18:46 19-03-2016
საქართველო-რუმინეთი 38:9 - ევროპას კიდევ ერთხელ დავანახეთ! [VIDEO]
AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებმა" ევროპის ერთა თასთან ერთად, ანთიმოზ ივერიელის თასიც დაისაკუთრეს, რომელიც ტრადიციულად, ამ ორ ნაკრებს შორის დაპირისპირებაში თამაშდება. აღსანიშნავია, რომ საქართველო ისტორიაში მეცხრედ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული.
რაც შეეხება შეხვედრას, მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს და სანახაობრივ თამაშში, მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს. ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" უკვე მე-3 წუთზე გახსნეს. პირველივე შეტევა, 5-მეტრიანი დერეფნის შემდეგ, ანტონ ფეიქრიშვილმა ლელოთი დააგვირგვინა. მერაბ კვირიკაშვილმა კი გარდასახა - 7:0.
მე-7 წუთზე ფეიქრიშვილი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში - უხეში ბოჭვისთვის ის მსაჯმა მოედნიდან გააძევა. აქედან 5 წუთში კი ფლორინ ვლაიკუმ სხვაობის შემცირება საჯარიმო დარტყმით შეძლო - 7:3.
კაცნაკლულმა "ბორჯღალოსნებმა" მეორე ლელო მე-18 წუთზე დადეს. ლაშა ხმალაძემ ბრწყინვალედ გადაკიდა და სანდრო თოდუამ ბურთი დაამიწა. "მეკომ" ვერ გარდასახა და ანგარიშით 12:3 გახდა.
ამის შემდეგ, 30-ე და 36-ე წუთებზე ვლაიკუმ ორჯერ გაიტანა საჯარიმო, მაგრამ როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ეს რუმინელთა ბოლო ქულები იყო ამ თამაშში.
ტაიმის მიწურულს, მოედანზე დაბრუნებულმა ფეიქრიშვილმა მეორე ლელო მიითვალა. მან ბოლო მომენტში გზიდან მეტოქის სამი მორაგბე ჩამოიცილა, მანამდე კი ბრწყინვალედ მამუკა გორგოძემ ითამაშა. კვირკაშვილმა გარდასახა და ტაიმი ანგარიშით 19:9 დასრულდა.
მატჩის მეორე ნახევარი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მეოთხე ლელოთი დაიწყო. "ბორჯღალოსნების" ბრწყინვალე შეტევა გიორგი ფრუიძემ დააგვირგვინა, "მეკომ" კი გარდასახა - 26:9.
რუმინეთს არაფერი გამოსდიოდა. 59-ე წუთზე "ბორჯღალოსნების" მორიგი შეტევის შემდეგ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში გიორგი ნემსაძემ დაამიწა - 31:9.
72-ე წუთზე, მოედანზე მცირე შეხლა-შემოხლის შემდეგ მსაჯმა დავით კაჭარავა და ფლორინ ვლაიკუ გააძევა. სათამაშო ეპიზოდში დამნაშავე რუმინელი იყო, რომელმაც კაჭარავა ყელში შებოჭა და ამ უკანასკნელის სამართლიანი რისხვა დაიმსახურა.
მატჩის მიწურულს, შერკინების შემდეგ ბრწყინვალედ ლაშა ლომიძემ ითამაშა, იერიში კი კარლენ ასეიშვილის ლელოთი დასრულდა. ლაშა მალაღურაძემ გარდასახა და შეხვედრაც აქ დასრულდა - 38:9!
მატჩის საუკეთესო მორაგბედ მამუკა გორგოძე დასახელდა, კულმინაცია კი "დინამო არენაზე" "ბორჯღალოსნების" დაჯილდოება იყო - ქართველ მორაგბეებს ჯილდოები რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ გადასცა.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
და მინდა კომენტატორებს გამოვექომაგო, ერთ-ერთი საუკეთესოები არიან ქართულ რეალობაში, ცოცხლად უძღვებიან და რაც მთავარია ემოცია მოდის მათგან რაც აღწევს მაყურებლამდე