დაჭრილი მხეცი უფრო საშიშია?! რა ელით სოჭში "ბორღალოსნებს"

AutoSharing Option
11 მარტს, დილით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სოჭში გაემგზავრა, სადაც ხვალ, თბილისის დროით 16 საათზე, რუსეთის ეროვნულ გუნდს ევროპის ერთა თასის IV ტურის შეხვედრაში დაუპირისპირდება.

იქამდე კი უჩვეულოდ აქტიურობს რუსული მედია. სარაგბო ვებგვერდი Rugger.info საქართველოს ნაკრებს ათი ქულის სხვაობით მოგებას უწინასწარმეტყველებს.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

"რუმინეთის ნაკრებთან მშრალი ანგარიშით მარცხმა 30:0 საგრძნობი დარტყმა მიაყენა რუსეთის ნაკრების ამბიციებს. საქართველოს ნაკრებთან მატჩში მოსალოდნელია მოვლენების განვითარები ორი ვარიანტი. პირველი, დადასტურდება გამოთქმა, რომ "დაჭრილი მხეცი ორჯერ
უფრო საშიშია" და მეორე, სტუმრები საბოლოოდ მიგვიჩენენ ჩვენს ადგილს.

23 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ნაკრებმა პირველად და ჯერჯერობით ბოლო გამარჯვება მოიპოვა 15:9 საქართველოს ეროვნულ გუნდთან. ეს 1993 წლის 25 მაისს მოხდა. საკუთარ მოედანზე ქართველებს მუდამ ბრძოლას ვუმართავდით, მაგრამ მუდმივად ვაგებდით.

ბოლო ორ შეხვედრაში სოჭში, საქართველოს ნაკრებმა ორ-ორი ლელო გაგვიტანა. ჩვენ კი მათ ჩათვლის მოედანში ერთხელაც ვერ შევაღწიეთ.

ბრიტანულმა Daily Telegraph-მა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება მსოფლიოს ათ ყველაზე მძაფრ მატჩებს შორის დაასახელა. სიმართლე კი ისაა, რომ დროთა განმავლობაში დაძაბულობა იკლებს. გრძნობენ რა დიდ უპირატესობას სხვებთან შედარებით, რუმინეთის გარდა, ქართველები ექსპერიმენტებს მიმართავენ.

მილტონ ჰეიგმა გადაწყვიტა, რომ რუსებთან მატჩში არ სჭირდება მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა. სხვადასხვა მიზეზით გუნდში არ არიან, მიხეილ ნარიაშვილი, მერაბ შარიქაძე, გიორგი თხილაიშვილი და დავით ქუბრიაშვილი.

ალექსანდრ პერვუხინს კი დააკლდა, პაველ ბუტენკო, სერგეი ტრიშინი, სტანისლავ სელსკი და აზამატ ბიტიევი. "დათვებს" რუმინეთის ნაკრებთან განცდილი ფიასკოს შემდეგ რეაბილიტაცია სჭირდება საკუთარი ქომაგების წინაშე. საამისოდ კი აუცილებელია, თავდაუზოგავი ბრძოლა გაუმართოს საქართველოს ნაკრებს, რომელიც თავისი ექვსი წამყვანი მორაგბის გარეშეც უპირობო ფავორიტია.

ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ნაკრები 10 ქულის სხვაობით მოიგებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული