"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ერთა თასის პირველი მატჩისთვის ცნობილია

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" წლეულს პირველ ოფიციალურ მატჩს ერთა თასის გათამაშებაში 7 თებერვალს, სტუმრად, ქალაქ ჰოიზენშტამში გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

გერმანიაში ჩასვლამდე ერთი კვირით ადრე ჩვენი გუნდი ტულუზში, "ერნესტ ვალონის" ბაზაზე შეიკრიბება, სადაც მატჩისთვის მოემზადება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ტრავმების გამო გამოძახებულთა შორის არ არიან ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დავით ხინჩაგაშვილი (მეტრო რასინგი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები) და ვაჟა ხუციშვილი (ხარები). გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდა მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაიაც (პერპინიანი).

გუნდში დაბრუნდნენ ვახტანგ მაისურაძე (ალბი) და
ვასილ კაკოვინი
(ტულუზი), რომლებსაც ტრავმების გამო საკმაოდ დიდი ხანი გაუცდათ. ტრავმები მოიშუშეს და ნაკრებში გამოძახებულნი არიან მამუკა გორგოძე (ტულონი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) და შალვა სუთიაშვილი (მასი), რომლებსაც ნოემბრის ტესტებზე არ უთამაშიათ.

"ბორჯღალოსნებს" შორის ორი დებიუტანტია, ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), რომელიც შვიდკაცა რაგბის ნაკრების წევრია და თბილისის "არმაზის" ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე.

სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლა "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა, რომელმაც ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ ერთი თვის წინათ გააკეთა განცხადება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების დაპირისპირება 7 თებერვალს, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები
შერკინება: ვასილ კაკოვინი (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), დავით ქუბრიაშვილი, ზურაბ ჟვანია (ორივე-სტად ფრანსე), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი). გიორგი ნემსაძე (ტარბი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), გიორგი ჩხაიძე (ლილი), კოტე მიქაუტაძე, მამუკა გორგოძე (ორივე-ტულონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი), ლაშა ლომიძე (ბეზიე).
უკანა ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ლაშა ხმალაძე, ალექსანდრე თოდუა (ორივე-ლელო), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები), მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი), გიორგი აფციაური (აია).

7 თებერვალი
გერმანია-საქართველო, პორტუგალია-რუმინეთი, ესპანეთი-რუსეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული