გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ

AutoSharing Option
2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება უკვე ისტორიის კუთვნილებაა. "ვებ ელისის" თასი ახალი ზელანდიის ნაკრებმა მესამედ მოიპოვა. ეს "ოლ ბლექსმა" პირველად მოახერხა საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. პირველად მოხდა, რომ მსოფლიოს თასს ერთი ქვეყნის ნაკრები ზედიზედ ორჯერ დაეუფლა.

ბევრი რამ მოხდა პირველად და, საერთოდ, ინგლისსა და უელსში გამართულ ტურნირზე ბევრი ძალიან კარგი რამ მოხდა.

საქართველოს ნაკრებმა, პირველად თავის ისტორიაში, ჯგუფურ ტურნირზე ორი მატჩი მოიგო, მესამე ადგილი დაიკავა და მომდევნო
მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება დაიბევა. ჩვენი და სხვა მეორე დონის გუნდების წარმატებულმა თამაშმა მსოფლიოს სარაგბო სამყარო რეალური ცვლილებების აუცილებლობის წინაშე დააყენა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე ინგლისში მსოფლიოს თასის დასრულებამდე იმყოფებოდა, სადაც თავის კოლეგებთან და "მსოფლიოს რაგბის" მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მას თბილისში დაბრუნებისთანავე რაგბის კავშირში შევხვდით და ქართული რაგბის ქომაგებისთვის საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.

- კიდევ ერთხელ, ერთმნიშვნელოვნად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდის გამოსვლა 2015 წლის მსოფლიოს თასზე უნდა შეფასდეს დადებითად. ყველა მიზანი, რაც დასახული გვქონდა, შესრულდა. ახლა თითოეული მატჩის განხილვას აღარ შევუდგები. ამის თაობაზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა.

- გასაგებია, რომ მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ ყველაზე საინტერესო კითხვა, რაც რაგბის ქომაგებს აინტერესებთ, ეს ნაკრების თავკაცის, მილტონ ჰეიგის ბედია. მას კონტრაქტი ეწურება. დარჩება თუ არა ის "ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელად?
- რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ვადა მეც მეწურება. ამიტომ, სანამ ახალი პრეზიდენტი არ იქნება არჩეული, არ მაქვს მორალური უფლება, რაიმე გადაწყვეტილება მივიღო. არჩევნებამდე გამგეობის სხდომაზე კონსულტაციებს გავივლით და ჩვენს რეკომენდაციებს დავდებთ. არჩევნების შემდეგ კი მწვრთნელებთან ახალი კონტრაქტები გაფორმდება.

პირადად ჩემი აზრით, მილტონ ჰეიგი, ამა თუ იმ ფორმით, საქართველოში უნდა დარჩეს.

- საქართველოს ნაკრებისა და მეორე დონის სხვა სარაგბო ქვეყნების თამაშმა სარაგბო სამყარო რეალური ცვლილებების წინაშე დააყენა. თუ არის რაიმე კონკრეტული მონახაზები, ახალი პროექტების კონტურები, რომლებიც ჩვენი ნაკრების ახალ ეტაპზე გადასვლას ხელს შეუწყობს?
- ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად სწორედ ამ თემებზე მიდიოდა საუბრები. ყველანი ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით და ჩემი იქ ყოფნის მიზანი ამ ადამიანებთან სათანადო სამუშაოს გაწევა იყო. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, ზოგჯერ ის ძალიან დაძაბულ ხასიათს ატარებდა. ერთი კია, ამდენი საუბარი ცვლილებების საჭიროების შესახებ არასდროს ყოფილა. ამაზე საუბრობდნენ, როგორც სპეციალისტები, ექსპერტები, ასევე, მედიასაშუალებები.

განსაკუთრებული აქტიურობით სოციალური მედია გამოირჩეოდა. ყველამ თვალნათლივ დაინახა, რომ განსხვავება პირველ და მეორე დონის სარაგბო ქვეყნებს შორის შემცირდა.

თუ ამ მსოფლიოს თასზე დასამახსოვრებელი და უდავოდ საუკეთესო იყო, დიდი გუნდების ბრწყინვალე თამაშთან ერთად, ეს მეორე დონის გუნდების შესანიშნავი ასპარეზობაა. ამან დაამშვენა ინგლისსა და უელსში გამართული მსოფლიოს თასი.

პირველ რიგში, აღსანიშნავია იაპონიის გამარჯვება სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან. მერე, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე, ჩვენი გუნდის გამარჯვება ტონგას ნაკრებთან და შესანიშნავი თამაში ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდთან.

კარგად იასპარეზა კანადის ნაკრებმაც. ურუგვაიმაც კი, რომელმაც ყველა თამაში დიდი სხვაობით წააგო, თავისი თავდადებითა და ბრძოლის ჟინით ყველას პატივისცემა დაიმსახურა.

გარკვეული ტიპის პროექტები უკვე თითქმის შემუშავებულია, მაგრამ, სანამ მაისში პრეზიდენტის არჩევნები არ ჩატარდება, რაიმე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ იქნება. კულუარულ დონეზე ყველა პროექტი დევს. არჩევნების შემდეგ განხორციელდება სტრუქტურული ცვლილებები, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით, საქართველო არსებული იერარქიის უმაღლეს ეშელონში იქნება.

- უცხოური მედია და ძალიან ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ დროა ექვსი ერის გათამაშება გაფართოვდეს...
- ამის აუცილებლობას ოფიციალურ დონეზეც ხედავენ, მაგრამ ეს ასე მარტივად არ მოხდება. დავეთანხმები მამუკა გორგოძის მოსაზრებას, რომელიც მან ერთ-ერთ ინტერვიუში გამოთქვა. ექვს ერზე სათამაშოდ მთლიანად ქვეყანა უნდა იყოს მზად. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მისი გაფართოება არ მოხდება. ამიტომ ეს დრო უნდა გამოვიყენოთ საიმისოდ, რომ მოვემზადოთ.

ძალიან სერიოზული ლაპარაკი იყო ამის თაობაზე და არაერთხელ. თვით ამ ბიუროკრატიის შიგნითაც უკვე თანხმდებიან ცვლილებების აუცილებლობაზე, "კოლოსის ფეხები" ნელ-ნელა ირყევა. ფაქტი კი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ.

- რას გულისხმობთ?
- თავად განსაჯეთ. არგენტინა რა დონეზეა და რატომ, კარგად იცით. ახლა ერთი არგენტინული გუნდი ზე რაგბის დაემატება. ამავე გათამაშებაში ჩაებმება იაპონური კლუბი, რომელიც ამ ქვეყნის ნაკრებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

ნამიბიის ნაკრები, როგორც კლუბი, ჩაებმება სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში, იმავე "ქარის თასზე". იქმნება ამერიკის ექვსი ერის გათამაშება, სადაც აშშ, კანადა, არგენტინა, ურუგვაი, ჩილე და ბრაზილია ითამაშებენ.

ჩვენ გეოგრაფიული მდებარეობის გამო მხოლოდ ექვსი ერის გათამაშება გვრჩება სამიზნედ. ვფიქრობ და ძალიან ბევრი მეთანხმებოდა, რომ საჭიროა ექვსი ერის გაფართოება. არა ასვლა და ჩამოსვლა, რადგან ეს დაქვეითებული სარაგბო ქვეყნის ფინანსურ კრიზისს გამოიწვევს, არამედ უნდა იყოს რვა გუნდი, გაკეთდეს ორი ჯგუფი და ისევე, როგორც ამჟამად, ისევ შვიდკვირიან ტურნირში ჩავეტევით. თუ ეს ვარიანტი არ აწყობთ, მაშინ შემოგვთავაზონ თავიანთი ვერსია.

ჩვენ საკმაოდ სერიოზული არგუმენტები დავდეთ და მას უამრავი მხარდამჭერი ჰყავს. ადრე თუ გვიან, ექვსი ერი გაფართოვდება ან კეთილს ინებებენ და ევროპის ჩემპიონატს ჩაატარებენ.

- ზემოთ ბრძანეთ, რომ მომდევნო ოთხი წელიწადი მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს, რომ ქართული რაგბი, ქვეყანა ექვსი ერის გუნდებთან სათამაშოდ მზად იყოს?
- უმძიმესი ოთხი წელიწადი გველის. ჩვენ ახალ, უფრო მაღალ დონეზე ავედით და ამიტომ მოთხოვნა ჩვენ მიმართ გაიზრდება. ქართულ რაგბიში ყველაფერი უნდა შევცვალოთ, სხვა, უფრო მაღალი სტანდარტები უნდა დავნერგოთ. განვითარების მთავარი ათვლის წერტილი განათლება უნდა გახდეს.

წარმატება ერთ წამს ცოცხლობს და ახლა თუ ამით ტკბობას მივეცით, არაფერი გამოვა. წარმატება იყო და ის უნდა დავივიწყოთ. სარაგბო მეურნეობის გარდაქმნას რაგბის კავშირი მარტო ვერ შეძლებს. ქვეყანამ სერიოზული ფინანსური კონტრიბუცია უნდა გაიღოს. ჩვენ, სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ქომაგებთან ერთად უნდა ვიზრუნოთ რაგბის განვითარებაზე.

ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს მხურვალე ქომაგობისთვის. ამას ყველა ვგრძნობდით.

- ხომ არ გარკვეულა რამე მომავალი წლის ნოემბრის ტესტებთან დაკავშირებით?
- მიმდინარე წლის ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რაც შეიძლება ბევრ მაღალი დონის გუნდს უნდა ვეთამაშოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
კაცი რომელსაც ესმის თავის საქმე!
Pushka
09 ნოემბერი 2015 17:20
0
აბსოლუტურად ვეთანხმები გია ნიჟარაძეს. ერთს დავამატებდი: მანამდე ხომ არ გვეფიქრა იმაზე, რომ იქ სადაც ვართ ,,,ჩემპიონთა ლიგის" მსგავსი ტურნირი ჩატარება შეგვეთავაზებია ევროპის რაგბის ფედერაციისათვის. ამით გაიზრდებოდა ჩვენს ჩემპიონატში მონაწილე გუნდების მოტივაცია.
გრიშა
06 ნოემბერი 2015 15:53
0
:D
ფარეს-იმპოტენტი
06 ნოემბერი 2015 09:04
0
მე ვაღიარებ,რომ რაგბში ძალიანაც ვერ ვერკვეოდი,მაგრამ კომენტატორების დახმარებით ნელნელა გავერკვიე.დადებითი ემოციებით ვიყავი გავსებული ჩვენების ყურებით. რა თქმა უნდა ფინანსებია საჭირო. ჩატარდეს აქცია რაგბის დასახმარებლად,მე პენსიონერი 10 ლარს დავდებ,აგრეთვე საჭიროა სპორტული ტელევიზია შეიქმნას.
აზორი
06 ნოემბერი 2015 00:32
0
ჩვენ ჯერ იმისთვის ვერ მიგვიხედია ეს კომენტატორები გამოვლენ და დაიწყებენ ფეხბურთზე ლაპარაკს ესპანეთის ჩემპიონატიო იტალიის ჩემპიონატიო გერმანიის ჩემპიონატიო.ერთს არ იტყვიან რაგბზე დაჟე ეხლა რომ 2016 წელს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება 20 წლამდე ასაკში არ გვანახებენ ტელევიზიით და აბა ფიფას და უეფას ჩემპიონატი იყოს ფეხბურთში ეგრევე გადმოსცემენ ჯერ პირველ რიგში უნდა დავაყენოთ რეგბი და მერე ფეხბურთი
misha
05 ნოემბერი 2015 18:10
0
პირველ რიგში შიდა ჩემპიონატი უნდა განვიტარდეს ამისთვის კი მარტო რგბის კავშირის ძალისხმევა არ კმარა. დღეს სპორტს ტელევიზიიდან აქ უდიდესი შემოსავალი თუნდაც ტოპ 14ს ჩვენტან კი ტრანსლაციის ყიდვაზე ლაპარაკი ზედმეტია ატც კი შუქდება ჩვენი ჩემპიონატი არადა მთავარი სწორედ შიდა ჩემპიონატის სიძლიერეა ზელანდია აფრიკა ავსტრალია ინგლისი ირლანდია და უელსი 95 შიდა ჩემპიონატის მორაგბეებითაა დაკომპლექტებული
rugby
05 ნოემბერი 2015 17:36
0
კარგი იქნებოდა, რაგბი სკოლებში შესულიყო. მხოლოდ რაგბისთვის არ იქნებოდა მნიშვნელოვანი,სკოლებისთვისაც.
gia
05 ნოემბერი 2015 17:10
0
6 ერი მინიმუმ 4 წელი არ გაფართოვდება,4წლის მერე იქნებ იმას მივაღწიოდ რომ ბოლო ადგილზე მყოფი გადათამაშებაში მოხვდეს,პატატა 6 ერის გამარჯვებულთან
ჩემი წინადადებაა არ ვიცი ნიჟარაძე წაიკითხავს ამას თუ არა,შეიქმნას ,,საუშუალო ლიგა,,......ევროპიდან საქართველო,რუმინეთი.....მერე აშშ,კაკადა .....და ტონგა და სამოა{ან იაპონია}.....მათთან გავწეროდ შინ და გარეთ თამაშები.....ატარა 6ერზე ან უარი ვთქვად ან ა ნაკრები გავუშვად
მაგრამ საკლუბო რაგბის გარეშე განვითარება წარმოუდგენელია...ერთი გუნდი აუცილებლად უნდა გავუშვად ჩელენჯ კაპზე....ფინანსურად სახელმწიფოს დახმარებაც რომ დაგვჭირდეს...ამას დიდი ყურადღება და სელექცია სჭირდება{ლეგიონერების დამატებაც თუ საჭიროა}......
მე ასე ვფიქრობ თუ გვინდა განვვითარდეთ საქართველოს რაგბშიც და კალათბურთსიც თითო გუნდი უნდა ჰყავდეს ევრო დაბალ ლიგაზე
ეს ლეგიონი მალე წავა ასაკის გამო,ზოგიერთი კარიერას დაასრულებს....მერე ვაითუ ეს შედეგიც სანატრელი გავიხდეს....
ზურა ზურაბი12
05 ნოემბერი 2015 15:34
0
გამოდის რომ ჩვენს გარდა ყველას ეძლევა განვითარების საშუალება ახლო მომავლის პერსპექტივაში: არგენტინული და იაპონური კლუბები ზე რაგბის გათამაშებას დაემატებიან; ნამიბიის ნაკრები სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში ჩაერთვება; ასევე შეიქმნება ამერიკის 6-ერი, სადაც ისეთი დონის გუნდი როგორიც არგენტინაა, ითამაშებს თუნდაც იგივე ურუგვაი/ჩილე/ბრაზილიასთან. და ჩვენ რა ჩემი ფეხები... უკაცრავად...??!! ევროპული 6-ერის გაფართოების პერსპექტივა გაურკვეველი მომავლის ვადებით??!! (ამას კი ისეთი პირი უჩანს რომ არც ოთხი და არც რვა წლის მერე არ მოხდება)... სინდისიც კაი ძროხააო, ამაზეა ზუსტად ნათქვამი... იქნებ ვინმემ გამაგებინოს, არგენტინის დონის ნაკრები თუ იკადრებს ჩილესთან და ბრაზილიასთან ერთ ჩემპიონატში თამაშს, ინგლისმა და ირლანდიამ რატომ არ უნდა იკადრონ ჩვენთან და რუმინეთთან თამაში? ყოვლად გაუგებარია!!! თუ ვინმეს იმის შიში აქვს რომ ჩვენი შეშვება 6-ერში სუფთა კომერციული თვალსაზრისით არ გაამართლებს (კარგი ფინანსური ანალიზის შემთხვევაში, ამაშიდაც კი შეიძლება კაცმა ეჭვი შეიტანოს) მაშინ, მართლაც, ბ-ნი გიას თქმის არ იყოს და კეთილი ინებონ და ევროპის ჩემპიონატი მაინც ჩაატარონ რაღაც ფორმით...
levani
05 ნოემბერი 2015 14:34
0
"განვითარების მთავარი ათვლის წერტილი განათლება უნდა გახდეს. წარმატება ერთ წამს ცოცხლობს და ახლა თუ ამით ტკბობას მივეცით, არაფერი გამოვა."
ნეტა ყველა ასე აზროვნებდეს ჩვენ ქვეყანაში
guja
05 ნოემბერი 2015 14:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული