"ბორჯღალოსნების" კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია ტონგასთან მატჩის წინ

AutoSharing Option
მსოფლიოს თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების პირველ მატჩამდე 24 საათზე ნაკლები დრო რჩებგა. ტონგასთან მატჩის წინა დღეს "ბორჯღალოსნებმა" "ქინგსჰოლმ სთედიუმს" ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში გამართეს. გუნდმა 35 წუთის განმავლობაში ივარჯიშა და ხვალინდელ შეხვედრამდე მოთელა მინდორი.

საქართველოს და ტონგას ნაკრებთა შეხვედრა 19 სექტემბერს, თბილისის დროით 15:00 სთ-ზე დაიწყება. ამ მატჩს, ისევე, როგორც 2015 წლის მსოფლიოს თასის ყველა შეხვედრას, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს.

Sportall.Ge

ვარჯიშის შემდეგ, ტრადიციულ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს მილტონ ჰეიგი, შალვა მამუკაშვილი და მერაბ შარიქაძე ესაუბრნენ.

მილტონ ჰეიგი:
- ძლიერი
შერკინების გარდა რას დაუპირისპირებთ ხვალ ტონგას?

- მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ჩვენ მხოლოდ მორკინალებზე აღარ ვართ დამოკიდებულნი და ბურთის გათამაშება უფრო ვრცელ არეალში შეგვიძლია. ოთხი წლის მანძილზე ამის მიღწევა ადვილი არ ყოფილა, ახლა კი ვგრძნობთ, რომ მიზანს ნამდვილად მივაღწიეთ.

სარაგბო უნარები, ტაქტიკა და ტექნიკა განვავითარეთ და ეს სწორედ ის არის, რაც ახლა გვჭირდება. ბურთით მხოლოდ მორკინალები აღარ ირბენენ.

- "ბორჯღალოსანთა" ყველაზე გამოცდილი გუნდის მნიშვნელობა ტონგას წინააღმდეგ...
- ამ დონის ტურნირზე გამოცდილება მთავარ როლს თამაშობს. ჩვენი ოთხწლიანი გეგმა მიზნად საშუალოდ 30-კეპიანი მოთამაშეების შეკრებას ისახავდა. საბედნიეროდ, ჩვენი შედეგი დასახულ მიზანს გასცდა და დღესდღეობით სანაკრებო კეპების საშუალო რაოდენობა გუნდში 45-ია.

ნაკრებში ახალგაზრდა მორაგბეებიც გვყავს, ერთ-ერთი მათგანი ჰავბექი ვასილ ლობჟანიძეა, რომელიც ხვალ მსოფლიოს თასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბის სახელით შევა. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც რაგბის კარგად თამაშობ და ჩვენს ახალწვეულებზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.

- რომელი ტონგელი შეუქმნის "ბორჯღალოსნებს" დისკომფორტს?
- დიდია, მასიური და კვართზე 7 აწერია - ნილი ლატუ. ის ტონგელთა შეტევების და თამაშის შემკვრელი და ინიციატორია. მთლიანად ნაკრები ძალიან კარგი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. ძალიან გამოცდილი მოთამაშეები არიან ფეტუჰუ ვაინიკოლო და სიალე პიატაუს. ორივე მორაგბეს ახალ ზელანდიაში ვწვრთნიდი და კარგად ვიცნობ ამ ბიჭებს, ძალიან მაგარი მორაგბეები არიან.

ჩვენი მთავარი გამოწვევა ხვალინდელ თამაშზე, კარგი რაგბის ჩვენება იქნება, რადგანაც ტონგა ფავორიტია, ჩვენ კი - მათთან არაერთხელ დამარცხებული გუნდი.

- რამდენად მნიშვნელოვანია თამაშის წინ სიმშვიდის შენარჩუნება?
- ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. პირველ 10 წუთში მატჩს ვერ წააგებ, მაგრამ თუ არასწორ გადაწყვეტილებებს მიიღებ, შანსებს გაუშვებ ხელიდან. სწორედ ამიტომ, ასეთ მომენტებში გამოცდილება მთავარ როლს ასრულებს. დაძაბულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. მთავარი მნიშვნელობა მოედანზე თამაშის სწორ ადგილას წარმართვას მიენიჭება.

შალვა მამუკაშვილი:
- ტონგასთან ბოლო შეხვედრის შემდეგ რა დასკვნა გამოიტანეთ?
- გასული წლის ნოემბერში ვეთამაშეთ ტონგას. ისინი ფიზიკურად ძლიერები არიან და ბურთსაც კარგად ფლობენ. ამჯერად ჩვენი თამაში დაცვაში უნდა განვავითაროთ და შეტევაზე გადავიდეთ, რადგანაც მხოლოდ კარგი დაცვით თამაშს ვერ მოვიგებთ.

- რას ნიშნავს თქვენთვის მსოფლიოზე თამაში?
- ჩემთვის ეს ოცნება იყო, რომელიც ახდა. ეს ყველა მორაგბის უდიდესი ოცნებაა. ბევრი პროფესიონალი მორაგბე ვიცი, რომლებსაც მსოფლიოს თასზე თამაშის შესაძებლობა არ მისცემიათ.

მერაბ შარიქაძე:
- ტონგასთან ბოლო შეხვედრის შემდეგ რა დასკვნა გამოიტანეთ?
- თუ ჩვენ ბურთს დიდხანს შევინარჩუნებთ, ამით ტონგელებს საქმეს გავურთულებთ. თუ ჩვენ შეტევაზე გადავალთ, მათ დაცვის გაძლიერება მოუწევთ.

- რას ნიშნავს თქვენთვის მსოფლიოზე თამაში?
- ეს ისეთი რამ არის, რისი მიღწევაც ყველა მორაგბეს არ შეუძლია. მსოფლიოში მილიონობით მოთამაშეა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ხვდება მსოფლიოს თასზე. ასეთ დროს თავს განსაკუთრებულად გრძნობ, დიდი პასუხისმგებლობაც გაკისრია და სურვილი გაქვს, რომ შენი ქვეყანა მაღალ დონეზე წარმოადგინო.

- ტურნირზე რითი დაამახსოვრებთ თავს?
- "ბორჯღალოსნებისგან" კარგ თამაშს ყველა მხოლოდ მორკინალებისგან ელოდება, მაგრამ მე, როგორც შუამარბს, მსურს ყველას დავანახო, რომ ბექებსაც შეუძლიათ ისევე კარგად თამაში, როგორც ფორვარდებს.

ხვალინდელ დღეს ყველა მოუთმენლად ველით და გვინდა, რომ საქართველოს გამარჯვება მოვუტანოთ, ასე, რომ ეს გუნდისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოუთმენლად ველი თქვენს მოედანზე გამოსვლას და მჯერა რო საფინალო სასტვენის მერე სიხარულისგან ვიბღავლებ :) :D
liaxvi
10:26 19-09-2015
0
Warmatebebi lomkacebo, tqven shemogevlet, chveni imedi xart !!!
Lasha
02:05 19-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული