ესპანეთი-საქართველო 13:26 - შერკინება, შერკინება, ისევ შერკინება [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მესამე ტურის მატჩში, მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონზე ესპანეთის ნაკრებს 26:13 მოუგო.

მატჩის წინ ჩვენს ეროვნულ გუნდს ტრავმების გამო საკმაოდ დიდი რაოდენობის მოთამაშე დააკლდა. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებს" ვერ დაეხმარნენ დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი (ორივე - კლერმონი), ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), დავით ხინჩაგიშვილი (მეტრო რასინგი), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი), ჯაბა ბრეგვაძე (უგუნდო) და თედო ზიბზიბაძე (პერიგო).

მიუხედავად ამისა, ესპანელებთან დაპირისპირებაში ჩვენი ნაკრებისგან მაინც მეტს ველოდით. ცხადია, თავს არავინ იტყუებს და
ყველამ კარგად იცის, რომ ესპანეთის ამ ფორმაციის ნაკრები სულაც არ არის ესპანეთის. ამ გუნდის მოთამაშეთა უმრავლესობა საფრანგეთის სხვადასხვა დივიზიონის გუნდებში ასპარეზობს და იმდენი განსწავლულობა მაინც აქვს, რომ ნებისმიერ მეტოქეს რაღაც დონეზე წინააღმდეგობა გაუწიოს.

ჩვენი გუნდის სასაყვედუროდ უნდა ითქვას, რომ თამაში ნაკლებად კონცენტრირებულებმა დაიწყეს. ყოველ შემთხვევაში, ასე გამოჩნდა და ბურთთან პირველი შეხებისთანავე დაჯარიმდნენ. ანგარიში ესპანელთა ახალზელანდიელმა ფულბეკმა ბრედლი ლინქლეითერმა საჯარიმო დარტყმით გახსნა - 3:0.

საწყის ათ წუთში გამოჩნდა ჩვენი გუნდის ყველა ის ნაკლოვანება, რომელიც თამაშს მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ახლდა. "ბორჯღალოსნები" ხშირად სცოდავდნენ დერეფანში თამაშისას, ვერ ხერხდებოდა წარმოქმნილი რაკის სწრაფად გაწმენდა და ბურთის სწრაფი გათამაშება.

მგეზავმა ლაშა ხმალაძემ რამდენჯერმე შეძლო მეტოქის ხაზის გაჭრა, მაგრამ მიმყოლი არსად ჩანდა. შედეგად, იერიში ან ფერხდებოდა, ან სულაც ბურთს ვკარგავდით.

საქართველოს ნაკრებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდა შერკინებაში. ჩვენმა პირველმა ხაზმა ესპანელთა სამეული აშკარად დაჯაბნა. მე-12 წუთზე ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა - 3:3. მასპინძლებმა თამაშის წესი სწორედ შერკინებისას დაარღვიეს.

ათწუთიანი "გაუგებრობის" შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა თითქოს თამაში დაალაგეს, ხელდახელ ბურთაობით, შეტევის მიმართულების ცვლით მეტოქის შევიწროებას ცდილობდნენ. ამით ჩვენ უნდა გვესარგებლა, პირიქით კი გამოვიდა.

26-ე წუთზე, ერთ-ერთი იერიშისას მეტოქის 22-მეტრიან ზონასთან წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ჩვენს მხარეს გამოვარდა, მაგრამ მას ესპანელთა ცხრა ნომერი გიომ რუე დაეუფლა, რომელმაც ჩვენი გუნდის 22-მეტრიან ზონაში შეაღწია და მარჯვნივ მიმყოლ გარემარბ ხულენ გოიას გადააწოდა. მისი შეჩერება ვერავინ შეძლო. გარდასახვა ლინქლეითერმა გაიტანა - 10:3.

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ორწუთნახევარში გაათანაბრა. ზუსტად ამ დროის განმავლობაში გაგრძელდა ჩვენი მორაგბეების იერიში, რომელშიც შეტევის მიმართულება ორჯერ შეიცვალა. ლელო "ბორჯღალოსნებმა" მარცხენა ფრთაზე გაიტანეს. წარმოქმნილი რაკიდან მეტოქისაგან მალულად ბურთი შერკინების კვაჭმა ზურაბ ჟვანიამ აიტაცა და ესპანელთა ჩათვლის მოედანში გადადო. კვირიკაშვილმა გარდასახვიდან ზუსტად დაარტყა - 10:10.

ტაიმის მიწურულამდე გუნდებმა თითო საჯარიმო გაცვალეს - 13:13. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.

ესპანელები, სავარაუდოდ, საყაიმო ანგარიშზე ყაბულს იქნებოდნენ, თუმცა "ბორჯღალოსნები" ამას ვერაფრით შეეგუებოდნენ. შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდი ბევრად უფრო მობილიზებული, აქტიური იყო და სათამაშო უპირატესობას მთლიანად დაეუფლა. მასპინძლებმა მონაგარის გაზრდა ვერაფრით შეძლეს და თითქმის მთელი მეორე ტაიმი ჩვენი მორაგბეების იერიშების მოგერიებაში გაატარეს.

საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმის დაწყებიდან 16 წუთში დაწინაურდა. საჯარიმო ისევ კვირიკაშვილმა გაიტანა - 16:13.

ორ წუთში მოედანზე ჩხუბი ატყდა, რომლის შემდეგაც მატჩის ფრანგმა არბიტრმა სრულიად გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო. წესით, მას თითო ქართველი და ესპანელი უნდა გაესინბინებინა, სინამდილეში კი მხოლოდ "ბორჯღალოსნების" მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე დაისაჯა, რომელსაც მუშტის ქნევაში მონაწილეობა არ მიუღია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მალე არბიტრმა სხვადასხვა წესის დარღვევის გამო ორივე გუნდიდან თითო მოთამაშე მაინც გაასინბინა და ცამეტნი თოთხმეტის წინააღმდეგ დავრჩით.

64-ე წუთზე ესპანელები რაკში თამაშისას დაჯარიმდნენ და კვირიკაშვილმა ანგარიშში სხვაობა ექვს ქულამდე გაზარდა - 19:13.

ცხადია, ეს სულაც არ იძლეოდა დამშვიდების საფუძველს და "ბორჯღალოსნები" შეტევების ორგანიზებას განაგრძობდნენ. ბოლო სალელოვე იერიში ჩვენმა გუნდმა თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე წამოიწყო.

"ბორჯღალოსნების" შერკინებამ მეტოქე ისევ დაჯაბნა. შეტევა მარჯვენა, მოკლე ფრთაზე შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ განაგრძო. მორკინალთა რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ კი რაკიდან ბურთი მეორეხაზელმა ლევან დათუნაშვილმა აიტაცა, რომელიც ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს. კიდევ ერთი რაკი და ამჯერად შუამარბმა დავით კაჭარავამ იყოჩაღა, ბურთი სწრაფად გამოიტანა და ლელოში გადადო.

ხელსაყრელი პოზიციიდან კვირიკაშვილმა გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა - 26:13 და მატჩიც დასრულდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ტურის სხვა მატჩებში რუსეთის ნაკრებმა შინ, კრასნოდარში რუმინეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა - 16:13, რაც მიმდინარე გათამაშების ერთგვარი მოულოდნელობაა. ასევე მოულოდნელი იყო პორტუგალიის ნაკრების მიერ ლისაბონში გერმანიის ეროვნული გუნდის მოკრძალებული ანგარიშით ძლევა - 11:3.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. III ტური
ესპანეთი-საქართველო 13:26
ესპანეთი (15-9) ლინქლეითერი, გოია (ფონტესი 59), პოხი, ვიზენსანგი, ობანელი, სნი, რუე. (1-8) ლაბე (ორტისი 71), აუსკი, მორენო (ლოპესი 57), გონსალესი (დე ხუანი 57), რეკუერდა, ჟიუბენი, ვილანოვა, ნავა.
ლ: გოია. 2ს,გ; ლინქლეითერი.
სინბინი: დე ხუანი
საქართველო (15-9) კვირიკაშვილი, მჭედლიძე (ხუციშვილი 73), კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე (აფციაური 76), ხუციშვილი (ლობჟანიძე 59). (1-8) ნარიაშვილი (ასეიშვილი 59), ჟვანია (მაისურაძე 45), ჩილაჩავა (ფეიქრიშვილი 59), ნემსაძე, მიქაუტაძე (დათუნაშვილი 63), თხილაიშვილი, სუთიაშვილი, ლომიძე (ჩხაიძე 74).
2ლ: ჟვანია, კაჭარავა. 4ს,გ: კვირიკაშვილი.
სინბინი: ნემსაძე, დათუნაშვილი.
მსაჯი: ალექს რუისი (საფრანგეთი).

სხვა მატჩები:
პორტუგალია-გერმანია 11:3
პორტუგალია: ლ - სოუსა. 2ს - ბეტანკური.
გერმანია: ს - ჰისენბეკი.

რუსეთი-რუმინეთი 16:13
რუსეთი: ლ - ანტონოვი. 3ს,გ - გაისინი.
რუმინეთი: ლ,გ,2ს - კალაფეტეანუ.

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +74 1 13
2. რუმინეთი 3 2 0 1 +45 3 11
3. რუსეთი 3 2 0 1 +4 1 9
4. ესპანეთი 3 1 0 2 -11 1 5
5. პორტუგალია 3 1 0 2 -24 1 5
6. გერმანია 3 0 0 3 -88 0 0

მომდევნო ტური
14 მარტი
საქართველო-რუსეთი, პორტუგალია-ესპანეთი, გერმანია-რუმინეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული