მსოფლიო რაგბის ახალი პრეზიდენტი ექვსი ერის გაზრდას არ გამორიცხავს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ახალ შეფად ბრიტანელი ბილ ბიმონტის არჩევას და მსოფლიო რაგბის საბჭოში საქართველოს და რუმინეთის შესვლას "გარდიანი" სტატიით - "ბილ ბიმონტს საქართველო და რუმინეთი შეუერთდნენ მსოფლიო რაგბის მთავარ მაგიდასთან" - გამოეხმაურა.

ბილ ბიმონტი მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარეა. ის 1-ლი ივლისიდან შევა კაბინეტში, სანამ ბერნარ ლაპასეს ვადა არ ამოიწურება. გამოცემას მიაჩნია, რომ სწორედ ლაპასეს ღია კარის პოლიტიკის წყალობით, მსოფლიო რაგბის ორგანიზაციაში (საბჭოში) ადგილები მიიღეს საქართველომ, აშშ-მა და რუმინეთმა.

"ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გააძლიერებს ექვსი ერის გათამაშებაში საქართველოსა და რუმინეთის ჩართვის პერსპექტივას.
ბიმონტს ძალზე გაუჭირდება, კარი დაუხუროს ამ ქვეყნებს.

ბიმონტის ვიცე-პრეზიდენტი არგენტინელი აუგუსტინ პიშო იქნება. პირველად ამხელა თანამდებობაზე იქნება წარმომადგენელი რვა ტრადიციული ქვეყნის გარედან", - წერს "გარდიანი".

მსოფლიო რაგბის საბჭოში არგენტინასა და იტალიას ორ-ორი ხმა ექნებათ, როგორც 8 უფრო ტრადიციულ ქვეყანას ჰქონდა აქამდე.

თითო ხმა მიიღეს საქართველომ, რუმინეთმა და აშშ-მა. ისინი შეუერთდებიან კანადას, იაპონიასა და 6 რეგიონალურ ფედერაციას, რომელთაც ასევე თითო ხმა აქვთ.

"რომ წარმოვიდგინოთ, როგორ იზრდება საქართველოს დარი ქვეყნების წილი მსოფლიო რაგბის მმართველობაში, უბრალოდ, ვიტყვით, რომ ახლა მათ შეუძლიათ მსოფლიოს თასის მასპინძლად სასურველი ქვეყნის კანდიდატურის ძლიერი ლობირება", - წერს "გარდიანი".

მსოფლიო რაგბის დამაარსებელ ქვეყნებს საბჭოში უკვე აღარ აქვთ უმრავლესობა - რვა ქვეყანას 16 ხმა აქვს, საბჭოში კი სულ 33 ხმაა (პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტსაც აქვთ ხმის უფლება).

"პიშო გააგრძელებს ლაპასეს დასახულ კურსს, მეორე დონის ქვეყნების განვითარებაში. უფრო დიპლომატიური ბიმონტისგან განსხვავებით, ის უფრო პირდაპირი და ინიციატივიანი იქნება", - წერს "გარდიანი".

"ბიმონტმა განაცხადა, რომ ის არ არის წინააღმდეგი მომავალში ექვსი ერის გაფართოების და მასში საქართველოსა და რუმინეთის ჩართვის, მაგრამ დაამატა, რომ ექვსი ერიდან ბოლოადგილოსანი გუნდის გავარდნა მას არ ესახება პრობლემის გადაჭრის სწორ გადაწყვეტილებად. ამას ტურნირის გაფართოება სჯობს.

ბიმონტის ამ მოსაზრებას ეთანხმება რაგბი ევროპის პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუ:

"გაფართოება უფრო სწორი და პრაქტიკული გადაწყვეტილება იქნება, რადგან გავარდნის სისტემა ექვს ერს სტაბილურობას დაუკარგავს, ჩვენ კი რეფორმა ისე უნდა გავახორციელოთ, რომ ეს ტურნირი არ დავაზარალოთ. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ტურნირი კომერციული კომპანიაა.

უახლოეს სამ წელიწადში შესაძლოა, საქართველო და რუმინეთი დაემატნონ 20-წლამდელთა ექვს ერს. ახლა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებმა რაც შეიძლება მეტი მატჩი გამართონ პირველი დონის ქვეყნებთან. აი, სწორედ აქ წარმოიშვება ყველაზე მეტი დებატი კალენდართან დაკავშირებით. მაგრამ პროგრესისთვის ასეთი მატჩები აუცილებელია", - მოჰყავს "გარდიანს" მორარიუს ციტატა.

ბრიტანული გამოცემა დიდ ცვლილებებს მსოფლიო რაგბის კალენდარში და მთლიანად მსოფლიო რაგბიში, 2019 წლის მსოფლიოს თასის მერე, 2020 წლიდან ვარაუდობს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენ ჩქარა გვინდა თუმცა ევროპას არ ეჩქარება და ყველაფერს ძალიან ნელა წყვიტავენ, "რანდევუ აფხე რანდევუ", ცნობილია
სტრასბურღელი
02:23 13-05-2016
0
ეხ, ფრანგის დარჩენა ჯობდა რაგბის ყოჩად,ჩვენთვის,ბეღნაღმა უფრო იცოდა ქართველების ძალა,ყველა ძლიერი ქართველი ხომ სწორედაც გალებთან თამაშობენ, საფრანგეთის ჩემფიონატის ყველა დონეზე.
samchkuashvili
21:49 12-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული