11:35 28-09-2015
რა გვაკლია არგენტინამდე? [ბესიკ ჯანგავაძე გლოსტერიდან]
AutoSharing Option
არგენტინის ნაკრები 2007 წლის მსოფლიოს თასის მესამეადგილოსანია. ეს ამ ქვეყნის სარაგბო გუნდისთვის უდიდესი მიღწევაა. თუმცა, არც მაშინდელი და არც ოთხი წლის წინანდელი გუნდის, რომელსაც ახალ ზელანდიაში ვეთამაშეთ, ამჟამინდელთან შედარებაც არ შეიძლება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრები, რომელიც ოდესმე შეგვხვედრია. თაობათა ცვლამ "პუმებს" ვერაფერი დააკლო. მეტიც, ოთხ ერზე თამაშით მორაგბეები უდიდეს გამოცდილებას იღებენ. მით უფრო, რომ ხანდახან სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლებს ამარცხებენ კიდეც.
ერთი სიტყვით, ძალიან ძლიერ გუნდთან წავაგეთ. თუმცა წაგებაც არის და წაგებაც. ასეთი სხვაობით მარცხი ნამდვილად არასახარბიელოა. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარებას ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მატჩის ინგლისელმა არბიტრმა, რომელიც წარმოშობით ირლანდიელია, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე სინბინში გაუშვა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციზე მამუკამ თქვა, რომ ყვითელი ბარათი არ დაუმსახურებია. მეტიც, იმ მომენტში თამაშის წესიც არ დაურღვევია და მსაჯს საჯარიმოც არ უნდა დაენიშნა. მოკლედ, ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ერთბაშად მოიშალა. არგენტინელებმა ხუთ წუთში სამი ლელო გაგვიტანეს და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა.
მოდით, მსაჯს ნურაფერს დავაბრალებთ. უბრალოდ, გავიხსენებთ ეპიზოდს, როცა ყვითელი ბარათი არგენტინელისთვის უნდა მიეცა, მაგრამ დაინდო. მერაბ კვირიკაშვილმა ბურთი მოედნის საკუთარი ნახევრიდან ფეხით არგენტინელებისკენ დაკიდა. თვითონვე მიჰყვა, მაგრამ მეტოქის ერთ-ერთმა მოთამაშემ, რომელსაც იმ მომენტში "მეკოზე" თამაშის უფლება არ ჰქონდა, მას მხარი გაჰკრა და დასცა. ეს განზრახ ბინძური თამაში იყო. არბიტრმა ჯეი პი დოილმა ვიდეორეფერი მოითხოვა, სადაც ეს ყოველივე ნათლად გამოჩნდა. მან საჯარიმო კი დანიშნა ჩვენ სასარგებლოდ, მაგრამ არგენტინელს მოედანი არ დაატოვებინა.
ცხადია, მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილა. მილტონ ჰეიგმა პირველი მატჩის შემადგენლობა არ შეცვალა. ბიჭები თითქოს გადაღლილები ჩანდნენ. რაღაც ფსიქოლოგიურადაც ვერ განეწყვნენ. დიდი ხანი ტონგას დასამარცხებლად ემზადებოდნენ. დაამარცხეს კიდეც. არგენტინაზე კი აღარც ძალა ეყოთ და არც უნარი.
ახლა აქ მატჩის პერიპეტიებზე აღარ ვილაპარაკებთ, ის ისედაც ყველამ ნახა. ერთს კი დავძენთ - მატჩის ანგარიშის სხვაობა ზუსტ თანაფარდობაშია იმ დღეს "კინგსჰოლმზე" შეკრებილი არგენტინელი და ქართველი ქომაგების რაოდენობის შორის სხვაობისა. ორასიოდე ჩვენებური გულშემატკივარი ძალას და ხმის იოგებს არ ზოგავდა, მაგრამ ექვსი ათასამდე არგენტინელის ხმაშეწყობილ სიმღერებთან და შეძახილებთან ვერას გახდა.
სასიამოვნო ის იყო, რომ სტადიონიდან გამოსულ საქართველოს ნაკრების ავტობუსს მხარდამჭერი შეძახილებით ქართველ ქომაგებთან ერთად არგენტინელებიც აცილებდნენ. ადგილობრივები კი ხელის დაქნევით გვემშვიდობებოდნენ.
"ბორჯღალოსნებს" "კინგსჰოლმზე" თამაში კიდევ როდის მოუწევთ?
მსოფლიოს თასი. C ჯგუფი. II ტური
საქართველო-არგენტინა 9:54
საქართველო (15-9) კვირიკაშვილი (გიორგაძე 54), მჭედლიძე (ფრუიძე 59), კაჭარავა, შარიქაძე, აფციაური, მალაღურაძე, ლობჟანიძე (ბეგაძე 58). (1-8) ნარიაშვილი (ასეიშვილი 52), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 49), ზირაქაშვილი (ჩილაჩავა 52), ნემსაძე, მიქაუტაძე (დათუნაშვილი 49), თხილაიშვილი, კოლელიშვილი (სუთიაშვილი 58), გორგოძე.
3ს: კვირიკაშვილი.
სინბინი: გორგოძე.
არგენტინა (15-9) ტუკულეტი, კორდერო, ბოსხი, ერნანდესი (დე ლა ფუენტე 37), იმჰოფი, სანჩესი (ამოროსინო 64), კუბელი (ლანდახო 57). (1-8) აიერსა (პასი 68), კრევი (მონტოია 63), ჩაპარო (ერერა 58), პეტი, ლავანინი, ლეგუსამონი (მატერა 58), ფერნანდეს ლობე (დესიო 65), სენატორე.
7ლ: ლავანინი, კუბელი, იმჰოფი (2), კორდერო (2), ლანდახო. 5გ: სანჩესი (3), ბოსხი (2). 2ს,ა: სანჩესი.
მსაჯი: ჯეი პი დოილი (ინგლისი)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
პროგრესი აშკარაა, ახლა მთავარია დინამიკა. ვითარება იმედისმომცემია.
0
0
ზალიან დილეტანტი ვარ რაგბიში, მაგრამ ჩემთვისაც ცხადია, თვალშისაცემია ის ნახტომი, პროგრესი , რომელიც არგენტინას განუცდია, და რა იქნებოდა ჩვენ რომ თუნდაც 3 წელი უკვე ნათამაშები რომ გვქონდეს ექვს ერში
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული