ტონგა უნდა დავამარცხოთ! [ბესიკ ჯანგავაძე ჩეთელჰემიდან]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა გუშინ, ბრისტოლში, ჩეთელჰემში გამგაზვრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა, რომლის დაწყების წინაც "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ტონგას წინააღმდეგ მატჩის საბრძოლო რაზმი დაასახელა.

"პატივი გვაქვს წლევანდელ მსოფლიოს თასზე პირველად, დავასახელოთ "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი, რომლითაც ტონგას დავუპირსპირდებით. იმის გათვალისწინებით, რაც ბოლოდროინდელი შეკრებებისა და საკონტროლო მატჩების დროს ხდებოდა, არჩევანის გაკეთება ძალზედ რთული იყო.

მიმაჩნია, რომ საკმაოდ გამოცდილი რაზმი დავასახელე. ამ შემადგენლობით ჩვენი გუნდი თითქმის 4 წელიწადია რაც თამაშობს, შესაბამისად დარწმუნებულნი ვართ, რომ მათი თამაშით ყველა ვიამაყებთ", - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა
მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

"ბორჯღალოსნების" ძირითად შემადგენლობაში შვიდი ისეთი მორაგბეა, რომლებიც მსოფლიოს თასზე პირველად ითამაშებენ. ესენია: თამაზ მჭედლიძე, მერაბ შარიქაძე, გიორგი აფციაური, ვასილ ლობჟანიძე, მიხეილ ნარიაშვილი, გიორგი თხილაიშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე. რვა სათადარიგოდან კი ასეთი ექვსია: შალვა მამუკაშვილი, კარლენ ასეიშვილი, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ბეგაძე, გიორგი ფრუიძე და მურაზ გიორგაძე.

ცხადია, გუნდში დიდი გამოცდილების მორაგბეებიც არიან. მერაბ კვირიკაშვილი მსოფლიოს თასის მეოთხე გათამაშებაზე იასპარეზებს. მას ეროვნულ გუნდში 85 კეპი აქვს მოხვეჭილი. ამ მატჩებში "მეკომ" გუნდს 644 ქულა მოუტანა. მასზე ორი კეპით ნაკლები აქვს შუამარბ დავით კაჭარავას.

61 კეპი მოიხვეჭა და 24 ლელო გაიტანა "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა მამუკა გორგოძემ. მგეზავი ლაშა ხმალაძის ანგარიშზე კი ეროვნულ გუნდში 58 გამართული მატჩია.

პირველხაზელებს შორის ყველაზე გამოცდილი დავით ზირაქაშვილია, რომელიც მსოფლიოს თასის მესამე გათამაშებაში ასპარეზობს. მის ანგარიშზე 50 კეპია.

ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე კი ოფიციალურად გახდება რაგბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელსაც მსოფლიოს თასზე უთამაშია. ის ახლა 18 წლისა და 340 დღისაა.

ტრავმებს იშუშებენ და პირველი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდნენ მგეზავი ლაშა ხმალაძე და გარემარბი ალექსანდრე თოდუა. მცირე, ნაკლებად სერიოზული ტრავმა აქვს დავით ქუბრიაშვილს.

შემადგენლობა დაასახელა ტონგას ნაკრების თავკაცმაც. გუნდს ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლაში ვეტერანი ფლანკერი ნილი ლატუ წარუძღვება. მას მესამე ხაზში პარტნიორობას გაუწევენ ვილიამი მააფუ და შიონე ალამაფონი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მესამე ხაზის ეს შემადგენლობა საუკეთესო რგოლია ტონგას ნაკრებში.

ცხრა ნომერზე ტანო ტაკულუა იასპარეზებს. მგეზავი კი კურტ მორატი იქნება. დიდი ჯაფა დაადგებათ "ბორჯღალოსანთა" პირველხაზთან ბრძოლაში კუნძულელთა პირველხაზელებს: ტევიტა მაილაუს, ელვის ტაიონესა და ჰალანი აულიკას.

შეგახსენებთ, რომ აქამდე საქართველოს ნაკრებს ტონგასთან სამჯერ უთამაშია. ორჯერ გამარჯვება მეტოქეს დარჩა. ერთხელაც "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს. აღსანიშნავია, რომ მსოფლოს თასის გათამაშებებში ტონგას არასდროს გადავყრივართ და, შესაბამისად, მათთან ნეიტარლურ მოედანზე არ გვითამაშია.

დღეს, 18 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები გლოსტერში, "კინგსჰოლმზე" კაპიტნის ვარჯიშს გამართავს. ტონგასთან მატჩი კი ხვალ, 19 სექტემბერს, თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება.

საქართველო-ტონგა
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.
ტონგა: 15. ვუნკაგოტო ლილო, 14. ტელუსა ვეაინუ, 13. ვილიამი ჰელუ, 12. სიალე პიუტაუ, 11. ფეტუუ ვაინიკოლო, 10. კურტ მორატი, 9. სონატანე ტაკულუა. 1. ტევიტა მაილაუ, 2. ელვის ტაიონე, 3. ჰალანი აულიკა, 4. ტუკულუა ლოკოტუი, 5. სტივ მაფი, 6. სიონე კალამაფონი, 7. ნილი ლატუ, 8. ვილიამი მააფუ.
16. პაულა ნგუამო, 17. სონა ტაუმალოლო, 18. სილა პუაფისი, 19. ჰალე ტეპოლე, 20. ჯეკ რამი, 21. სამისონი ფისილაუ, 22. ლატიუმე ფოსიტა, 23. სიონე პიუკალა.
მსაჯი: ნაიჯელ ოუენსი (უელსი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დამაფრინდება ხვალ ტონგა აგერ აააააა
მიროსან
18:37 18-09-2015
0
მე მგონი ეს კველაზე მთვარი შეხვედრა იკნება ჩვენთვის
Unknown
18:26 18-09-2015
0

სიახლეები პოპულარული