მილტონ ჰეიგმა ტონგასთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
2 დღეში, 19 სექტემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს თასზე პირველ მატჩს გამართავს. "ბორჯღალოსნები" "ქინგსჰოლმ სთედიუმზე" "ზღვის არწივებად" ცნობილ ტონგას დაუპირისპირდებიან.

ტურნირში საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე 48 საათით ადრე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი დაასახელა.

ძლიერი შერკინებით
სარაგბო სამყაროში ერთ-ერთი უძლიერესი შერკინებით ცნობილი "ბორჯღალოსნები" სტერეოტიპს არ დაარღვევენ, ვინაიდან პირველ ხაზში ჰეიგმა მიხეილ ნარიაშვილს, ჯაბა ბრეგვაძესა და დავით ზირაქაშვილს უხმო. მეორე ხაზში შერკინებას კოტე მიქაუტაძე
და გიორგი ნემსაძე გაამაგრებენ. მესამე ხაზში კი ფლანკერებად გიორგი თხილაიშვილსა და ვიქტორ კოლელიშვილს ვიხილავთ. კაპიტანი მამუკა გორგოძე კი 8 ნომერზე ითამაშებს.

ყველაზე ახალგაზრდა
18 წლის ვასილ ლობჟანიძეზე მსოფლიო თასის ვებ-გვერდზე და სხვა და სხვა გამოცემებში ბევრი დაწერილა და თქმულა და მოლოდინისამებრ იგი ნამდვილად შევა მსოფლიო თასების ისტორიაში, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინაიდან სასტარტო 15-ეულში მას 9 ნომრის პოზიციაზე ვიხილავთ.

ხაზში ჰავბექად ლაშა მალაღურაძე გაირჯება, ცენტრში დავით კაჭარავასა და მერაბ შარიქაძის დუეტია, ხოლო გარემარბებად გიორგი აფციაური და თამაზ მჭედლიძე დაიწყებენ ტონგელთა წინააღმდეგ მატჩს. ფულბეკი კი "ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, 85 სანაკრებო კეპ მოხვეჭილი, მერაბ კვირიკაშვილი იქნება.

"პატივი გვაქვს მსოფლიო თასზე პირველად, დავასახელოთ "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი, რომლითაც ტონგას დავუპირსპირდებით.

სელექცია ძალზე რთული იყო, რომელიც ბოლო დროინდელი შეკრებებისა და საკონტროლო მატჩების დროს მიმდინარეობდა. მიმაჩნია, რომ საკმაოდ გამოცდილი რაზმი დავასახელეთ.

გარდა ამისა, ამ შემადგენლობით ჩვენი გუნდი თითქმის 4 წელია, რაც თამაშობს, შესაბამისად, დარწმუნებულნი ვართ, რომ მათი თამაშით ყველა ვიამაყებთ", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

ტრავმებს იშუშებენ და პირველი მატჩის განაცხადში სამწუხაროდ ვერ მოხვდნენ მგეზავი ლაშა ხმალაძე და გარემარბი ალექსანდრე თოდუა. მცირე, ნაკლებად სერიოზული ტრავმა აქვს დავით ქუბრიაშვილს.

ბორჯღალოსნების რაზმი ტონგას წინააღმდეგ
უკანა ხაზი: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე.

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4 კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე (კაპ).

მარქაფა: 23. მურაზ გიორგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 16. შალვა მამუკაშვილი, 17. კახა ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები ბიჭებო თქვენი იმედი გვაქ.
lekso
16:01 17-09-2015
0
გისურვებთ წარმატებას!!!!!!
rezo
16:46 17-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული