ, მაშინ, როცა კონკურენტ გუნდებში უძლიერესი უცხოელი მოთამაშეები მრავლად არიან.

- ზემოთ მიხეილ ნარიაშვილი ახსენეთ. ის თქვენი კონკურენტია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში...
- დიახ, კონკურენტია...

- ?
- სხვა რა უნდა ვთქვა. ამ პოზიციაზე ბევრი კარგი მორაგბე გვყავს. ყველა ვითამაშებთ.

- ნაკრებში თამაში არ მოგენატრათ?
- როგორ არა, ძალიან მომენატრა. ნოემბრის ტესტების ბოლო ორ მატჩზე, ირლანდიისა და იაპონიის ნაკრებებთან სათამაშოდ უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ ბოლომდე მზად არ ვიყავი, არ მინდოდა გამერისკა და ეროვნულ გუნდში თამაში ჩამეგდო.

მომავალი წლის ერთა თასის გათამაშება რომ დაიწყება, თუ გამომიძახებენ, აუცილებლად ჩამოვალ.

- მსოფლიოს თასზე მეტოქეები ცნობილია. რა მიზანი შეიძლება დაისახოს ჩვენმა ნაკრებმა?
- ალბათ, ნებისმიერი მორაგბე და მწვრთნელებიც ფიქრობენ, რომ მსოფლიოს თასზე ორი თამაში უნდა მოვიგოთ.

პირველი მატჩი ტონგასთანაა და ეს შეხვედრა მთავარი იქნება. იმთავითვე ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ორი მატჩის მოგება ძალიან ძნელი იქნება. ტონგელებმა ახლახან გვაჩვენეს, როგორი თამაში შეუძლიათ. მათ თბილისში მოგვიგეს, თუმცა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა, რაც გუნდს ძალიან ეტყობოდა.

ვფიქრობ, მსოფლიოს თასის წინ თუ სათანადოდ მოვემზადებით, ინგლისში სულ სხვა ძალის გუნდი გვეყოლება და ნურაფერს გამორიცხავთ.

ტონგას შემდეგ არგენტინის ნაკრებს დავუპირისპირდებით. ყველამ ნახა, ეს გუნდი რა ფორმაშიცაა. ოთხ ერსა და ნოემბრის ტესტებზე შესანიშნავად ითამაშა. მათთან ჩვეულებისამებრ, ბოლომდე შემართებით უნდა ვიბრძოლოთ.

ახალ ზელანდიაზე აღარაფერს ვიტყვი, ამ გუნდთან თამაში ყველასთვის დიდი პატივია. ნამიბიას კი აუცილებლად უნდა მოვუგოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
jamrteloba da warmatrba mudam zams
maia
09:32 13-01-2015
0
გისურვებ ჯამრტელობას და წინსვლას.გმერტი იკოს სენი მპარველი
maia
18:12 24-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული