საქართველო VS არგენტინა - ქართული რაგბის ისტორიული დღე

AutoSharing Option
დღეს, 25 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასის გათამაშებაში მორიგ შეხვედრას გლოსტერში, "კინგსჰოლმზე" გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, არგენტინის ნაკრებია, რომელიც C ჯგუფის ფავორიტია და მსოფლიოს თასზე სერიოზული მიზნები აქვს.

თამაში თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა ტონგასთან გამართა და ანგარიშით 17:10 მოიგო.

* * *
ქომაგები და მთელი მსოფლიოს სარაგბო სამყარო უდიდესი რუდუნებით ელიან მსოფლიოში ორი საუკეთესო შერკინების ჯახს. ორივე გუნდის შერკინების
ბურჯები, როგორც მინიმუმ, საუკეთესოები არიან ევროპაში. ამიტომ, მათ შორის უშეღავათო ბრძოლა გაჩაღდება. ერთი სიტყვით ძალიან ძლიერ მეტოქესთან უმძიმესი მატჩი გველის და წარმატება მით უფრო სასიხარულო, საამაყო იქნება.


შეგახსენებთ, რომ აქამდე "ბორჯღალოსნები" და "პუმები" სამჯერ ეთამაშნენ ერთმანეთს. ორჯერ 2007 და 2011 წლის მსოფლიოს თასებზე და ერთხელაც 2013 წელს სან ხუანში, როდესაც არგენტინის რაგბის კავშირმა მიგვიპატიჟა ივნისის ტესტის სათამაშოდ. სამივე შემთხვევაში გამარჯვება არგენტინელებს დარჩათ.

დღეს არგენტინის ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ხუან მარტინ ერნანდესია. ის შესანიშნავი იყო ახალი ზელანდიის წინააღმდეგ მატჩში. მგეზავად ნიკოლას სანჩესი თამაშობს, სინამდვილეში კი გუნდის თამაშის წარმმართველი სწორედ ერნანდესია, რომელიც შუამარბადაა გამწესებული.

* * *
მატჩის წინა დღეს ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მატჩისწინა, კაპიტნის ვარჯიში გამართა, რომელზეც მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მხოლოდ 15 წუთით მოგვცეს დასწრების უფლება. იქამდე კი პრესცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ლაშა ლორთქიფანიძის ფოტოები/საქართველოს რაგბის კავშირი
Sportall.Ge

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"მომავალი მატჩი პირველი გამარჯვების ფონზე ბევრ კარგ შესაძლებლობას მოგვცემს, რადგანაც ფსოქოლოგიური ზეწოლა მთლიანად არგენტინის ნაკრებს ექნება. ჩვენ კი დასაკარგი არაფერი გვაქვს.

ვუყურე არგენტინის წინა მატჩს და მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, "ოლ ბლექსს" საბოლოოდ თამაშის მოგება არ გასჭირვებია, 60 წუთის განმავლობაში არგენტინელებმა ისინი საკმაოდ დიდ წნეხში მოაქციეს.

თუ ბურთს დიდხანს შევინარჩუნებთ და უკეთ შევუტევთ, ჩვენი გამარჯვების შანსი გაიზრდება. იმედი მაქვს, რომ ხვალ ბურთის ფლობა მეტი გვექნება. თავს თუ ისე დავიცავთ, როგორც ტონგასთან და უფრო მეტ მომენტს შევქმნით, არავინ იცის, მატჩი როგორ დასრულდება".

დავით კაჭარავა, საქართველოს ნაკრების შუამარბი:
"მსოფლიოს თასზე ჩვენ ყველა თამაშის მოსაგებად ჩამოვედით. ყველა მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯებით. პირველი მატჩი ტონგასთან აუცილებლად უნდა მოგვეგო. ეს ქართული რაგბის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო...

არგენტინას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. ტექნიკურად ტონგელებზე ძლიერები არიან, ფიზიკურად კი მათ ბევრად არ აღემატებიან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ, რთული, უმძიმესი თამაშის მოლოდინის მიუხედავად, გამარჯვების შანსი გევქნება...

ფავორიტი არგენტინის ნაკრებია. თუმცა, ჩვენ ამ გუნდთან ხშირად გვიწევს თამაში. ძალიან რთული ბრძოლები გვქონდა. ოთხი წლის წინათ მსოფლიოს თასზე და ორი წლის წინათ არგენტინაში ტესტებზე პირველი ტაიმის მოგებაც მოვახერხეთ.

ამჯერად ჩვენი ნაკრები სულ სხვანაირად, კარგადაა მომზადებული და, ვფიქრობ, მატჩის დღე განსაკუთრებული იქნება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი საუკეთესო თამაშს აჩვენებს".

თამაზ მჭედლიძე, საქართველოს ნაკრების გარემარბი:
"არგენტინის ნაკრები ტონგას ეროვნულ გუნდზე ბევრად ძლიერია. თუ მოვახერხეთ და ჩვენი თამაში სწორი ტაქტიკით წარვმართეთ, მაქსიმალურად დავიხარჯეთ, ვფიქრობ, რომ არგენტინის დამარცხება შეგვიძლია".

ლევან დათუნაშვილი, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი:
"ვფიქრობ, ორივე გუნდს კარგი შემადგენლობა გვყავს. შესაბამისად, ამ მატჩის შედეგი იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ უკეთესად მოემზადება. სტრატეგიულად უკეთესად ვინც ითამაშებს და ბურთის ფლობაც მეტი ექნება, სწორედ ის გუნდი მოიგებს.

ჩემთვის მსოფლიოს თასის ეს გათამაშება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ტურნირის შემდეგ, სავარაუდოდ, სანაკრებო კარიერას დავასრულებ. ასე რომ, ჩემი კარიერა საქართველოს ნაკრებში მაჟორულ ნოტზე მინდა დამთავრდეს".

მერაბ შარიქაძე საქართველოს ნაკრების შუამარბი:
"ორივე გუნდს საოცრად ძლიერი მორკინალები გვყავს, ამიტომ რთულია იმის თქმა, თუ რომელი აჯობებს. თამაშის სტატიკური კომპონენტების გარდა, სხვა მხარეებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ტონგასთან მეტწილად თავს დავიცავდით. ამიტომ, ახლა ვარჯიშებზე მეტ ყურადღებას შეტევას ვუთმობთ.

ყველას მიაჩნია, რომ არგენტინა გაიმარჯვებს. შესაბამისად, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი. ვიდრე სამხრეთ აფრიკას შეერკინებოდა, იაპონია ჩვენ გვეთამაშა და, ფაქტობრივად ბოლო წუთებზე შეძლეს გამარჯვება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ყველასთან ტოლ-სწორად შეგვიძლია თამაში".

დანიელ ურკადი, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ოთხი წლის წინათ ახალ ზელანდიაში საქართველოს ნაკრები დავამარცხეთ. თუმცა, განვლილი დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. საგრძნობლად გადახალისებულია ჩვენი შემადგენლობა. ოთხი ერის გათამაშებაში ასპარეზობამ განვითარების საშუალება მოგვცა. ჩვენ ახლა ბევრად უკეთესი გუნდი გვყავს, ვიდრე მაშინ. უნდა ვაღიარო, რომ საქართველოს ნაკრებიც აღარ არის უწინდელი. ისიც მოღონიერდა. სხვაგვარად ტონგას ნაკრებს ვერაფრით დაამარცხებდა".

ავგუსტინ კრევი, არგენტინის ნაკრების შერკინების კვაჭი:
"ძალიან მძიმე მატჩი გველის. საქართველოს ნაკრები ეცდება ფიზიკურად დაგვჩაგროს. მათ მძლავრი შერკინება ჰყავთ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ჩვენც ბევრი ვიშრომეთ და კარგად ვართ მომზადებულნი".

საქართველო-არგენტინა
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.
არგენტინა: 15. ხოაკიმ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მარსელო ბოსხი, 12. ხუან მარტინ ერნანდესი, 11. ხუან იმჰოფი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ტომას კუბელი. 1. მარკოს აიერსა, 2. ავგუსტინ კრევი, 3. ნაუელ ჩაპარო, 4. გვიდო პეტი, 5. ტომას ლავანინი, 6. ხუან მანუელ ლეგუსამონი, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, 8. ლეონარდო სენატორე.
16. ხულინ მონტოია, 17. ლუკას ნოგიერა, 18. რამირო ერერა, 19. მატიას ალემანო, 20. პაბლო მატერა, 21. მარტინ ლანდახო, 22. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 23. ლუკას გონსალეს ამოროსინო.
მსაჯი: ჯი პი დოილი (ინგლისი)

მსოფლიოს თასი. II ტური. C ჯგუფი
24 სექტემბერი
ახალი ზელანდია-ნამიბია 58:14
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 10 ქულა, 2. საქართველო - 4, 3. ტონგა - 1, 4. არგენტინა - 0, 5. ნამიბია - 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /

ყოველივეს გათვალისწინებით...
აქ საჭიროა სტრატეგია,
ბურთი შენარცუნება და
ერთი და იგივე ხაზზე მძლავრი დარტყმები,ვიმეორებ შეტევები მიზანმიმართულად ერთი და იგივე ,ს წ ო რ ხაზზე მძლავრი დარტყმები ,მინიმუმ 30-40 მეტრი,მერე მომენტალურად ფლანგზე გაშლა და...
ასევე აუტებში ბურთის მოგერიება და მიძალებები,
ამ ერთი და იგივე სწორ ხაზზე შეუქცევადი დარტყმებით და მუდმივი ძალისმიერი მიძალელებებით მოწინაღმდეგე ფ ს ი ქ ი კ უ რ ა დ დაითრგუნება,მოიშლება და ...

საქართველოს შეუძლია გამარჯვება!!!
glaxuna
25 სექტემბერი 2015 18:05
0
ეს წარმატება მოიტანა გია ნიჟარაძის წესიერებამ ბიჭების თავდადებამ და ივანიშვილის ფინანსებმა ამ სამი ერთობლიობის შედეგია სწორედ ის რაც დღეს ქართულ რაგბში ხდება და თუ ივანიშვილი განაგრძობს რაგბის ხელშეწყობას რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რაშიც დარწმუნებული ვარ 4 5 წელიწადში 6 ერსაც დავაჭაშნიკებთ.გამარჯვების გზაზე გევლოთ ბიჭებო სპორტშიც და ცხოვრებაშიც.
qutaiseli
25 სექტემბერი 2015 17:58
0
მე მჯერა !
თორნიკე
25 სექტემბერი 2015 17:36
0
უნდა ვაღიაროთ არგენტინას ჯერ-ჯერობით (რამოდენიმე წელიწადში უკვე აღარ) ჩვენზე ძლიერი ნაკრები ჰყავს მაგრამ ჩვენ ერთი დიდი უპირატესობა გვაქვს ჯ ი გ ა რ ი. აი ამ ჯიგრით, შეუპოვრობითა და რკინისებური დაცვით ჩვენ დღესვე შეგვიძლია არგენტინა ბეჭებზე დავდოთ და ჯგუფიდანაც გავიდეთ, მაგრამ წაგების შემთხვევაში ჩემთვის და ალბათ ყველა ქართველისათვის ეს ბიჭები უკვე გმირები არიან. პრაქტიკულად ორმა თაობამ და რაც მთავარია გია ნიჟარაძემ მკვდარი სპორტის სახეობა ჯერ გააცოცხლეს შემდეკ კი მსოფლიოში ერთ-ერთ მძლავრ და მზარდ სახეობად აქციეს. მადლობა ყველას ამისათვის.
dadu
25 სექტემბერი 2015 12:16
0
რუდუნებით ელიანო??? :-)
giorgipirweli
25 სექტემბერი 2015 11:57
0
არგენტინა უდაოდ ჩვენზე ძლიერია. სწორი ტაქტიკითა და მონდომებით შეიძლება ქულის აღება; თუ გაგვიმართლებს ...
+*
25 სექტემბერი 2015 11:39
0
ბიჭებო, ბიჭებო, ბიჭებოოოოოოო,


გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ა ბიჭებოოოოო!!!!
OnTARIo
25 სექტემბერი 2015 11:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული