შვიდდღეული: დიდი ბრძოლების თვე

AutoSharing Option
დიდი ბრძოლების დროც დადგა. ვინც ამ სტატიას კითხულობს, ძალიან არ მოგაცდენთ, რაგბიზე არ დაგაგვიანდეთ... ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხომ დიდი მატჩია - საქართველო რუსეთს უმასპინძლებს. უნდა დავამტკიცოთ, რომ 15 ქართველი 15 რუსს ამჯერადაც აჯობებს.

ამასობაში კი საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ 29 მარტისთვის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. 29-ში მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია ჩამოდის.

ანონსი - ისევ რუსეთი
შესავალში საქართველო-რუსეთის დაპირისპირებაზე საკმარისად დავწერეთ. აქ მხოლოდ იმედს ვიტოვებთ, რომ შეხვედრა სენსაციური შედეგით არ
დასრულდება.

დაბრუნება - გორგოძე-ზირაქაშვილი
მამუკა გორგოძემ და დავით ზირაქაშვილმა ტრავმები მოიშუშეს და რუსეთთან მატჩის წინ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს შეუერთდნენ.

გამოცხადება - ცხადაძის 31
აი, რატომ უნდა შეცვლილიყო მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრებში ის ფეხბურთელები იხმო, რომლებზეც თემურ ქეცბაია უარს ამბობდა. რატომ უარობდა, ეს სხვა საკითხია, ისიც ცალკე მსჯელობის თემაა, ვინ უფრო დამნაშავე იყო, მაგრამ ფაქტი ერთია - საქართველოს ნაკრებში ოპტიმალური შემადგენლობა უნდა თამაშობდეს!

შეტევაში კრუზი ეყოლებათ, პოდოლსკი, კლოზე, თუ სულაც ნოიერს დააყენებენ ცენტრფორვარდად, ისეთი რესურსი აქვთ, გერმანელთა თამაშზე ეს უარყოფითად არ აისახება. ქართველებს კი მაღალი კლასის ფეხბურთელების ფართო არჩევანი არ გვაქვს და ვინც გვყავს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, თუ შედეგი გვინდა.

აი, ისინი, ვინც ამჟამინდელ გუნდში მოხვდნენ, თემურ ქეცბაია კი არ იწვევდა: ნუკრი რევიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე, ოთარ მარცვალაძე, მათე ვაწაძე, ლევან ყენია.

დამატება - ალადაშვილი-გოგურა
ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს მომავალში გოგიტა გოგუა და კახა ალადაშვილიც დაემატებიანო - დაწერა "ლელომ" სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით.

რეკორდსმენი - მესი
ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ლეო მესიმ 3 გოლი გაიტანა და ამ შეჯიბრების რეკორდსმენი გახდა: 24 ჰეთ-თრიქი აქამდე არავის ჰქონია. ამ მაჩვენებლით მესიმ კრიშტიანო რონალდოს გაუსწრო.

წლევანდელ სეზონში, ბომბარდირთა დავაში ლეო კრიშტიანოს გაუთანაბრდა - 30-30 გოლი.

რიცხვი - 78
კრიშტიანო რონალდომ კი ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობით გაუსწრო რეკორდსმენ რაულსა და მესის. რონის 78 გოლი მოუგროვდა, რაულს - 77 აქვს, ლეოს - 76.

წარმოდგენა - მადრიდი-ლონდონის
ვიდრე რონალდო რეკორდებს ამყარებდა, მისი "რეალი" კინაღამ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა - შინ "შალკესთან" 3:4 წააგო. არადა, გერმანელებს სულ ცოტა დააკლდათ მომდევნო ეტაპზე გამსვლელ მეხუთე გოლამდე.

კიდევ უკეთესი წარმოდგენა ვიხილეთ ლონდონში, სადაც კაცნაკლულმა პსჟ-მ "ჩელსისთან" მატჩი ჯერ დამატებით დრომდე მიიყვანა, შემდეგ ედენ აზარის პენალტს ტიაგო სილვამ უზადო თავურით უპასუხა, 2:2 და მომდევნო ეტაპზე პარიზელები გავიდნენ.

აბსურდი - წითელი
"ჩელსი"-პსჟ-ს 31-ე წუთზე მსაჯმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუფიქრებლად გააძევა, არადა, ეს ის შემთხვევა იყო, ყვითელი ბარათიც საკმარისი რომ იქნებოდა. სწორედ ამიტომ, ნომინაცია აბსურდში იბრას მიმართ ნაჩვენები წითელი ბარათი მოხვდა.

წილისყრა - სათასო კვარტეტი
დასრულდა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალი და გუნდები წილისყრამ ნახევარფინალში დააწყვილა: "დინამო"-"ცხინვალი", "ჩიხურა"-"სამტრედია".

მედალი - ვერცხლი
აზერბაიჯანში გამართულ მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა საერთაშორისო შეჯიბრებაში ქართველმა სალომე ფაჟავამ მეორე ადგილი დაიკავა.

მოხსნა - ორი მოგება
განვლილ შვიდდღეულში ზაზა ფაჩულიას "მილუოკი ბაქსმა" ორი მატჩი მოიგო, ორივე ქართველი ცენტრის გადამწყვეტი მოხსნის წყალობით: "ვაშინგტონთან" და "ორლანდოსთან" ბოლო წამებზე ზაზამ მეტოქის ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოხსნა და პირველ შემთხვევაში საქულე პასი მიდლტონს გადასცა, მეორე შემთხვევაში - ანტეტეკუნმპოს ჩაატენინა. სწორედ აქ გადაწყდა ორივე მატჩის ბედი.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერ ვნახოთ, ხიზანიშვილისა და გოგუას დამატებით უკეთეს შედეგს თუ მივიღებთ,და მერე ვაკრიტიკოთ ქეცბაია.რა შედეგი უნდა ქონდეს ღიპიანი ხიზანიშვილის დამატებას არ ვიცი.ვნახოთ?
mamulo
14 მარტი 2015 15:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული