საქართველო-ურუგვაი 19:10 - სარეიტინგო ბრძოლა მოგებულია [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა თბილისის თასის წლევანდელი გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. "ბორჯღალოსენბმა" "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" მსოფლიოს თასის მონაწილე ურუგვაის ეროვნულ გუნდს უმასპინძლეს და 19:10 დაამარცხეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ჩვენი ნაკრები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ექსპერიმენტული შემადგენლობით ასპარეზობდა. გუნდში რამდენიმე დებიუტანტიც იყო, რომლებმაც "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელ მილტონ ჰეიგის შეფასებით თავი დადებითად წარმოაჩინეს.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს თავიდანვე აქტიურად შეუტია და უკვე მე-8 წუთზე ლელო მიითვალა.

იერიში მოედნის ჩვენი ნახევრიდან, მარჯვენა ფრთიდან დაიწყო, რომელიც მარცხნივ გაგრძელდა. მორკინალების მიძალებამ ურუგვაელთა დაცვის ხაზი არია. მეტოქის 22-მეტრიან
ზონაში შესვლის შემდეგ ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ რაკიდან გამოტანილი ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე ჩაათამაშა, სადაც "ბორჯღალოსნები" რიცხობრივ უმრავლესობაში იყვნენ. ბურთი ბოლომდე, კიდემდე ჩათამაშდა, სადაც გარემარბის პოზიციაზე მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე იმყოფებოდა. მისი შეჩერება სტუმრებმა ვერ შეძლეს.

გარდასახვა ფულბეკმა ბექა წიკლაურმა ზუსტად დაარტყა - 7:0.

ხუთ წუთში მანვე საჯარიმოდან კიდევ უფრო გაზარდა ანგარიში - 10:0.

თამაშს ისეთი პირი უჩანდა, შეხვედრა დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო. თუმცა, ურუგვაელები ნელ-ნელა გონს მოეგნენ. დაცვაში მედგრად დადგნენ და დროდადრო მწვავე კონტრშეტევებსაც ახორციელებდნენ.

მე-15 წუთზე ცხრა ნომერმა ავგუსტინ ორმაჩეამ საჯარიმოთი ანგარიშში სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირა - 3:10.

ექვსი წუთის შემდეგ კი ჩვენმა მორაგბეებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს. მოედნის ცენტრთან დანიშნული შერკინებიდან ბურთი ურუგვაელთა მესამეხაზელმა ხუან გამინარამ აიტაცა და მარცხნივ, მოკლე ფრთაზე იერიშში გარემარბი სანტიაგო ჟივერნო ჩართო, რომელმაც ბურთი ჩვენი ლელოსკენ ფეხით გადაიკიდა, მიჰყვა, მაგრამ "ბორჯღალოსნების" მესამეხაზელმა ლაშა ლომიძემ უბურთო მეტოქე შებოჭა.

მატჩის არბიტრმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა და ლომიძე სინბინში გაუშვა - 10:10.

ამის შემდეგ ჩვენი ნაკრების უპირატესობა გამოიკვეთა. თუმცა, ტაიმის ბოლომდე წიკლაურმა მხოლოდ ერთი საჯარიმო გაიტანა - 13:10. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნები" უფრო აგრესიულად ათამაშდნენ და მატჩის დასრულებამდე დარჩენილი დროის უდიდესი ნაწილი მეტოქის მოედნის ნახევარზე გაატარეს. ურუგვაელები თავს მედგარდ იცავდნენ და ლელოს გატანის საშუალებას არ გვაძლევდნენ.

წიკლაურმა და მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ კიდევ თითო საჯარიმო მიითვალეს და სამხრეთამერიკელები ცხრა ქულის სხვაობით დავამარცხეთ - 19:10.

მატჩის შემდეგ
სანტიაგო ვილსეკა, ურუგვაის ნაკრების კაპიტანი:
"ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით დაცვაში და ბევრი ჯარიმა ავიღეთ. მეორე ტაიმში მათ გამოსწორებას შევეცადეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ".

პაბლო ლემუანი, ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"რამდენიმე უაზრო შეცდომა დავუშვით. მიუხედავად ამისა, თამაშის შემდეგ ბიჭები შევაქე, რადგან ძალიან რთულ მატჩში მაინც კარგად იასპარეზეს. ჩვენ წინააღმდეგ ძალიან ძლიერი გუნდი თამაშობდა. გარკვეულწილად, დაცვაში ცუდად არ გავრჯილვართ, თუმცა მოწინააღმდეგემაც დაიმსახურა ის ჯარიმები, რომლებითაც დავისაჯეთ. შეტევებს კარგად ვიწყებდით, მაგრამ სათანადოდ ვერ ვასრულებდით".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"შესვენებისას ბიჭებს ვუთხარი, რომ მეტად აგრესიულები ყოფილიყვნენ უბურთოდ თამაშისას და ყურადღებით გარჯილიყვნენ როდესაც ბურთი გვექნებოდა. მგონი ეს გამოვიდა კიდეც.

ამ თამაშისთვის უკეთ მოსამზადებლად დრო საკმარისი არ გვქონდა და შეცდომებიც ამან განაპირობა. მზადება გრძელდება და ვეცდებით შემდეგი თამაში უკეთ ჩავატაროთ.

შერკინების დებიუტანტმა მოთამაშეებმა მშვენივრად გაართვეს თავი ამოცანას, შესანიშნავად ჩაერთო თამაშში გორგაძე. სხვებს სათამაშოდ მაინცდამაინც დიდი დრო არ ჰქონდათ.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გიორგი ფრუიძე, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა. ის სამი წელია ეროვნული ნაკრების კანდიდატად მოიაზრება, მაგრამ შანსი მხოლოდ დღეს მიიღო და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა".

ლევან დათუნაშვილი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"ველოდით, რომ მოწინააღმდეგე აგრესიულ თამაშს შემოგვთავაზებდა. ურუგვაის ნაკრებმა თბილისში ჩამოსვლამდე ოთხი მატჩი გამართა და შეთამაშებული ჩამოვიდა, მაგრამ დერეფანში რამდენიმე შეცდომა მაინც დაუშვა.

შერკინებაში თავიდან ვერ დავდექით, მაგრამ როცა საჭირო გახდა, აქაც ვიმძლავრეთ. ყველამ ბოლომდე იბრძოლა და მოედანზე ცამეტნი რომ დავრჩით, მეტოქისთვის ერთი სანტიმეტრიც არ დაგვითმია.

სტუმრებს მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ ლელოს გატანის შანსი და მეტი ხიფათი არც შეუქმნიათ.

დღეს პირველად ვიყავი "ბორჯღალოსნების" კაპიტანი და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა ქართველი ერის წინაშე. ჯერ მარტო ის, რომ ნაკრების მაისურს მოირგებ, უკვე დიდი პასუხისმგებლობაა, სულაც არა აქვს მნიშვნელობა პირველად თამაშობ თუ 60-ე კეპი გაქვს მოხვეჭილი.

ამიტომ, მინდა მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს, განსაკუთრებით ახალბედებს, რომლებმაც ამ გამარჯვებაში ყველაფერი ჩადეს და ვეცდებით მომავალ შეხვედრაში უფრო უკეთ ვითამაშოთ".

თბილისის თასი 2015. I ტური
საქართველო-ურუგვაი 19:10
საქართველო (15-9): წიკლაური, აფციაური, გიგაური (მჭედლიძე 63), შარიქაძე (ტალახაძე 79), ფრუიძე, მალაღურაძე, ბეგაძე (ხუციშვილი 63). (1-8) თეთრაშვილი (ბეჟიაშვილი 60), ბრეგვაძე (თედორაძე 79), ხატიაშვილი (მირცხულავა 71), დათუნაშვილი, მიქაუტაძე (ჩხაიძე 54), შუბითიძე (გორგაძე 60), ლომიძე, ბიწაძე.
ლ: მიქაუტაძე. 4ს: წიკლაური (3), მალაღურაძე. გ: წიკლაური.
სინბინი: ხატიაშვილი, ჩხაიძე, ლომიძე.

ურუგვაი (15-9):
მიერესი, ლეივაისი (ხ. ეჩევერი 53), პრადა, რომანი, ჟივერნო, ბლენხიო (დურანი 71), ორმაჩეა. (1-8) კორალი (სანგინეტი 63), კლაპენბახი (კესლერი 47), საგარიო (არვოლეჟა 47), ვილსეკა, სერვინო (პალომეკე 73), ბიერი (ბრაუნი 73), ბასკუ (მანიო 53), გამინარა.
ლ: საჯარიმო. ს.გ: ორმაჩეა.
სინბინი: სევერინო.

მსაჯი: მარიუს მიტრეა (იტალია).

მზ.ირლანდია-მზ.იტალია 25:0

სატურნირო მდგომარეობა
1. ირლანდია - 5 ქულა, 2. საქართველო - 4, 3. ურუგვაი - 0, 4. იტალია - 0.

17 ივნისი
ურუგვაი-მზ.ირლანდია
საქართველო-მზ.იტალია

21 ივნისი
ურუგვაი-მზ.იტალია
საქართველო-მზ.ირლანდია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაგბისტები გვახარებენ ფეხბურთელები უკვე მერამდენედ გულს გვწყვეტენ.
0
გენაცვალეთ ლომებო დედას გეფიცები მეამაყებით გენაცვალეთ ქართულ გულში და სულში... ბექა წიკლაურს მოვიკითხავ დიდი სიყვარულით..
გიორგი
15:42 15-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული