მერაბ შარიქაძე: უცხოელი შეყვარებული არ მინდა, მე ქართველი გოგონები მომწონს

AutoSharing Option
მორაგბე მერაბ შარიქაძემ კარიერის დაწყება ინგლისში სცადა, არჩევანი მალევე შეცვალა და საფრანგეთში გადავიდა, სადაც მისი გუნდის ("ალბი") მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში თამაშია. საქართველოს ნაკრებში წლებია თამაშობს. გული სტკივა, რომ სტადიონი მხოლოდ რუსეთთან თამაშისას ივსება და მაყურებელს ბილეთში თანხის გადახდა ენანება.

- მერაბ, როგორია წარმატებული მორაგბის ერთი ჩვეულებრივი დღე?
- საკმაოდ მოსაწყენი. შორიდან შეიძლება ვინმეს სპორტსმენების ცხოვრება მრავალფეროვანი ეგონოს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბევრი შრომა გვიწევს. დილით შვიდ საათზე ვიღვიძებ და მივდივარ გუნდში. ვსაუზმობთ და ვიწყებთ ვარჯიშს პატარა შესვენებებით, დაახლოებით ორ
საათამდე. არის დღეები, როდესაც დღის მეორე ნახევარშიც ვვარჯიშობთ. ვარჯიშის მერე ისეთი დაღლილები ვართ, არაფრის თავი არ გვაქვს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ვიმარჯვებთ, აღვნიშნავთ ხოლმე ბიჭები, ღამე არ ვიძინებთ და სადმე კლუბში მივდივართ გასართობად, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება.

- გამარჯვებას იმდენი კარგი ემოცია ახლავს, ალბათ, არასდროს გინანია, ასეთი რთული გზა რომ აირჩიე...
- რა თქმა უნდა. გამარჯვებას ისეთი მაგარი მუღამი აქვს, რომლის მსგავსი ცხოვრებაში არაფერი განმიცდია.

- ბავშვობიდან მორაგბეობაზე ოცნებობდი?
- ცხრა წლის ასაკში ფეხბურთელობაზე ვფიქრობდი და ვვარჯიშობდი. დაახლოებით ერთი წელი მეკარე ვიყავი, მაგრამ აგრესიული მოთამაშე ვიყავი და მითხრეს, ჯობია, რაგბის გაჰყვეო.

- მეკარეები, როგორც წესი, აგრესიით არ გამოირჩევიან...
- მე გამონაკლისი ვიყავი. მალე გამოვედი ფეხბურთიდან. დაახლოებით ცამეტ წლამდე სპორტზე არ ვფიქრობდი, მაგრამ მერე რაგბიში ჩავერთე აქტიურად, დღემდე ამ სპორტში ვარ და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

- სპორტსმენი წინაპარი გყავს?
- მხოლოდ ჩემი დეიდაშვილი, რომელიც მორაგბე იყო, მოსკოვში თამაშობდა. მისი სპორტში ყოფნა ჩემთვის ერთ-ერთი სტიმული იყო. შემდეგ მან დაანება სპორტს თავი და მე დღემდე ვაგრძელებ.

- ახლობლებმა არჩევანი მოგიწონეს?
- მშობლები არ აღფრთოვანებულან, თან რაგბი საქართველოში ისეთი პოპულარული არ იყო, როგორც ახლაა, რაც ძალიან მახარებს. ჩემი ზოგიერთი ნათესავი მეუბნება, რაგბის ყურება შენ გამო დავიწყეო. შესაბამისად, იმავე ხალხმა თავიდან გააპროტესტა ჩემი რაგბიზე შესვლა.

- სახეზე ნაიარევი გაქვს. ეს, ალბათ, ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ახლობლები არ აღფრთოვანდნენ შენი არჩევანით...
- რუმინეთთან თამაშისას ერთ-ერთი შერკინების შემდეგ დამრჩა ნაიარევი. დედაჩემს ყოველთვის ეუბნებოდნენ, ტრავმებს მიიღებსო. დედასაც მეტი რა უნდოდა, მიშლიდა ვარჯიშზე სიარულს, მაგრამ მშობლებს, როგორც ყველა სხვა ბავშვი, არც მე ვუჯერებდი და ვარჯიშებზე მაინც დავდიოდი. როცა ნახეს, რომ რაგბი სიცოცხლეს მერჩივნა, მათაც შეუყვარდათ ეს სპორტი და მგონი, ჩემზე მეტად უხარიათ ჩემი გამარჯვება.

- სკოლაში როგორი მოსწავლე იყავი?
- კარგი სწავლით არასდროს გამოვირჩეოდი, საშუალო მოსწავლედ ვითვლებოდი. რაგბი იმდენად მიყვარდა, სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ გამეღწია გაკვეთილებიდან ვარჯიშზე. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან მგონია, ჩემს ცხოვრებაში რაგბი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ბიზნესის სფეროს ავირჩევდი. ახლაც რაღაც ბიზნესიდეები მაწუხებს. კიდევ ფსიქოლოგია მაინტერესებს. შეიძლება, ამ სფეროშიც მეცადა ბედი.

- სწავლისა და სპორტის შეთავსებას ვერ ახერხებ?
- ინგლისში რომ ვიყავი, ვსწავლობდი. ერთი წელი კოლეჯში ვისწავლე და მერე სპორტულ ბიზნესმენეჯმენტზე ჩავაბარე, ვფიქრობდი, რომ ამ პროფესიის დაუფლება ჩემთვის ყველაზე ადვილი იქნებოდა, მაგრამ პრობლემები შემექმნა, რადგან ნაკრებში მოვდიოდი ხშირად. მითხრეს, ამერჩია სწავლა ან ნაკრებში თამაში. გარდა ამისა, ჩემთვის ინგლისურად სწავლა რთული იყო. ამიტომ გადავწყვიტე, საფრანგეთში გამეგრძელებინა სპორტული კარიერა.

- რაგბიში ყველაზე ძლიერები ახალზელანდიელები არიან. მათი მისალმების ნახვის შემდეგ, ალბათ, ბევრს გამარჯვების იმედი ეკარგება. მსოფლიოს ჩემპიონატზე მათ ხვდებით...
- ოქტომბერში მილენიუმის სტადიონზე ახალ ზელანდიას ვხვდებით. მათი მისალმება მაყურებელზე სხვანაირად მოქმედებს და მოწინააღმდეგეზე - სხვანაირად. ხალხი ამას შეშინებად აღიქვამს და ჩვენთვის ეს სტიმულია. ფიჯისთან და ტონგასთან გვითამაშია, მათი მისალმებისას სტიმული მოგვეცა და მოთამაშეები უფრო დაგვაახლოვა. დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება ახალ ზელანდიასთანაც.

პირობას ვაძლევ ყველას, რომ ჰაკა ვერ შეგვაშინებს. ზელანდიასთან თამაში რთული იქნება, მაგრამ მინდა დაგპირდეთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მაგარ გუნდთან ყველაზე მაგარი განწყობა გვექნება და რა მოხდება, ეს უკვე მოედანზე გადაწყდება.
Sportall.Ge
- ქართველებს რაგბიში რატომ არ გვაქვს მისალმება?
- ჩვენ მოედანზე გასვლამდე ვლოცულობთ. ჩვენ რომ ჰაკა გავაკეთოთ, სასაცილო იქნება. მსგავსი მისალმება კუნძულელებს აქვთ. ახლა რომ მოვიგონოთ, არც ლამაზი იქნება და არც მაყურებლისთვის მისაღები. მგონია, რომ როგორც არის, ყველაფერი ასევე უნდა დარჩეს.

- რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- როგორი მოსაწყენიცაა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება, ისეთივე მოსაწყენია ჩემი პირადი ცხოვრებაც. არაფერი საინტერესო არ ხდება. შეყვარებული არ მყავს.

- არც არასდროს ყოფილხარ შეყვარებული?
- შეყვარებული ვყოფილვარ და არაერთხელ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩემთვის შეყვარებულის ყოლა მიზანშეწონილი არაა.

- ალბათ, ინგლისელი გოგონა მოგწონდა, რომელსაც საფრანგეთში გადასვლის მერე დაშორდი...
- შეყვარებული ინგლისშიც მყავდა და საქართველოშიც. საფრანგეთში არ მყოლია. სიმართლე გითხრათ, ფრანგი გოგონები მაინცდამაინც არც მომწონს. არ მინდა, უცხოელი შეყვარებული მყავდეს. ქართველი გოგონები ძალიან მომწონს, მაგრამ დისტანცია შეყვარებულებს პრობლემების მეტს არაფერს მოგვიტანს.

- როგორია შეყვარებული მერაბ შარიქაძე?
- ალბათ, მუდო და მოსაწყენი. არ ვარ რომანტიკული. შეყვარებულის სახლის ფანჯრებთან ამწეთი არ მივსულვარ, სიმაღლის მეშინია. გულიც დამინთია, ყვავილებიც მიჩუქებია და ბუშტებიც გამიბერია, ოღონდ შეყვარებულის პატარა მეგობრებისთვის, ანუ ბავშვებს დავხმარებივარ რომანტიკის მოწყობაში.

- რომანტიკა, ალბათ, შენს შეყვარებულს უფრო სჭირდებოდა...
- მე არ ვიცი, როგორი ქმარი ვიქნები, მაგრამ მამა რომ კარგი ვიქნები, ამაში დარწმუნებული ვარ. ბავშვები ძალიან მიყვარს.

- რატომ ფიქრობ, რომ შეიძლება, ცუდი ქმარი იყო?
- დარწმუნებით ამ შემთხვევაში ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მამობაზე შემიძლია, თავი დავდო. ერთი დიშვილი მყავს და სიგიჟემდე მიყვარს. მისთვის ყველაფერი შემიძლია გავაკეთო. ქალი შეიძლება მოგბეზრდეს და ბავშვზე იმავეს ვერასდროს ვიტყვი.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
მკითხველის კომენტარები / 2 /
მერაბ წარმატებები!!! კაი ადამიანი ხარ, უფალი გფარავდეს და ზელანდიელებს იმედია აქეთ შეაშინებ აგრესიული თამაშით!
ჯავახელი
15:51 21-04-2015
0
ძალიან მაგარი რაგბისტია, ერთ-ერთი საუკეთესო ქართული რაგბის ისტორიაში, და კაი კაცია!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული