შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]

AutoSharing Option
"დღეს ჩვენ აშკარად გვაჯობეს. ასეთი ანგარიშით წაგება არ გვეკადრება, თუმცა ამ წაგებიდანაც უნდა ვისწავლოთ და ამ მხრივ ეს თამაში ნამდვილად ფასეული იყო", - ეს სიტყვები ნამატჩევს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ თქვა. მარცხის მიუხედავად, ჩვენი გუნდის მიმართ ქომაგის დამოკიდებულება კარგად აისახა სოიცალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეორგოლში, სადაც ასახულია, მატჩის შემდეგ როგორ ხვდებიან "ბორჯღალოსნებს" ერთ-ერთ შოტლანდიურ პაბში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ახლა, თვითონ მარცხის შესახებ. საქართველოს ნაკრებს ვიღაცასთან არ წაუგია. "ბორჯღალოსნები" დამარცხდნენ ელიტურ გუნდთან, რომელსაც ბოლო 14 წლის განმავლობაში წლევანდელ სეზონში საუკეთესო შედეგი აქვს.
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის, ვერნ კოტერის დამოძღვრილი "ნარშავები" თამაშიდან-თამაშამდე პროგრესირებენ. მეტსაც გეტყვით, ასეთი ძლიერი შოტლანდიის ნაკრები მინიმუმ ბოლო 20 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა.

ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ პირველ ტაიმში მეტოქეს ბურთი დავუთმეთ. ვერ ვიტყვი, რომ "ნარშავებს" ჩვენი ბიჭები კრძალვით ეპყრობოდნენ. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ მე-5 წუთზე ვასილ ლობჟანიძის ლელოთი ანგარიში სწორედ ჩვენ გავხსენით.

ამას მალე მოჰყვა სკოტების ორი ლელო, რომელთაგან (ჩვენი მოკრძალებული აზრით) არცერთი იყო ჩასათვლელი. პირველ შემთხვევაში მეტოქეს ლობჟანიძემ აშკარად დაასწრო, ბურთზე ხელი აუკრა და ტომ სიმორს ის ნამდვილად არ დაუმიწებია. მეორე ლელოს შემთხვევაში, მასპინძლებმა დერეფანში ბურთი წესის დარღვევით მოაწოდეს. მსაჯს ბურთი ჩვენთვის უნდა გადმოეცა. ამის სანაცვლოდ კი, შოტლანდიელებმა მოლი შეკრეს, მოგვაწვნენ და არბიტრმა საჯარიმო ლელო არ გვაკმარა, ჩვენი მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე სინბინში გაუშვა.

მასპინძლების უპირატესობა კაცნაკლულ მეტოქესთან კიდევ უფრო გამოიკვეთა და ამას კიდევ ერთი ლელო მოჰყვა.

ერთი სიტყვით, პირველი ტაიმი მრავალ მიზეზთა გამო ჩვენს ნაკრებს აშკარად ჩაუვარდა. პირველი ნახევარი 11:31 წავაგეთ. ლობჟანიძის ლელოს ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა ორი საჯარიმო მიაყოლა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნებს" თითქოს ფსიქოლოგიური წნეხი მოეხსნათ, გაცილებით უკეთ ათამაშდნენ. მეტოქეს კიდევ ერთი ლელო გავუტანეთ. თავი ისევ ლობჟანიძემ გამოიჩინა.

თუმცა, მსაჯი აქაც შეცდა ან განზრახ თვალი დახუჭა. ჩვენმა შერკინებამ შოტლანდიელები საგრძნობლად დაჩაგრა. მასპინძელთა ლელოდან ხუთ მეტრში დანიშნული შერკინებიდან ჩვენმა გუნდმა მეტოქე ჩათვლის მოედანში შეათრია. ბურთს ფეხით შეცვლაზე შესული მესამეხაზელი ლაშა ლომიძე აკონტროლებდა. ის იყო, ბურთი ხელში უნდა აეღო, რომ თამაშგარეში მყოფმა მასპინძელთა ცხრა ნომერმა გრეგ ლეიდლოუმ ფეხი მიჰკრა და უკან გამოგორდა. ბედად, ლობჟანიძე იქვე იდგა, ბურთი აიტაცა და ლელოში გადადო.

რა უნდა ექნა მსაჯს? მას საჯარიმო ლელო უნდა დაეფიქსირებინა და ლეიდლოუ სინბინში გაეშვა. ინგლისელმა არბიტრმა კი, წესის ეს დარღვევაც გაატარა, როგორც ბევრი სხვაც.

ისე არ გამოვიდეს, რომ მხოლოდ მსაჯია ჩვენს მარცხში დამნაშავე. არა, შოტლანდიას მაინც ვერ მოვუგებდით და მიუხედავად ამისა, ასეთი მსაჯობა ნამეტანია.

მორაგბეები და მწვრთნელები მარცხს მხოლოდ საკუთარ თავს აბრალებენ, რაზეც მატჩის შემდეგ გამოთქმული მათი კომენტარები მეტყველებს. ეს კი იმედს გვაძლევს, რომ ამ შეხვედრიდან სათანადო დასკვნები გაკეთდება, მარცხის რეალურ მიზეზებს ზუსტად განსაზღვრავენ და მათ აღმოსფხვრელად ძალას არ დაიშურებენ.

- როგორ შეხვდნენ "ბორჯღალოსნებს" ქართველი ფანები შოტლანდიურ პაბში [VIDEO]
- შოტლანდია-საქართველოს შემდეგ: "რეიტინგში სხვაობა მხოლოდ ხუთი საფეხურია, მაგრამ სინამდვილეში ეს უფსკრულია"

მატჩის შემდეგ
მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"პირველი ტაიმი გულდასაწყვეტი გამოდგა, რის შემდეგაც მოგება-წაგებაზე ფიქრი ზედმეტი იყო და უბრალოდ, უნდა გვენახვებინა, რა შეგვეძლო. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა გვებრძოლა და ჩვენ ეს ნამდვილად მოვახერხეთ. ვაღიარებ, პირველი 40 წუთი წაგებულის პოზიციიდან ვთამაშობდით და მეტოქეს თავად მივეცით ქულების ადვილად მოპოვების შესაძლებლობა.

შოტლანდია ძლიერი, გამოცდილი გუნდია და მისი ძალის შეფასებისას არ შევმცდარვართ. ნოემბერში ჩვენ იაპონიას და სამოას ვეთამაშეთ, შოტლანდია კი, ავსტრალიას და არგენტინას. დონეთა სხვაობა ძალიან დიდია და ეს პირველ ტაიმში თვალშისაცემი იყო.

თებერვალ-მარტში გერმანიასთან და ბელგიასთან მოგვიწევს თამაში, შოტლანდიას - უელსთან, ინგლისთან, ირლანდიასა და საფრანგეთთან. თუ სისტემატურად არ მოგვეცემა ელიტური ნაკრებების წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა, შოტლანდიის მსგავს გუნდთან გათანაბრება გაგვიჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ეს თამაში წინგადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა მეორე ტაიმში, შერკინებასა და მოლში კარგი თამაშით ქართული რაგბის ძალა ვაჩვენეთ".

მამუკა გორგოძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"საქართველოს ნაკრების ცალკეულ მოთამაშეს ასეთი დონის მეტოქესთან თამაშის გამოცდილება აქვს, მაგრამ როგორც გუნდს, ეს გამოცდილება გვაკლია.

მსგავსი შანსი ხშირად უნდა გვქონდეს. დღეს ჩვენ აშკარად გვაჯობეს. ასეთი ანგარიშით წაგება არ გვეკადრება, თუმცა ამ წაგებიდანაც უნდა ვისწავლოთ და ამ მხრივ ეს თამაში ნამდვილად ფასეული იყო".

ვერნ კოტერი, შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. სამი ლელო სწრაფად გავიტანეთ, ბურთი მოვიპოვეთ და მეტოქეს არ მივეცით. ამიტომ მოწინააღმდეგე თამაშში ვერ ერთვებოდა. ჩვენი ბიჭები სერიოზულად მიუდგნენ თამაშს, სოლიდურად მოემზადნენ და თავიდანვე მოუპოვეს გუნდს უპირატესობა გასამარჯვებლად. მეტოქე ძალიან კარგია ფიზიკურად და ეს შეხვედრაც მძიმე იყო ამ კუთხით. ჩვენ გამარჯვება კარგი თამაშით მოვიპოვეთ.

მეორე ტაიმში თამაში ცოტა გაიხსნა. ბურთი სველი იყო, ციოდა. ამიტომაც ჩვენი გადასვლები დაცვიდან შეტევაში ისეთი სწრაფი ვეღარ იყო, როგორიც სასურველია. გრეიგ ლეიდლოუმ დიდებულად ითამაშა. ჩვენ უფრო და უფრო ვუმატებთ".

გრეგ ლეიდლოუ, შოტლანდიის ნაკრების კაპიტანი:
"ჩვენ 43 ქულა ავიღეთ და ძალიან კარგი ლელოები გავიტანეთ ფიზიკურად ძლიერი საქართველოს წინააღმდეგ. ძალიან მომწონს ჩვენი შემტევი სტილი, რომლითაც მეტოქეებს პრობლემებს ვუქმნით.

ჩვენ კარგად ვიცოდით, ფიზიკურად რამდენად მძიმე თამაში გველოდა. ძალიან კარგია ასეთი პუბლიკის წინაშე დამაჯერებლად მოგება.

პირველი ორი თამაში ავსტრალიასთან და არგენტინასთან უფრო დაძაბული იყო, დღეს უფრო კარგად დალაგდა ჩვენი თამაში, ეს კი ბიჭების მძიმე შრომის შედეგია. გვინდა, რომ ასე კარგად გავაგრძელოთ გაისად ექვს ერზეც".

ნოემბრის ტესტები
26.11. კილმარნოკი. "რაგბი პარკი"
შოტლანდია-საქართველო 43:16
საქართველო (15-9) კვირიკაშვილი (ბეგაძე 73), აფციაური (წიკლაური 73), შარიქაძე, მჭედლიძე, თოდუა, მალაღურაძე, ლობჟანიძე (1-8) ნარიაშვილი (ასიეშვილი 49), ბრეგვაძე (ალხაზაშვილი 49), ჩილაჩავა (ქუბრიაშვილი 49), მიქაუტაძე, ნემსაძე (სუთიაშვილი 62), კოლელიშვილი (თხილაიშვილი 46), 7. გორგოძე, ბიწაძე (ლომიძე 52)
2ლ: ლობჟანიძე (2); 2ს: კვირიკაშვილი
სინბინი: მიქაუტაძე
შოტლანდია (15-9) ჰოგი, მეითლენდი (ჰიუზი 53), ბენეთი (ჰორნი 63), დანბარი, სიმორი, რასელი, ლეიდლოუ^(პრაისი 73). (1-8) დელი (ალენი 56), ფორდი (ბრაუნი 53), ფეიგერსონი (ლოუ 73), რ. გრეი, ჯ. გრეი (გილქრისთი 73), ჰარლი (ბარქლეი 48), ვოთსონი, ვილსონი
6ლ: სიმორი, საჯარიმო, მეითლენდი ჰოგი (2) ვოთსონი; 5გ,ს: ლეიდლოუ
სინბინი: ლოუ
მსაჯი: მეთიუ ქარლი (ინგლისი)

სხვა მატჩები
სამოა-კანადა 25:23
იტალია-ტონგა 17:19
ფიჯი-იაპონია 38:25
ინგლისი-არგენტინა 27:14
ირლანდია-ავსტრალია 27:24
უელსი-სამ.აფრიკა 27:13
საფრანგეთი-ახ.ზელანდია 19:24
რუმინეთი-ურუგვაი 36:10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 41 /
მეგობრებო,მეც და ბევრი თქვენგანიც ბევრს ვლაპარაკობთ მსაჯობაზე.მეც და დარწმუნებული ვარ თქვენი აბსოლიტური უმრავლესობაც ფეხბურთის ტავგადაკლული გულშემატკივრებიც ვართ.ახლა რატომ დავიწყე ამაზე ლაპარაკი,წეღან შემთხვევით გადავრთე ტელევიზორი ,,სტარვიზიაზე*10 საათზე.ჰოდა იქ მიწვეული ჰყავდათ ვლადიმარ გუცაევი და საუბრობდნენ თასების მფლობელთა თასზე ფეინოორდთან ნახევარფინელურ მატჩებზე,ფრაგმენტების ჩვენებით.ეს სამაგალითო თამაშები იყო იმის საჩვენებლად,თუ როგორ უნდა ითამაშოს ძლიერმა გუნდმა ცუდი მსაჯობის დროს.გადაახვიეთ და ნახეთ მეგობრებო,სტარვიზია 1 დეკემბერი, 10 საათი 00 წუთი,დინამოს დიდებული თამაში და საარაკოდ უნამუსო მსაჯობა.ჯერ მარტო რამაზ შენგელიას ოთხი,დიახ არ შემშლია,ოთხი ნაღდი გოლიარ ჩაუთვალეს ორ თამაშში,არ ჩათვლილი გოლები და არდადებული პენალტები კიდევ სხვაც იყო,მაგრამ
დინამომ მაინც გაიკვლია გზა ფინალისაკენ.უყურეთ მეგობრებო და ისიამოვნეთ.
სოსო
12:31 01-12-2016
0
ასეთ ტამაშში მსაჯისთვის რამის დაბრალება საკუტარის სისუსტის დემონსტრირებაა. შესაძლოა, მსაჯმა რაიმე შეცდომა დაუშვა, თუმცა ეს ვერანაირად იმოქმედებდა ანგარიშზე, რადგან შოტლანდიის ნაკრები ბევრად ძლიერია, სწრაფია და აშკარა იყო, მეტი მონდომების შემთხვევაში უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდნენ.
რაგბის რეალურად, პროფესიულ დონეზე მთელ მსოფლიოში 20 ქვეყანაში თამაშობენ. პირველი ცხრა გუნდი ბევრად ძლიერია დანარჩენებზე და ის უიშვიათესი გამონაკლისები, როცა ტესტ-მატჩში ე.წ. "ელიტა" მარცხდება, მხოლოდ კონკრეტული შეხვედრისადმი არასათანადო მიდგომის და არასრულყოფილი შემადგენლობით თამაშის მიზეზია.
საქრთველოს რაგბის ფედერაციას ამ ეტაპზე ერთი მიზანი უნდა ამოძრავებდეს: წლის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი თამაში პირველი ათეულის გუნდებთან.
ერთ რამეზეც ცმსურს გავამახვილოთ ყურადღება. ნუ ადარებთ რაგბის მსოპლიოში ყველაზე პოპულარულ ფეხბურთს და კალათბურთს. მათ თავისი გზა აქვთ და უნდა დაიხარჯოს მეტი თანხები. კი ბატონო, ფეხბურთზე საკმაო თანხა იხარჯება, მაგრამ, როგორც ვიცი, მიღწეული მართლაც დიდი წარმატებების მიუხედავად, კალათბურთს სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო ყურადღება აქვს და ფინანსებიც მიზერული აქვთ.
მოკლედ, რაგბის არავის ხარჯზე არ ჭირდება დახმარება. ყველა სპორტს უნდა მიეცეს იმდენი, რასაც იმსახურებს. მთავრობას კი ვურჩევ, სპორტი სწორედ ის გზაა, რაც თაობების სწორ აღზრდას, ფიზიკურად და სულიერად გავითარებას უწყობს ხელს.
ლადო
17:21 29-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული