ვწურეთ, ვწურეთ და გამოვწურეთ - 12:13 პორტუგალიაში [+VIDEO]

AutoSharing Option
იტალიელმა არბიტრმა ბოლოს როდის გვიმსაჯა, აღარც მახსოვს. თუ არ ვცდები, რამდენიმე წლის წინათ, საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურად მოითხოვა ამ ქვეყნის მსაჯებს ჩვენი ეროვნული გუნდის თამაშები აღარ განესაჯათ. მაშინაც პრეტენზიები პორტუგალიის ნაკრებთან თამაშის შემდეგ გაჩნდა. ახლაც იტალიელი რატომღაც მხოლოდ პორტუგალიასთან მატჩში დაგვინიშნეს. იმანაც, როგორც პირინეელ არბიტრებს სჩვევიათ, მასპინძლებისთვის ყველაფერი გააკეთა. რა ექნა, მატჩის ბოლოს, მათ მაგივრად საჯარიმოს თვითონ ხომ არ დაარტყამდა?

ეს, რაც შეეხება მსაჯს. ახლა, მოდით, ჩვენ გუნდზეც ვთქვათ. ერთ-ერთ სარაგბო ფორუმზე, ერთმა რუსმა ქომაგმა განაცხადა:

"მსაჯი, ცხადია, ნაგავი იყო,
მაგრამ ისეთი მაღალი კლასის გუნდი, საქართველოს ნაკრები რომ არის, პორტუგალიას მაინც დიდი სხვაობით უნდა უგებდესო."

ძნელია, არ დაეთანხმო. ცხადია, მოედანზე სათამაშოდ რომ გადიოდნენ, "ბორჯღალოსნებს" სწორედ ეს მიზანი ჰქონდათ. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ლობუშები" ამ ერთი შეხვედრის მოგებით, ფაქტობრივად, ერთა თასის მფლობელები გახდებოდნენ და არაფერს დათმობდნენ, ბოლომდე იბრძოლებდნენ. იბრძოლეს კიდეც და არაფერს თაკილობდნენ, არც ფეხბურთში კარგად აპრობირებულ და რაგბისთვის სრულიად მიუღებელ სიმულაციაზე უთქვამთ უარი.

ერთი სიტყვით, პორტუგალიელებს ეს თამაში, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, უნდა მოეგოთ. ასეც იქნებოდა, პედრო კაბრალისთვის ნერვებს რომ არ ემტყუნა. თამაში დამთავრებული იყო, კაბრალმა, რომელიც ავსტრალიელი ჯო გარდნერის გაპორტუგალიელებამდე მთავარი დამრტყმელი იყო, ორმოცი მეტრიდან საჯარიმო ისე უხეიროდ დაარტყა, რომ კარის ძელთან ახლოს მდგომმა ვასილი კაკოვინმა თავის გაწევა ძლივს მოასწრო.

საჯარიმო კი ჩვენი გუნდის მიერ დაშვბულ რამდენიმე შეცდომას მოჰყვა. შერკინება ჩვენ სასარგბელოდ მეტოქის ნახევარზე, ცენტრთან ახლოს დაინიშნა. თამაშის დამთავრებამდე ერთი წუთი დარჩაო, ამცნო გუნდებს იტალიელმა რეფერიმ. ეს ის სიტუაციაა, როცა მაღალი დონის გუნდმა აუცილებლად უნდა შეძლოს ბურთის შენარჩუნება, თუ მეტსაც მოახერხებს და ქულებსაც შემატებს მონაგარს ხომ კიდევ უკეთესი.

ჩვენმა გუნდმა ეს ვერ შეძლო. რამდენიმე წუთით ადრე პორტუგალიელებმა შერკინება დაგვიძრეს კიდეც. ამჯერადაც მძლავრად მოგვაწვნენ, ისე რომ "ბორჯღალოსნებს" შერკინებიდან ბურთი გამოუვარდათ. შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა ბიძინა სამხარაძემ ის რთულ მდგომარეობაში მიიღო და უკან ასევე შეცვალზე შესულ მგეზავ მერაბ კვირიკაშვილს ნახტომში გადააწოდა. "მეკომ" ბურთი ვერ დაიჭირა, ხელიდან გაუვარდა და მეტოქის ნადავლი გახდა.

პორტუგალიელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და წარმოქმნილ რაკში არბიტრმა ჩვენები დააჯარიმა. აი, სწორედ აქ "იყოჩაღა" კაბრალმა. ვერ გაიტანა და საქართველოს ნაკრებმა მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა -13:12.

საქართველოს ნაკრებმა (ისევე როგორც პორტუგალიელთა გუნდმა) საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა. თუმცა, თუ "ლობუშებთან" ადრინდელ თამაშებს გავიხსენებთ, "ბორჯღალოსნებმა" სრულიად განსხვავებული სტილით ითამაშეს და მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ. მასპინძლებმა ჩვენ ოცდაორმეტრიან ზონაში მხოლოდ ორჯერ შემოაღწიეს და არც ერთი სალელოვე შეტევა არ განუხორციელებიათ.

მეტიც, იმის გარდა, რომ ჩვენი შერკინება მეტოქისას, როგორც სტატიკაში, ისე დინამიკაში ჩაგრავდა, პორტუგალიელებს დერეფანიც მოვუგეთ. "ლობუშები" ან უხეიროდ აგდებდნენ აუტიდან ბურთს, ან მათ მხტომელს ხელიდან უვარდებოდა. რამდენიმე შეცდომა დერეფანში ჩვენც მოგვივიდა, თუმცა მეტოქე უფრო სცოდავდა. ბორჯრალოსნებმა ეს უპირატესობაც ვერ გამოიყენეს.

არადა, შეტევისას მორკინალებთან ერთად უკანახაზელებიც კარგად ირჯებოდნენ. "ლობუშების" დაცვის ხაზიც რამდენჯერმე გავჭერით. შედეგად კი პირველი ტაიმის მიწურულისთვის 3:6-ს ვაგებდით. თანაც გარდნერმა ორი საჯარიმო ვერ გაიტანა. ჩვენმა მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ კი ორიდან ერთი დაარტყა ზუსტად.

პირველი ნახევარი მაინც "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს. შერკინება პორტუგალიელთა სასარგებლოთ მათ ლელოსთან ახლოს დაინიშნა. ჩვენმა მორკინალებმა მოწინააღმდეგეს ორიოდ მეტრით უკან დაახევინეს, ბურთი წაართვეს და თამაში რაკში გადავიდა. იქიდან ბურთი ჯერ დავით ზირაქაშვილმა აიტაცა, მერე კიდევ ერთმა პირველხაზელმა დავით ხინჩაგიშვილმა წაიწია წინ. გუნდის კაპიტანმა ირაკლი აბუსერიძემ რაკიდან ბურთი სწრაფად გამოიტანა და მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე მალაღურაძეს გადააწოდა. ამან კიდევ უფრო მარჯვნივ შეტევაში შუამარბი დავით კაჭარავა ჩართო, რომელიც მეტოქის დაცვის ხაზში ქარიშხალივით შეიჭრა და ლელოში გადახტა. მალაღურაძემ გარდასახა - 10:6.

შესვენების შემდეგ პორტუგალიელებმა მალევე შეძლეს გარდნერის საჯარიმოთი ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება - 9:10. ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა რამდენიმე ცვლილება განახორციელეს, რამაც "ბორჯღალოსანთა" თამაში საგრძნობლად გამოაცოცხლა. რამდენჯერმე სახიფათოდ შევუტიეთ, იერიშის მიმართულებასაც ხშრად ვცვლიდით. ერთი სიტყვით, ჩვენი უკანა ხაზი პორტუგალიის ნაქებ უკანა ხაზს აშკარად ჯობნიდა, თუმცა მასპინძლები კედელივით იდგნენ და მსაჯის დახმარებით, თუ უმისოდ, ლელოში არ გვიშვებდნენ.

მე-60 წუთზე კვირიკაშვილმა საჯარიმოთი სხვაობა ოთხ ქულამდე გაზარდა - 13:9. მოგვიანებით, თამაშის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, მას საჯარიმოთივე შეეძლო ჩვენი გუნდის შვიდი ქულით დაწინაურება, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ამას კი, ის ამბები მოყვა, რაზეც ზემოთ გიამბეთ.

ერთი სიტყვით, ძალიან გაგვიჭირდა. გამოჩნდა, რომ სამუშაო მართლაც ბევრია. კარგია, რომ მაინც მოვიგეთ, შეიძლება ისიც კარგია, რომ გაგვიჭირდა. მერე "ლობუშებს" შეიძლება მადლობაც ვუთხრათ. ოღონდ საამისოდ, სწორი დასკვნების გაკეთებაა საჭირო.


პორტუგალია-საქართველო 12:13
პორტუგალია (15-9) აგილარი, ფორო, ოლივეირა, სილვა, ლიმა (მირა 63), გარდნერი (კაბრალი 63), ლეალი (პინტუ 67). (1-8) მურე, კორეა (კონპერნი 47), სპაშუკი (ალვეში63), სევერინო, გ.უვა, ვ.უვა, ბარდი, გიარაუ (ლერუ 47).
4ს: გარდნერი (3), კაბრალი.
საქართველო (15-9) ბ.ურჯუკაშვილი, მაჩხანელი, კაჭარავა, ზიბზიბაძე, გუგავა (ჩხიკვაძე 64), მალაღურაძე (კვირიკაშვილი 52), აბუსერიძე (სამხარაძე 72) (8-1) ხინჩაგიშვილი (კაკოვინი 52), გიორგაძე (ნატრიაშვილი 52), ზირაქაშვილი (შველიძე 68), დათუნაშვილი, მაისურაძე, მაისურაძე, სუთიაშვილი, ჩხაიძე (კოლელიშვილი 67).
ლ: კაჭარავა. 2ს: მალაღურაძე, კვირიკაშვილი. გ: მალაღურაძე.
სინბინი: ჩხაიძე
მსაჯი: კ. პასაკანტანდო (იტალია)


რუმინეთი-რუსეთი 33:3
რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში, 14. მადალინ ლემნარუ, 13. იონელ კაზანი, 12. რობერტ დესკალუ, 11. კატალინ ფერკუ, 10. ფლორინ ვლაიკუ, 9. ლუჩიან სირბუ. 1. სეზარ პოპესკუ, 2. ბოგდან ზებეგა, 3. მიჰაიტა ზაზარი, 4. სორინ სოკოლი, 5. კრისტიან პეტრე, 6. სტელიან ბურეა, 7. დანიელ იანუსი, 8. ოვიდიუ ტონიცა.
16. ვასილე მარისკარიუ, 17. ნიკოლაე ნერე, 18. ვალენტინ პოპირლანი, 19. დანიელ კარპო, 20. ფლორინ სურუგიუ, 21. დანიც დუმბრავა, 22. კონსტანტინ გეარა.
3ლ: ზებეგა, სირბუ, კარპო. 4ს,3გ: ვლაიკუ.
რუსეთი: 15. ვასილი არტემევი, 14. ანდრეი კუზინი, 13. მიხაილ ბაბაევი, 12. იგორ გალინოვსკი, 11. ვლადიმირ ოსტროუშკო, 10. იური კუშნარიოვი, 9. ალექსანდრ იანუშკინი. 1. ივან პრიშეპენკო, 2. ვლადისლავ კორშუნოვი, 3. ევგენი პრონენკო, 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 5. ანდრეი ოსტრიკოვი, 6. ვიქტორ გრესევი, 7. კირლ კუშნარიოვი, 8. არტიომ ფატახოვი.
16. კარლო მაღლაკელიძე, 17. ალექსეი ტრავკინი, 18. ანდრეი გარბუზოვი, 19. ევგენი მატვეევი, 20. ალექსანდრ შაკიროვი, 21. კონსტანტინ რაჩკოვი, 22. იგორ კლუჩნიკოვი.
ს: ი. კუშნარიოვი

ბუქარეტში რუმინეთის ნაკრებმა საბოლოოდ დაამსხვრია რუსული რაგბის პროგრესის თაობაზე არსებული მითი. სოჭში პორტუგალიის ნაკრებთან წაგების შემდეგ, რუსთა ეროვნული გუნდი "მუხის ფოთლებთან" 3:33 დამარცხდა.

მეტნაკლები წინააღმდეგობა რუსებმა მატჩის პირველ ტაიმში გასწიეს, რომელიც რუმინელებმა ფლორინ ვლაიკუს სამი საჯარიმოს წყალობით 9:3 მოიგეს. შესვენების შემდეგ საჯარიმო ისევ ვლაიკუმ გაიტანა. რასაც "ვლახების" მოლით გატანილი ლელო მოჰყვა, ბოლოს ბურთით ხელში პირველხაზელი ბოგდან ზებეგა იყო.

რუმინელებმა მოგვიანებით კიდევ ორი ლელო მიითვალეს, რაც რუსთა სრულიად უსუსური თამაშის, ელემენტარული შეცდომების შედეგია.


ესპანეთი-უკრაიანა 35:13
ესპანეთი (15-9) სერხი ობანელი, 14. მატიას ტუდელა, 13. ხუან კანო, 12. ხავიერ კანოსა, 11. პიერ ბელსუნსე, 10. მარტინ ერედია, 9. ადრიან აიესტარანი. 1. ვიცტორ ასევედო, 2. ფაბიენ როფსი, 3. მატინ ოზქუი, 4. ხესუს რეკუერდა, 5. სერხიო სოიტო, 6. გაუტიერ გიბონი, 7. მეთ კუკი
16. ხუან გონსალესი, 17. ხესუს მორენო, 18. ვიქტორ გომესი, 19. მატიო როსა, 20. პაბლო ფეიხოო, 21. ანდონი ხორახურია, 22. პედრო მარტინი
5ლ: როფესი (2), ერედია, ტუდელა, გიბუნი. 5გ: ობენალი.
უკრაინა: 15. ვიაჩესლავ პონომარენკო, 14. სერგეი მონასტირიოვი, 13. დენის მასიუკოვი, 12. გიორგი გეგიძე, 11. ოლეგ კოსარევი, 10. სერგეი ცერკოვნი, 9. ზურაბ კიკაჩეიშვილი. 1. სეგეი სუხინი, 2. მიკოლა კირსანოვი, 3. ივან ზალიზნიაკი, 4. რუსლან რადჩუკი, 5. ვიაჩესლავ კრასილნიკი, 6. ოლექსეი ნოვიკრეშენოვი, 7. ოლექსანდრ ლომაკინი, 8. ოლექსანდრ ტარასენკო.
16. დიმიტრი კირსანოვი, 17. ევგენი ჩაიკა, 18. ოლექსანდრ პოლიანსკი, 19. მაქსიმ კრავჩენკო, 20. რომან კულაკივსკი, 21. სერგეი გარკავი, 22. ოლექსანდრ მიშინოვი
2ლ: ნოვოკრეშენოვი, კირსანოვი. ს: კოსარევი.

ესპანეთის ნაკრებმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა შინ უკრაინის ნაკრებთან. "ლომებმა" მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს, რისთვისაც ერთი საპრემიო ქულაც მიიღეს.

უკრაინელთა რიგებში, ცხრა ნომერ ზურაბ კიკაჩეიშვილთან ერთად, კიდევ ერთი ქართველი შუამარბი გიორგი გეგიძეც გამოჩნდა.


ერთა თასი
IV ტური, 12 მარტი
საქართველო-რუმინეთი, ესპანეთი-პორტუგალია, უკრაინა-რუსეთი
V ტური, 19 მარტი
რუსეთი-საქართველო, რუმინეთი-ესპანეთი, პორტუგალია-უკრაინა.

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +120 14
2. პორტუგალია 3 2 0 1 +8 9
3. ესპანეთი 3 1 0 2 -44 6
4. რუმინეთი 2 1 0 1 +23 5
5. რუსეთი 3 1 0 2 -28 5
6. უკრაინა 2 0 0 2 -81 0.






.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აგაშენათ ღმერთმა! თქვენგან მაინც ვგებულობთ ქართული სპორტის სიახლეებს, თორემ სხვებს სპორტი მარტო ჩემპიონთა ლიგა ჰგონიათ! მადლობა!
giorgi
13:22 28-02-2011
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო ,რა შეასრულეს ჰიმნი,წარმატებები რეგბისტებს
ilia
14:03 28-02-2011
0

სიახლეები პოპულარული