"ბიჭები წნეხში გავატარეთ და გამოჩნდა, რომ მატჩიდან მატჩამდე უმატებდნენ თამაშს"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ინგლისში მსოფლიოს თასისთვის ემზადება და გლოსტერში, "კინგსჰოლმზე" იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდა, 10:13 წააგო.

იაპონელებმა ანგარიში მატჩის დაწყებიდან მეოთხე წუთზე გახსნეს. "ბორჯღალოსნები" შერკინებაში დაჯარიმდნენ და მეტოქის ფულბეკმა აიუმი გორუმარუმ ჯარიმა ზუსტად დაარტყა - 3:0. მალე მას ისევ მიეცა სამი ქულის მოპოვების შესაძლებლობა, მაგრამ ვერ გაიტანა.

უპირატესობას იაპონელები ფლობდნენ. ბევრს გვიტევდნენ, მაგრამ ჩვენი მორაგბეები თავს კარგად იცავდნენ. მატჩის დაწყებიდან მე-15 წუთზე იაპონელებს მარცხენა ფრთაზე მივეძალეთ. მორკინალების რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ მეტოქის 22-მეტრიან ზონაში შევაღწიეთ. წარმოქმნილი რაკიდან ცხრა ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ
ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე დავით კაჭარავას გადააწოდა, რომელმაც ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი ჩართო შეტევაში.

მან ბურთი ფეხით შეაცურა ლელოსკენ, რომელსაც გარემარბი მურაზ გიორგაძე დაეწია და იაპონელები დაალელოვა. კვირიკაშვილმა გარდასახა - 7:3.

ტაიმის დასრულებამდე მორიგი შეტევისას ჩვენი გუნდი ისევ დაჯარიმდა. გორუმარუმ ამჯერად ზუსტად დაარტყა - 6:7 გახადა. მალე არბიტრმა ჯონ ლეისიმ გვიანი ბოჭვისათვის ვიქტორ კოლელიშვილი გაასინბინა. ცოტა ხანში ყვითელი ბარათი იაპონელმა შოთა ჰორიმაც დაიმსახურა, რომელმაც კაჭარავა შუბურად შებოჭა.

პირველი ნახევრის მიწურულს ანგარიშის გაზრდის საშუალებაც მოგვეცა, თუმცა კვირიკაშვილმა ამჯერად ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

შესვენების შემდეგ ტერიტორიულ უპირატესობას საქართველოს ნაკრები დაეუფლა. იაპონელები თავს მედგრად იცავდნენ. ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა მურაზ გიორგაძეს, მამუკა გორგოძესა და მერაბ შარიქაძეს ჰქონდათ.

მატჩის 70-ე წუთზე ლაშა მალაღურაძემ საჯარიმო ლამის ცენტრიდან დაარტყა და გაიტანა - 10:6. მალე ჩვენ სასარგებლოდ კიდევ ერთხელ დაინიშნა საჯარიმო, თუმცა, ამჯერად, მალაღურაძეს მიზანმა უმტყუნა.

თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე იაპონელებმა ჩვენი ლელოდან ხუთ მეტრში საკუთარი დერეფანი მოიგეს და მოლი ააგორეს, რომლის შეჩერება ვერაფრით მოვახერხეთ. გარდასახვა გორუმარუმ გაიტანა - 13:10.

დარჩენილ დროში ვუტევდით, მაგრამ ბურთი წინ დაგვივარდა და თამაშიც დასრულდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩვენი ნაკრები დღეს გილდფორდში დაბრუნდება, სადაც "სარის სპორტულ ცენტრში" 13 სექტემბრამდე გააგრძელებს მსოფლიოსთვის მზადებას.

"ბორჯღალოსნებმა" სამი საკონტროლო მატჩი ითამაშეს და სამივე წააგეს. ცხადია, მნიშვნელოვანი იყო, რომ გუნდს გრძელი საწრთობი პერიოდის შემდეგ სარაგბო კომპონენტებზე და არსებულ ხარვეზებზე ემუშავა. რამდენად შეძლებს გუნდი თამაშში წუნის აღმოფხვრას დარჩენილ დროში, ეს 19 სექტემბერს, გლოსტერში, "კინგსჰოლმ სთედიუმზე" ტონგასთან დაპირისპირებისას გამოჩნდება.

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"თავიდან დისციპლინა გვაკლდა, 27 წუთში 6 ჯარიმა მივიღეთ. მერე და მერე გამოვასწორეთ ეს ნაკლი. ლელოც კარგი გავიტანეთ.

იაპონელები მთელი თამაში თავს მედგრად იცავდნენ. არც ჩვენ ჩამოვრჩით. გაიხსენეთ, რამდენი თერნოვერი გავახერხეთ დასკვნით მეოთხედში.

ცუდი ის იყო, რომ ბოლო 5 წუთი ჩვენს ნახევარზე გავატარეთ და მერე ის დასანანი ლელოც გავუშვით. ბიჭები ძალიან გულდაწყვეტილები არიან, მაგრამ ბევრი სასიკეთოც შევნიშნეთ. ამიტომ იმედიანად ვუახლოვდებით დიდ დღეს - ტონგასთან შებმას.

ამ სამმა მოთელვითმა თამაშმა ნამდვილად გვარგო მსოფლიოს თასის წინ. ბიჭები წნეხში გავატარეთ და გამოჩნდა, რომ მატჩიდან მატჩამდე უმატებდნენ თამაშს.

რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ მოგვეგო, მაგრამ მომხდარს მაინც დადებითად ვაფასებთ. უკეთ ვუტევთ და თავსაც უკეთ ვიცავთ. გადამწყვეტ მომენტებში მეტი ფხა რომ გამოგვეჩინა, კანადასა და იაპონიასთან თამაშები სულ სხვაგვარად დასრულდებოდა. წინსვლა თუნდაც პირველ ორ თამაშთან ნამდვილად არის. იაპონია მწვავედ გვიტევდა, ჩვენი დაცვა კი გაუვალი იყო.

ახლა ცოტას შევისვენებთ და მერე მზადების ბოლო ეტაპზე გადავალთ".

ტესტ-მატჩი
საქართველო-იაპონია 10:13
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. მურაზ გიორგაძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. დავით ქუბრიაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. თამაზ მჭედლიძე, 23. გიორგი ფრუიძე.
ლელო: გიორგაძე. ს,გ: კვირიკაშვილი.
სინბინი: კოლელიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ისე სიმართვლე ვთქვა მეც დავინახე პირველიდან მესამე თამაშამდე უმატებენ ბიჭები. მესმის და ვეთანხმები მილტონას კრიტიკას სამი წაგებული თამაშის მერე. მაგრამ მეც დავინახე მატება თამაშიდან თამშამდე და რა ვქნა :) მთავარია ტონგას ვიყოთ პიკში. არგენტინა ზელანდია გავატაროთ და ნამიბია დავამიწოთ მერე. მოკლედ ტონგასთან არის ბოლო მსოფლიოს შემდეგ ყველაზე მთავარი თამაში. ეს თამაშზე მეტი რომაა ისედაც ვიცით. მათ თუ მოვუგეთ 6 ერის შეღებული კარები ფართოდ გაიღება, სხვა საქართველოში გავიღვიძებტ მოკლედ ტონგას თუ მოვუგეთ :). ვოცნებობ და გულის სიღრმეში მჯერა. აბა 19 სექტემბრამდე.
0
გმერთმა გისმინოს
Unknown
16:14 07-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული