გენაცვალეთ ძმებო მორაგბეებო, მოლაშქრეებო!

AutoSharing Option
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი სეზონი ქართული რაგბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული იყო.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მესამედ მოიპოვა მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება, "ბორჯღალოსნებმა'' შესანიშნავი ზეიმი მოაწყვეს ტრაბზონში, რუსეთის ნაკრებთან მატჩში.

წარმატებათა სერია საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა გახსნა. ამ გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე ელიტარულ სარაგბო ქვეყნებთან ჭიდილში მესამე ადგილი დაიკავა. საყოველთაო აღიარებით, საკუთარ ძალებში ცოტა მეტი რწმენა რომ ჰქონოდათ, ნახევარფინალში ირლანდიის დამარცხებასაც შეძლებდნენ. თუმცა ბრინჯაოს მედლების მოპოვებაც დიდი მიღწევაა.

ჩვენმა 15-წლამდელთა ნაკრებმა ჟენევაში, შვიდკაცა რაგბის საერთაშორისო ტურნირში, რომელშიც მსოფლიოს დედაქალაქების გუნდები მონაწილეობდნენ, მეორე ადგილი
დაიკავა -არგენტინის, პარიზის, ბიარიცის და პორტუგალიის საკმაოდ ძლიერ გუნდებს მოუგო და ფინალში, სამხრეთ აფრიკელებთან ერთი ლელოთი წააგო.

საკმაოდ წარმატებული ტურნე ჰქონდა უკრაინასა და მოლდოვაში 17-წლამდელებს. აქ ყველა მეტოქე დიდი ანგარიშით დავამარცხეთ. ახალგაზრდული ნაკრებების წარმატებული ასპარეზობის სერია 19-წლამდელთა ნაკრებმა დაასრულა, რომელმაც ბელგიაში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ამ გამარჯვებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩვენმა ჭაბუკებმა ყველა მეტოქე აშკარად დაჯაბნეს, თითოეულს დიდი სხვაობით მოუგეს და საკმაოდ მაღალი დონის თამაში აჩვენს.

საქართველოს AA ნაკრები სამხრეთ აფრიკაში, სტელენბოშის ცნობილ სარაგბო აკადემიაში იმყოფეობოდა სტაჟირებაზე, სადაც ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. ჯერ ამ აკადემიის კურსდამთავრებულთა ნაკრები დავამარცხეთ, მერე ვესტერნ პროვანსის სტუდენტურ ნაკრებს ვძლიეთ.

განსკუთრებით მნიშვნელოვანი კი წლეულს, პირველი საერთაშორისო საკლუბო ტურნირის თბილისში გამართვა იყო. IRB-სა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით "შავი ზღვის თასის" გათამაშებას ვუმასპინძლეთ, სადაც სპეციალისტების პროგნოზი, რომ ფინალი რუმინული იქნებოდა, არ გამართლდა. ფინალი ქართული გამოვიდა და შესაბამისად შავი ზღვის თასიც საქართველოში დარჩა.

საქართველოში იმატა სარაგბო კლუბების რიცხვმა, სერიოზული წინსვლაა სარაგბო ინფრსტრუქტურის მოწყობის საქმეშიც.

საქართველოს ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშება ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა.

კლუბების სათამაშო დონემ იმატა. ბოლო წამებამდე ვერავინ იტყოდა, ვინ გახდებოდა სქართველოს ჩემპიონი. პირველობის თანაბარი შანსი კი ერთბაშად ოთხ გუნდს ჰქონდა. საკმაოდ დაძაბული, უშეღავათო ბრძოლები მიმდინარეობდა მეორე ოთხეულშიც. ეს გუნდები ლიდერებს ბევრად არ ჩამოუვარდებოდნენ, ხშირად უგებდნენ კიდეც.

წლეულს პირველად შეიქმნა მეორე ლიგა, რომელშიც ხუთმა გუნდმა ისაპარეზა და მომავალ წელს, შესაძლოა, აქ მოთამაშე კლუბების რაოდენობა ცხრამდე გაიზარდოს. აშკარაა რაგბიში მოვარჯიშე ბავშვების რაოდენობის მკვეთრი მატება.

ხელშესახები გახდა სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დახმარების შედეგებიც. უკვე გაიხსნა "შევარდენის სანაკრებო ბაზა", მალე დასრულდება ავჭალის სარაგბო სტადიონის მშენებლობა, მიმდინარეობს სტადიონის მშენებლობა მარტყოფში, დაიწყება ქუთაისში, რუსთავსა და დიდ დიღომში. დაპროექტების პროცესშია ფოთისა და ბათუმის სტადიონები.

თბილისში წლეულს ისტორიული ვიზიტი შედგა. რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე, რაგბის განვითარებისა და სანაკრებო კომიტეტის ხელმძღვანელი მარკ იგანი და FIRA AER-ის პრეზიდენტი ჟან კლოდ ბაკე ერთი დღის განმავლობაში შეხვდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, თბილისის მერს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. გახსნეს "შევარდენის სანაკრებო ბაზა.

საქართველოში ნანახმა სტუმრებზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა, რომ უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ქართული რაგბის მხარდასაჭერად. რაგბის საერთაშორისო საბჭომ ახლახან ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო ტურნირის, 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფას თბილისში ჩატარების თაობაზე.

თავად ის ფაქტი, რომ საკმაოდ ძლიერი სარაგბო ქვეყნების: აშშ-ს, კანადის, ურუგვაის, ზიმბაბვეს, სამოას, იაპონიისა და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრებები გვეწვევიან, ბევრის მეტყველია. ეს გუნდები საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს შეეცილებიან.

ქართული რაგბისთვის მომავალი წელიც განსაკუთრებული იქნება. "ბორჯღალოსნები" ზედიზედ მესამედ იასპარეზებენ მსოფლიოს თასზე. ნაკრებს მწვრთნელთა ახალი შტაბი ჰყავს. მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა ასისტენტებად უმაღლესი დონის სპეციალისტები მოიწვია და გუნდმაც მათთან მუშაობის შემდეგ ირწმუნა, რომ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია.

საქართველოში სარაგბო სეზონი ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩით დასრულდა. IRB-მა საასპარეზოდ ისეთი მაღალი დონის გუნდები გამოგვიგზავნა, კანადისა და აშშ-ს ნაკრებები რომ არიან. ორივე გუნდი რეიტინგში ჩვენზე წინ იყო და, ცხადია, მათთან პაექრობას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს ნაკრებმა ორი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ქომაგი კიდევ ერთხელ გაახარა და რეიტინგშიც ორი საფეხურით დაწინაურდა. ნაკრების მწვრთნელთა ახალი შტაბის პოტენციალი ამ შეხვედრებში კარგად გამოჩნდა, ისინი მაღალი დონის სპეციალისტები არიან.

ყოველივე ამის გვირგივინი კი ქართველი მორაგბის, ფრანგული კლერმონისა და საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯის, დავით ზირაქაშვილის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად დასახელება იყო. "ზირაქა" საქართველოს ნომერ პირველ ათლეტად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ აღიარა. ბუნებრივია, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა საუკეთესო ქართველ მორაგბედ სწორედ ზირაქაშვილი დაასახელა. საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბე კი ქუთაისის "აიას" მოთამაშე მწვრთნელი, ფულბეკი ბესიკ ხამაშურიძე გახდა, რომელიც სამწლიანი შესვენების შემდეგ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა.

ახლახან კი კიდევ ერთ ქართველ მორაგბეს ხვდა აღიარება. საქართველოს ნაკრებისა და "მონპელიეს" მესამეხაზელი მამუკა გორგოძე საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ის პირველი ქართველია, რომელსაც ესოდენ დიდი პატივი ერგო წილად. აი, როგორ აფასებს მის თამაშს ყოველდღიური ფრანგული სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი":

"მამუკა გორგოძე წლევანადელ სეზონში "მონპელიეს" წარმატების სიმბოლოა. ერიკ ბეშუმ და ფაბიენ გალტიემ ის მეორე ხაზიდან მესამეში გადაიყვანეს და არც შემცდარან. ღონიერმა, სწრაფმა და ბრძოლაში შეუპოვარმა ქართველმა შეძლო დისციპლინაში არსებული პრობლემების მოგვარება და საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე გახდა".

მომავალი სეზონი ქართული რაგბისთვის არანაკლებ დატვირთული და საინტერესო იქნება. "ბორჯღალოსნებს" წინ უმძიმესი ბრძოლები ელით. ევროპის ერთა თასის გათამაშება თებერვალში დაიწყება. ამ ტურნირს საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.

უშუალოდ სამსოფლიოთასო სამზადისი კი ივნისის ბოლოს დაიწყება. სექტემბრიდან ჩვენი გუნდი მსოფლიოს თასის ჯგუფურ ეტაპზე შოტლანდიის, ინგლისის, რუმინეთისა და არგენტინის ნაკრებებს დაუპირისპირდება. მანამდე კი, მაისის ბოლოს, თბილისი ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურნირს, 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ალაფას უმასპინძლებს.

რაგბის ქართველი ქომაგები მოუთმენლად ელიან ამ ტურნირებს და დარწმუნებულნი არიან, რომ თავიანთი საყვარელი გუნდები ჩვეულად თავდადებულად, ბოლომდე შეუპოვრად, უკომპრომისოდ იბრძოლებენ.

ქართველ მორაგბეთა წარმატებებით გამოწვეული სიხარული, ემოციები, ვფიქრობთ, ყველაზე კარგად ფორუმელი "იუნკერის" გულიდან ამოსულ სიტყვებში ჩანს, რომელიც თბილისის ფორუმზე ნოემბრის ტესტებისას კანადასთან მოგებული მატჩის შემდეგ დაწერა:

"გამაოგნებელია შეფასება, თითქოს რაგბი ქართული არ იყოს და ქართულ სულს არ ეხმიანებოდეს. ლელობურთისა თუ გსმენიათ რამე? არადა, ჩემი აზრით, არაფერი ისე ქართული არაა, როგორც რაგბი! და არსად, ჭიდაობის გარდა, არ აისახება ქართული სული და შემართება, როგორც რაგბიში.

ვისაც გინდათ დამცინეთ ან გამაქილიკეთ, მაგრამ ჩვენი მორაგეების ნებისმიერი თამაშისას იმ სულს ვგრძნობ, რომლითაც ლუარსაბ პირველი შეტევას იწყებდა. მზად ვარ ზე ქილიკი მივიღო საამისოდ, მაგრამ სულ ამაზე ვფიქრობ ხოლმე.

მორაგბეები ჩემთვის არიან ლუარსაბ მეფის მოლაშქრეები - სრულიად თავზეხელაღებული, უფრო მეტიც, სრულიად შეურაცხადი ტიპები, რომლებიც ტყე-ღრეში ცხოვრობდნენ (ტალახში ვარჯიშობდნენ), მაგრამ სრულიად წარმოუდგენელი იდეის - საქართველოს გამარჯვების სჯეროდათ და არაფერი აბრკოლებდათ და მიდიოდნენ ამ მიზნისკენ! მათმა (ლუარსაბ მეფის მოლაშქრეთა) ძალისხმევამ გადაარჩინა საქართველო.

"ლუარსაბ მეფის ახალ მოლაშქრეთა" - ანუ, სიგიჟემდე თავგანწირულ და თავზეხელაღებულ ქართველთა შეუპოვრობამ მოგვიტანა არნახული გუნდური წარმატება.

აი, ასე ვფირობ მე მათზე - აი, ასე განვიცდი ამ მგლებს მე!

ქართველი მორაგბეები ჩემთვის ქართველი მეომრები არიან - ლუარსაბ მეფის მოლაშქრეები! აბსოლუტური სასოწარკვეთის, უშანსობისა და უიმედობის დროს საქართველოსთვის გამარჯვების გემოს დამბრუნებლები!

ხომ გიოცნებიათ გენახათ, როგორ იომეს გაცილებით მრავალრიცხოვან მტერთან ქართველებმა - აი, იხილეთ - მორაგბეები ყოველ ჯერზე დიდგორობენ და შამქორობენ, ერწუხობენ და ბასიანობენ.

ჰოდა, ვენაცვალე ურჯუკაშვილის დამტვრეულ მხარს, მალაღურაძის ნატკენ ნეკნებს!

ანუ მათ მიერ გამარჯვებისთვის შეწირულ მსხვერპლს!

ნამეტანი პათეტიურია, მაგრამ სულ გულიდან ამოვიდა.

გენაცვალეთ ძმებო მორაგბეებო, მოლაშქრეებო!"



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



.
მკითხველის კომენტარები / 2 /
საღოლ, მაგრები ხართ სუყველა... გიორგი ჩხაიძის თამადობით... მიდი ბინგო ეგრე გააგრძელე...




irakli surguladze
14:52 31-12-2010
0
გენაცვალეთ ჯიგრებო.მრავალ ახალ წელს დაესწარით, თქვენ ქართველობას გაუმარჯოს
geo877
12:08 01-01-2011
0

სიახლეები პოპულარული