რიჩი დიქსონი: 60:0 შესანიშნავია, მაგრამ მეტი მონდომება და ყურადღება გვმართებს!

AutoSharing Option
"ორი კვრის წინ "მარკასთვის" მიცემულ ინტერვიუში ვთქვი, რომ რუსეთის ნაკრები ერთა თასის ფავორიტია და კარგი მომავალი აქვს. უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. ასეთი გუნდი საქართველოს ეროვნული ნაკრებია", - თქვა ნამატჩევს ესპანეთის ეროვნული გუნდის ახალმა მწვრთნელმა რეჯის სონმა.

საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის გათამაშების მეორე ტურში, "ლოკომოტივის" სტადიონზე ესპანელ "ლომებს" (?!) უმასპინძლა და შესანიშნავ სტილში, მშრალი ანგარიშით დაამარცხა - 60:0.

"ბორჯღალოსნებს" არაერთხელ გაუხარებია ერთგული ქართველი ქომაგი, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა სიხარულთან ერთად, მაყურებელი სტადიონს უაღრესად კმაყოფილიც ტოვებდა. ცხადია, ჩვენი გუნდის თამაშში
ხარვეზები იყო (უამისოდ მოთამაშე გუნდი მსოფლიოში არ არსებობს), მაგრამ რიჩი დიქსონის სამწყსომ საერთო ჯამში, დიდი რაგბის ელემენტებით უხვად გაჯერებული თამაში აჩვენა.

საკმაოდ სახეშეცვლილი, როგორც ამბობდნენ, გაძლიერებული ესპანელთა გუნდის ასეთი ანგარიშით განადგურებას, ალბათ, არავინ ელოდა. თუმცა, მატჩის წინ პრესკონფერენციაზე "ბორჯღალოსანთა" კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ პირდაპირ თქვა:

"ყველაფერს ვიღონებთ, რომ ეს თამაში მოვიგოთ. პირველი წუთიდან დაწყებული, მთელი ოთხმოცი წუთის განმავლობაში თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ."

ასეც მოხდა, საქართველოს ნაკრებმა ბოლო წუთამდე მართლაც თავდაუზოგავად იბრძოლა. მიუხედავად იმისა, რომ თამაში უკვე პირველ ტაიმში იყო მოგებული (27:0), მეორე ნახევარში კიდევ უფრო მაღალ ტემპში, უკომპრომისოდ ითამაშა. ყოველივე ამის დასტურად თუნდაც მატჩის ბოლო წუთზე ახლაგზარდა ფულბეკის, ბექა ურჯუკაშვილის მიერ გატანილი ლელო გამოდგება, რომელიც ჩვენი გუნდის აქტივში იმ დღეს მეცხრე იყო. იქამდე კი, როგორც უკვე ვთქვით, დიდი რაგბის მოთამაშე საქართველოს ნაკრებმა რვა ერთმანეთზე უკეთესი ლელო გაიტანა.

ანგარიში "ბორჯღალოსნებმა" მე-7 წუთზე გახსნეს. ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქეს, მისსავე ნახევარზე, მარცხენა ფრთაზე რაკში ბურთი წაართვეს. აბუსერიძემ მარჯვნივ გრძელ ფრთაზე გამოათამაშა. მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა იქვე შეუტია, თუმცა შებოჭეს. წარმოქმნილი რაკიდან ბურთი შერკინების მარჯვენა ბურჯმა ანტონ ფეიქრიშვილმა აიტაცა და ოცდაორმეტრიან ზონაში შეაღწია. ისევ რაკი, აბუსერიძემ შეტევა ისევ მარჯვნივ განაგრძო. ამჯერად მეტოქის ხაზის გაჭრა შერკინების მარცხენა ბურჯმა ვასილ კაკოვინმა სცადა და ხუთიოდ მეტრით წაიწია. აბუსერიძემ ისევ მარჯვნივ გუტანა ხაზზე ბურთი კვირიკაშვილს, რომელმაც კიდესკენ, ერთის გამოტოვებით გარემარბი ლექსო გუგავა მოძებნა. მას წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია. გარდასახვა კვირიკაშვილმა ვერ გაიტანა - 5:0.

აქედან მოყოლებული, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა თითქმის 15 წუთის განმავლობაში მეტოქის ნახევარზე გადასვლა ვერაფრით შეძლო. დროის ამ მონაკვეთში, ესპანელებს ანგარიშის შემცირების შანსი ერთხელ მიეცათ და ვერ გამოიყენეს. "ლომების" ბასკმა მგეზავმა ანდონი ხოროხურიამ საჯარმო ვერ გაიტანა.

25-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა დიდოსტატური ლელო დადო. "ბორჯღალოსნებმა" მარჯვენა ფრთაზე დერეფანი ესპანელთა ჩათვლის მოედნიდან 30 მეტრში მოიგეს. აბუსერიძემ მარცხნივ, გრძელ ფრთაზე კვირიკაშვილს გადააწოდა, ამან შეტევაში შუამარბი დავით კაჭარავა ჩართო, რომელმაც ესპანელთა დაცვის ხაზი გაჭრა და ოცდაორმეტრიან ზონაში შეიჭრა. მერე შეტევა მესამეხაზელმა გია ლაბაძემ განაგრძო, ოდნავ წინ წაიწია და უქვე კვირიკაშვილს გადაწოდა. მეკომ ბურთი ფეხით გადაიკიდა, მიჰყვა და ლელოში ყველას დაასწრო. გარდასახვა თვითონვე გაიტანა - 12:0.

ხუთ წუთში კვირიკაშვილმა საჯარიმოთი გაზარდა ანგარიში - 15:0. პირველი ტაიმის ბოლო ხუთ წუთში ჩვენმა მორაგბეებმა ორი ლელო შეიმატეს. 36-ე წუთზე მეორეზე არანაკლებ ლამაზი მესამე ლელო გამოვიდა. მარჯვენა ფრთაზე გუგავამ აუტიდან ბურთი სწრაფად შემოიტანა. შუამარბმა თედო ზიბზიბაძემ ოცდაორმეტრიან ზონაში შეაღწია, მერე მოკლე დარტყმა იქვე შერკინების კვაჭმა ირაკლი ნატრიაშვილმა განახორციელა. წარმოქმნილი რაკიდან გამოტანილი ბურთი აბუსერიძემ კაჭარავას გაატანა, რომელმაც ოცი მეტრი ირბინა, შესანიშნავი მანევრით სამ მეტოქეს ხელიდან დაუსხლტა და ლელო კარის ძელთან ახლოს დადო. კვირიკაშვილმა გარდასახა - 22:0.

ტაიმის დასრულებას აღარაფერი აკლდა, საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ ხანგრძლივი, მრავალფაზიანი შეტევა წამოიწყო. ესპანელებმა თამაშის წესი დაარღვიეს. ბურთის აუტში გადატანას აზრი არ ჰქონდა, რადგან დრო ამოწურული იყო. ამიტომ "ბორჯღალოსნებმა" მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ათ მეტრში შერკინება მოითხოვეს. ჩვენმა მორკინალებმა "ლომებს" ოდნავ უკან დაახევინეს, მერე აბუსრეიძემ შერკინებიდან გამოსული ბურთი მარჯვნივ, მოკლე ფრთაზე ფულბეკ ბესიკ ხამაშურიძეს გადააწოდა, რომელსაც სამი ესპანელი ჩამოეკიდა, მაგრამ "ანტილოპას" შეჩერება ვერაფრით შეძლეს. კვირკაშვილმა ვერ გარდასახა - 27:0. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.

შესვენების შემდეგ სტუმრებმა მხოლოდ 13 წუთის განმავლობაში გაგვიწიეს წინააღმდეგობა. 53-ე წუთზე ესპანელებმა საკუთარ 22-მეტრიან ზონაში შერკინებიდან ბურთის გამოტანა შეძლეს, მაგრამ პირინეელთა მესამეხაზელი კვირკაშვილმა შებოჭა. რაკში თამაშისას კი ქართველმა მორაგბეებმა კიდევ ერთხელ იყოჩაღეს, ბურთი მოიპოვეს და კონტრიერიში წამოიწყეს, ჯერ ლაბაძემ წაიწია წინ, მერე კიდევ ერთმა მესამეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა თითქმის ლელომდე ირბინა და იქვე მიმყოლ შერკინების კვაჭ ირაკლი ნატრიაშვილს გადააწოდა. გარდასახვა კვირკაშვილმა გაიტანა - 34:0.

მომდევნო ლელოს ორგანიზებას ჩვენი მორაგბეები 11 წუთი მოუნდნენ. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში საკუთარი დერეფანი ორჯერ ზედიზედ წააგეს. ესპანელებმა ბურთი ფეხით 22-მეტრიანი ზონიდან გაიტანეს, მაგრამ ის გარემარბ, ირაკლი მაჩხანელის ნადავლი გახდა, რომელიც მაღალი სისწრაფით ისევ ოცდაორმეტრიან ზონაში შეიჭრა, მარჯვნივ კვირკაშვილს გადააწოდა, ამან შეტევაში ზიბზიბაძე ჩართო, მისი შეჩერება კი სტუმრებმა ვეღარ შეძლეს. კვირკაშვილმა ვერ გარდასახა - 39:0.

ზიზიბაძემ თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა, 72-ე წუთზე დერეფნიდან გათამაშებული ბურთი შეცვლაზე შესულმა მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ შეტევაში თედო ჩართო, რომელიც ცრუ მოძრაობით რამდენიმე ესპანელს დაუსხლტა ხელიდან და ლელო ძელებს შორის გაიტანა. მალაღურაძემ გარდასახა. იქმდე კი, ოთხი წუთით ადრე საკმაოდ ხანგრძლივი, მრავალფაზიანი შეტევა გია ლაბაძემ დაასრულა. მალაღურაძემ ისიც გარდასახა - 53:0.

მატჩის ბოლო აკორდი კი, უკანასკნელ წამებზე შეცვლაზე შესული ახალგაზრდა ფულბეკის ბექა ურჯუკაშვილის ლელო იყო, რომელმაც მითი ესპანელთა უხერხული მეტოქეობის თაობაზე საბოლოოდ დაასამარა - 60:0.


მატჩის შემდეგ
რეჯის სონი, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი:
"საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა, მორაგბეებმა ბრწყინვალე ტექნიკური არსენალი გამოავლინეს. გუნდში იგრძნობოდა ერთსულოვნება და მორკინალები ძალიან მაგრები არიან. მოხარული ვიქნები, თუ მომავალში ჩვენც შევძლებთ ასე თამაშს.

რიჩი დიქსონი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"კარგია, რომ დიდი ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ ხარვეზები თამაშში მაინც საკმაოდ გვქონდა. ერთი-ორი ისეთი უხეში შეცდომა დავუშვით, რომ უფრო ძლიერი გუნდი არაფრით გვაპატიებდა.
კარგი იყო, რომ გუნდი ნახევარი თვე ერთად იყო, ივარჯიშა. ორი მატჩი შინ ვითამაშეთ. ახლა მომდევნო შეხვედრის გამართვა სტუმრად მოგვიწევს. ამიტომ მეტი მონდომებით უნდა მოვემზადოთ და უფრო ყურადღებით გავისარჯოთ.

ძალიან კმაყოფილი ვარ ახალი მორაგბეების თამაშით. ვასილ კაკოვინი, ანტონ ფეიქრიშვილი, ვახტანგ მაისურაძე და ბექა ურჯუკაშვილი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ.

მაიკ ბრედლი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
"ესპანეთის ნაკრებთან შეცდომები დავუშვით, რომლებიც მომავალი თამაშებისთვის აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. პოზიტიური იყო ის, რომ რამდენიმე მართლაც შთამბეჭდავი ლელო  გავიტანეთ. ძალიან მომეწონა ქართველი გულშემატკივრების ქომაგობა. იმედი მაქვს, მომდევნო მატჩზე რუმინეთის ნაკრებთან სტადიონი გაივსება."


რუსეთი-პორტუგალია 19:21
რუსეთი: 15. იგორ კლუჩნიკოვი, 14. ვასილი არტემევი, 13. მიხაილ ბაბაევი, 12. იგორ გალინოვსკი, 11. ვლადიმირ ოსტროუშკო, 10. იური კუშნარიოვი, 9. ალექსანდრ შაკიროვი. 1. კარლო მაღლაკელიძე, 2. ვალერი ცნობილაძე, 3. ევგენი პრონენკო, 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 5. ანდრეი ოსტრიკოვი, 6. ვიქტორ გრესევი, 7. ევგენი მატვეევი, 8. არტიომ ფატახოვი.
16. ალექსანდრ ხროკინი, 17. ალექსეი ტრავკინი, 18. ანდრეი გარბუზოვი, 19. კირილ კუშნარიოვი, 20. ალექსანდრ იანუშკინი, 21. კონსტანტინ რაჩკოვი, 22. ანდრეი კუზინი.
2ლ: ოსტროუშკო (2), 3ს: ი.კუშნარიოვი.

პორტუგალია: 15. ანტონიო აგოლარი, 14. გონსალო ფორო, 13. ფედერიკო ოლივიერა, 12. პედრო სილვა, 11. ჟოზე ლიმა, 10. ჯოზეფ გარდნერი, 9. პედრო ლეალი. 1. კრისტიან სპაშუკი, 2. ჟოაო კორეია, 3. ჟუან მურე, 4. ედუარდო აკოსტა, 5. გონსალო უვა, 6. ლორან ბალანგე, 7. ჟულიენ ბარდი, 8. ჟუან სევერინო.
16. ლიონელ კამპარნი, 17. ენტონი ალვეში, 18. ტიგო გიარუ, 19. ლუის სოუზა, 20. პედრო კაბრალი, 21. ფრანსისკო მირა, 22. ბერნარდო სილვეირა.
2ლ,3ს, გ,: გარდნერი

უკრაინა-რუმინეთი (გადაიდო)


ერთა თასი
III ტური, 26 თბერევალი
პორტუგალია-საქართველო, რუმინეთი-რუსეთი, ესპანეთი-უკრაინა

IV ტური, 12 მარტი
საქართველო-რუმინეთი, ესპანეთი-პორტუგალია, უკრაინა-რუსეთი

V ტური, 19 მარტი
რუსეთი-საქართველო, რუმინეთი-ესპანეთი, პორტუგალია-უკრაინა.


სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 2 2 0 0 +119 10
2. პორტუგალია 2 2 0 0 +9 8
3. რუსეთი 2 1 0 1 +2 5
4. ესპანეთი 2 0 0 2 -64 1
5. რუმინეთი 1 0 0 1 -7 1
6. უკრაინა 1 0 0 1 -59 0.






.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული