მილტონ ჰეიგი: ძალიან მაგარ გუნდს ვეთამაშეთ

AutoSharing Option
29 აგვისტოს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნიუკასლიდან გილდფორდში ბრუნდება, სადაც სარის სპორტულ ცენტრში გააგრძელებს შეკრებას.

შემდეგ საკონტროლო შეხვედრაში "ბორჯღალოსნები" კანადას შეხვდებიან.

მატჩი 2 სექტემბერს, ეშერში გაიმართება და საქართველოს დროით 22.30 საათზე დაიწყება.

შეკრების დასრულებამდე "ბორჯღალოსნები" მესამე მატჩს იაპონიის წინააღმდეგ, შაბათს, 5 სექტემბერს, გლოსთერში ჩაატარებენ. ეს თამაში 18.45 საათზე დაიწყება.

"ნიუკასლ ფანკონზსთან" შეხვედრის შემდეგ საქართველოს მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს.

ილია ზედგინიძე (სამწვრთნელო შტაბის წევრი, ნაკრების ყოფილი კაპიტანი):

"მომზადების დამაგვირგვინებელ ფაზაში გადავედით. 9-კვირიანი წრთობის შემდეგ პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, რომ სათამაშო გარემოში გვენახა გუნდი.

რა
თქმა უნდა, სარაგბო კუთხით ჯერაც ბევრია სამუშაო და ამდენხნიანი ფიზმომზადების შემდეგ, პირველივე შეხვედრაში ყველაფერი იდეალურად ვერ იქნებოდა. გამოჩნდა ის, რაზეც უნდა გავამახვილოთ მეტი ყურადღება. ახლა მიმდინარეობს ვიდეო-ანალიზი, რის შემდეგაც უფრო კონკრეტულად ვიმოქმედებთ.

წრთობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ფიზიკურად ყველა ისეთ ფორმაშია, რომ დატვირთვას გაუძლოს. მატჩის განმავლობაში მოთამაშეებს ენერგია არ გამოლევიათ და ყოჩაღად იყვნენ, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ სათამაშო დროის ყველასთვის მისაცემად, 30-მა მორაგბემ ითამაშა - ზოგს 40, სხვას კი ნაკლები წუთი ერგო.

ტესტებს რომ მოვილევთ, საბოლოო დასკვნებს მერეღა გამოვიტანთ. მოთამაშეებმა ფაქტიურად ჩააბარეს წინასწარი გამოცდა და ამას შტაბში დადებითად ვაფასებთ"

მილთონ ჰეიგი (მთავარი მწვრთნელი):

"უმნიშვნელოვანესი სათამაშო პრაქტიკა მივიღეთ. ამ პროცესის გავლა აუცილებელი იყო. რამდენიმე დაგეგმილ კომბინაციაზე ვიმუშავეთ. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ჩვენთვის სავარჯიშო მატჩი იყო, ზოგადად კმაყოფილი ვარ და განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ყველას მიეცა თამაშის შესაძლებლობა.

რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ იმ მომენტს, რომ გუნდს ამდენი მზადების შემდეგ აკლდა სათამაშო პრაქტიკა - ძალიან ბევრს დიდი ხნის განმავლობაში აღარ ებურთავა. განვლილი წრთობის შემდეგ, ეს ჩვენი მზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რადგან უკვე უშუალოდ სარაგბო კომპონენტებზე და თამაშზე ვართ გადასულნი.

გავიმეორებ და შევნიშნავ, რომ ეს ნაწილია მზადების პროცესისა, რომლის განმავლობაშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტონგასთან ძალიან კარგად ვითამაშოთ.

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მაგარ გუნდს ვეთამაშეთ, და იმასაც ვიტყვი, რომ მატჩმა ზოგი მოთამაშე გამოაფხიზლა. ეს მსოფლიოსთვის მზადების გზაზე კიდევ ერთი და კარგი, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ მოგვეგო, მაგრამ ეტყობა, ამისათვის საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ. პირველი ნახევრით განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ, ვინაიდან ბურთსაც ბლომად ვფლობდით, მეტოქეს მეტ-ნაკლებად წნეხში ვამყოფებდით და მხოლოდ ერთი ლელო გავუშვით.

კარგად ვუტევდით, მაგრამ ეგეც ვთქვათ, რომ დასრულება გვიჭირდა, მეორე ნახევარში კი "ნიუკასლმა" ისეთი ლელოები დაგვიდო, რომელთაგან თავის დაღწევა შეგვეძლო.

ისეთი ბევრი რამ დავინახეთ, რისი მზადების პროცესში გათვალისწინებაც გვარგებს. ბიჭებთან ერთად ვიდეო-ანალიზს გავივლით და შესაბამისად ვიმუშავებთ. ჯამში, მიღებული გამოცდილება შეუფასებელია, თან მისი მიღების შესაძლებლობა ყველას მიეცა.

გუშინდელი გაკვეთილი გუნდზე დადებითად იმოქმედებს. 4 დღეში კანადას ვეთამაშებით. შესაბამისად, უკვე ამ მატჩზე ვფიქრობთ და ვცდილობთ, მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ"

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჰეიგის სიტყვები: "მატჩმა ზოგი მოთამაშე გამოაფხიზლა", ცუდის ნიშანია, ეტყობა რაღაცეები არეულია გუნდში
0
1. ნუ წუწუნებთ, ნაკრები ვარჯიშობს
2. ინგლისის საშუალო გუნდს შეუძლია ჩვენი დონის გუდნის (კანადა, რუმინეთი, იაპონია, აშშ...) დამარცხება, საკმაოდ მაღალი დონეა ინგლისში, 2 წლის წინ იგივე ფალკონსმა ტონგას მოუგო...
3. წესით კლუბი უფრო შეთამაშებულია ვიდრე ნაკრები
4. ჩვენები ვარჯიშობენ და ემზადებიან მსოფლიო თასისთვის, ფალკონთან თამაშის მოგება მთავარი მიზანი არ იყო
5. ჯარიმებს არ ურტყავდნენ, შესაბამისად ქულებიც ვერ დაგროვდა
6. 31 კაცმა ითამაშა 80 წუთი, შესაბამისად ერთი გუნდით არ ვთამაშობდით, ძნელია გუნდის დალაგება როცა ყოველ 10 წუთში კაცი იცვლება
7. ტონგასთან დიდი შანსია წავაგოთ და ყველა ნუ ელოდება მათთან მოგებას!!!
გიო
15:26 31-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული