09:17 09-10-2015
"ბორჯღალოსნებს" თბილისის აეროპორტში ფოიერვერკებით დახვდნენ [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებს" აეროპორტში გულშემატკივრები შეძახილებით დახვდნენ, გაუშვეს ფერადი ქაღალდების ფოიერვერკებიც.
"ქართველი მორაგბეების თამაშით ამაყები ვართ. ბიჭებმა მსოფლიოს თასი ღირსეულად ჩაატარეს და ფაქტობრივად, გაინაღდეს შემდგომ მსოფლიოს თასზე თამაში. დარწმუნებულები ვართ, რომ 2019 წელს ჩვენი ბიჭები იაპონიაში კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევენ", - ამბობდნენ გულშემატკივრები.
ქართველი მორაგბეები საქართველოს ნაკრების თამაშს დადებითად აფასებენ. "ბორჯღალოსნებმა" გულშემატკივარს მადლობა გადაუხადეს და სამახსოვროდ ავტოგრაფებიანი რაგბის ბურთებიც აჩუქეს.
"ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც მივიღეთ, ამდენი გულშემატკივრის დახვედრაა. ვულოცავთ საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას. ქართული რაგბის ისტორიაში მსოფლიოს თასზე ახალი ფურცელი დაიწერა, რადგან პრაქტიკულად, გავინაღდეთ მსოფლიოს თასზე თამაში საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე. გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას", - განაცხადა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კაჭარავამ.
"ბორჯღალოსნებს" აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც დახვდნენ. მინისტრის პირველი მოადგილის, აკაკი ლოდიას განცხადებით, ქართველმა მორაგბეებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს.
"მათ ბრწყინვალედ ითამაშეს და სძლიეს არა მარტო მეტოქეებს, მსაჯებსაც. ძალიან მაგარი განწყობა და ემოციები გვაქვს. ცხადია, რომ ქართული რაგბი წინ მიდის და მომავალში უფრო და უფრო დიდი შედეგები გველოდება", - აღნიშნა ლოდიამ.
საქართველოს ნაკრების რამდენიმე მორაგბე (მამუკა გორგოძე, დავით ზირაქაშვილი, გიორგი ნემსაძე, ლევან დათუნაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი, ლაშა მალაღურაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი და კოტე მიქაუტაძე) პირდაპირ საფრანგეთში გაფრინდა და საკუთარ კლუბებს დაუბრუნდა.
ინგლისში მსოფლიო თასის დასრულებამდე დარჩება რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე, რომელიც შეხვედრებს გამართავს.
საქართველოში კი ეს მორაგბეები დაბრუნდნენ: მიხეილ ნარიაშვილი, კახა ასეიშვილი, შალვა მამუკაშვილი, სიმონ მაისურაძე, ჯაბა ბრეგვაძე, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ჩხაიძე, შალვა სუთიაშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ბექა წიკლაური, სანდრო თოდუა, თამაზ მჭედლიძე, გიორგი აფციაური, მურაზ გიორგაძე, გიორგი ფრუიძე, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, ლაშა ხმალაძე, გიორგი ბეგაძე, ვაჟა ხუციშვილი, ვასილ ლობჟანიძე და მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ორი გამარჯვება მოიპოვა და პრაქტიკულად, გაინაღდა 2019 წელს, იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასის საგზური. დღეს, 9 ოქტომბერს, ერთმანეთს "ბორჯღალოსნების" ჯგუფის გუნდები - ახალი ზელანდია და ტონგა დაუპირისპირდებიან. იმ შემთხვევაში, თუ ტონგა გაიმარჯვებს, მესამე ადგილს დაიკავებს ჯგუფში, საქართველოს გადაასწრებს და შემდეგი მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს, რისი შანსიც პრაქტიკულად, არ არსებობს. ახალი ზელანდია-ტონგას დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში დღეს, გამთენიისას დაბრუნდა. მილტონ ჰეიგის გუნდმა 19 სექტემბერს ტონგა 17:10 დაამარცხა, 25 სექტემბერს შეხვედრა არგენტინასთან 9:54 დათმო, 2 ოქტომბერს კი ახალ ზელანდიასთან 10:43 წააგო. საქართველომ 7 ოქტომბერს გადამწყვეტი შეხვედრა ნამიბიასთან გამართა და 17:16 გაიმარჯვა.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ღმერთმა დაგლოცოთ ბიჭებო