2016 წლის მთავარი მოვლენები და გმირები ქართულ რაგბიში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა წლეულს სულ 11 ტესტი გამართა, აქედან 8 მოიგო, 2 წააგო და ერთში ფრეს მიაღწია. ვფიქრობთ, ურიგო შედეგი არ უნდა იყოს. მით უფრო, რომ სეზონი გუნდმა მსოფლიოს რეიტინგში მე-14 ადგილით დაიწყო და ორი საფეხურით წინ წაიწია.

დღესდღეობით "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-12 ადგილზე არიან, არადა, საუკეთესო ათეული სულ აგერ, ერთი ხელის გაწვდენაზე იყო. ამაზე ოდნავ ქვემოთ.

დაგვიძველდა ერთა თასი
წლევანდელი სტატისტიკა, ზემოთ თქმულის გარდა, ასეთია. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ერთა თასის გათამაშება წლეულს ზედიზედ მეექვსედ, სულ კი მეცხრედ მოიგო. მეექვსედ შეასრულა დიდი
სლემი, ანუ ტურნირში მოიგო ყველა მატჩი. მეათედ მოვიგეთ "ანთიმოზ ივერიელის თასი", რომელიც ჩვენსა და რუმინელთა ნაკრებს შორის თამაშდება.

- საქართველო-რუმინეთი 38:9 - ჩამოდით, გვეთამაშეთ [VIDEO+PHOTO]

სამწუხაროდ, ერთა თასზე გამარჯვება "ბორჯღალოსნებისთვის" იმდენად ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ საქართველოში მას დიდ მნიშვნელობას აღარ ანიჭებენ. ის რატომღაც გაუბრალოვდა, აღარსად ახსენებენ. უკეთეს შემთხვევაში, ისე, გაკვრით თუ იტყვიან რამეს.

არადა, ეს ტურნირია, რომელზეც გუნდი მაქსიმალურად იხარჯება და იმარჯვებს. კი გადაიზარდა "ერთა თასისთვის" უკვე ჩვენი ნაკრები, მაგრამ რადგან აქ ვართ და ვიგებთ, უნდა დავაფასოთ. მით უფრო, რომ წლეულს ერთა თასის ბოლო მატჩში "ბორჯღალოსნებმა" ტრადიციული მეტოქე რუმინეთი სარეკორდო ანგარიშით დაამარცხეს.

ქოქოსი თუ "ქოქოსა"?
"გავიღვიძე ერთ დილას და სამოასთან ფრედ დასრულებული მატჩის შედეგი დამხვდა, გავიღვიძე მეორე დილას და ლევან ჩილაჩავას გზავნილი ვნახე ტელეფონში - ნახე, ბიჭებმა ტონგასთან როგორ დაგლიჯესო? მესამე დილას გავიღვიძე და სულ გადავირიე: ფიჯის მოვუგეთ დამაჯერებლად", - ეს სიტყვები ჩვენთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ თქვა.

"ბორჯღალოსნებმა" წლეულს, ივნისის ტესტებზე, ოკეანეთი დაუმარცხებლად მოიარეს - სამოას დაუზავდნენ, ტონგას და ფიჯის კი მოუგეს.

- სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]
- ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]
- ფიჯი-საქართველო 3:14 - ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! [VIDEO+PHOTO]

გუნდს გორგოძე და რამდენიმე წამყვანი მორაგბე აკლდა, რომლებიც საფრანგეთის ჩემპიონატში პლეი ოფებში თამაშობდნენ.

ასეთი წარმატების მიზეზის ახსნა, ცხადია, "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელ თავკაცს, მილტონ ჰეიგსაც ვთხოვეთ. ხაზი იმასაც გავუსვით, რომ ოკეანეთში ჩვენთვის უჩვეულო კლიმატია.

"ტენიანობა აპიაში 96 პროცენტს აღწევდა. გადავწყვიტეთ, თავი არ აგვერიდებინა ამისთვის და შენობას კი არ  შევფარებოდით, არამედ რაც შეიძლება დიდხანს გარეთ ვყოფილიყავით. ასე კლიმატს უფრო სწრაფად შევეგუებოდით. ძალიან დაგვეხმარა ქოქოსი, რომლის წვენსაც ჰიდრაციის პროცესის გასაუმჯობესებლად ხშირად ვსვამდით. გუნდი დღეში 100 ქოქოსის კაკლის წვენს სვამდა", - გვიპასუხა მან.

ჰეიგს თუ ვენდობით, ქოქოსის გამო მოგვიგია, ჩვენ კი, გვგონია, უფრო "ქოქოსამ" მოგვაგებინა. ასე ეძახიან მეგობრები "ბორჯღალოსნების" მგეზავ ლაშა ხმალაძეს, რომელიც მოგვიანებით, ნოემბრის ტესტებზე ძალიან დაგვაკლდა.

ბრიტანეთი ალაპარაკდა და დადუმდა
"ბორჯღალოსნების" დაუმარცხებელ ტურნეს უმალ მოჰყვა ბრიტანული პრესის გამოცოცხლება. ყველა ერთსა და იმავე თემას "ატრიალებდა", საქართველოს ნაკრები გაიზარდა და დროა, მისთვის მჭიდროდ დახშული ექვსი ერის კარი გაიღოსო. იყო მრავალი ვერსია. ტურნირის ახალი ფორმატის განხილვა, იდეები, წინადადებები, მაგრამ...

ერთ მშვენიერ დღეს ყველა ერთად დადუმდა. ექვსი ერის გათამაშების ორგანიზატორის, შპს "ექვსი ერის" ბოსმა პირდაპირ თქვა, თუ ღმერთი გწამთ, თავი დაგვანებეთო. ჩვენი ტურნირი კომერციულია, არავის განვითარება, გაძლიერება ჩვენი მიზანი არ არისო. მშვენივრად გვაქვს ყველაფერი აწყობილი, ფულს ოხრად ვშოულობთ და არავითარი ცვლილება არც უახლოეს და არც შორეულ მომავალში არ იგეგმებაო.

აი, ასე დასრულდა ეს ამბავი.

ოთხგზის "ლელო"
საქართველოს ჩემპიონატი წლიდან წლამდე პროგრესირებს, თუმცა უკვე ბოლო ოთხი წელიწადია, ქვეყნის ჩემპიონი არ იცვლება. თბილისის "ლელო" მეოთხედ გახდა საუკეთესო გუნდი, რაც სავსებით ლოგიკურია. ის ერთ-ერთი თითით საჩვენებელი კლუბია საქართველოში, რომელსაც თითქმის იდეალურად გამართული ინფრასტრუქტურა აქვს.

"ლელოს" ჭაბუკთა გუნდები A და B ლიგებს დაუმარცხებლად იგებენ. ეროვნული ნაკრების მოთამაშეთა 30 პროცენტი სწორედ "ლელოს" აღზრდილია.

სამი ქართველი ფრანგთა ნაკრებში
საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები დასახელდა. საუკეთესოებს ხმას ქომაგები აძლევდნენ. შედეგად, საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად სამი ქართველი მოხვდა: შერკინების მარცხენა ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შერკინების მარჯვენა ბურჯი ლევან ჩილაჩავა (ტულონი) და მესამეხაზელი მამუკა გორგოძე (ტულონი).

აი, როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე გორგოძეს:

"ზუსტად ვიცი, ამ გამოკითხვაში მაღალი პროცენტით რატომ გავუსწარით ყველას. სულელი უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ ამაში ქართველი ქომაგის ხელი ურევია. შესაძლებელია, რომ არა ისინი, დაბალი პროცენტით გაგვესწრო სხვებისთვის, მაგრამ ქართველმა გულშემატკივრებმა თავისი საქმე იციან.

მიუხედავად ყველაფრისა, გამოკითხვაში კანდიდატებად დასახელებას ნამდვილად ვიმსახურებდით და ესეც არ არის პატარა საქმე. სულ მინდა მოწინავე ვიყო და ვცდილობ, ამას მივაღწიო. ძალიან გამიხარდა, სიმბოლურ ნაკრებში რომ მოვხვდი, ამან სტიმული მომცა.

სხვათა შორის, არც საფრანგეთში არიან ჩვენ მიმართ ცუდად განწყობილნი, მხარს ისინიც გვიჭერენ".

კაპიტანი ლობჟანიძე
ასეთი სიმაღლისთვის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს აქამდე არასდროს მიუღწევია. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მანჩესტერში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ელიტურ გუნდებთან პაექრობაში მე-10 ადგილი დაიკავა და უძლიერესთა შორის მომავალ წელსაც ითამაშებს.

თუმცა, ჩვენი გუნდი ამავე ტურნირზე ისედაც ითამაშებდა, რადგან 2017 წლის ივნისში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.

ათეული გაღმა დარჩა
"ოთხი წლის წინათ მუშაობა რომ დავიწყე საქართველოს ნაკრებში, ძნელი წარმოსადგენი იყო, ამდენს თუ მივაღწევდით. ამჟამად, ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია გვაქვს.

იაპონიის, ფიჯისა და სამოასი ისე აღარ გვეშინია, როგორც ადრე. ჯერ კიდევ მარტში, ერთა თასის მსვლელობისას გუნდს ვუთხარი, კარგი იქნება, ივნისის ტესტებს წაუგებლად თუ გავივლით-მეთქი. მაშინ ბევრ მათგანს ჩაეცინა, მაგრამ აგერ, ფაქტია, რომ ეს შევძელით.

ახლაც, ფიჯისთან გამარჯვების შემდეგ, ვთქვი, კარგი იქნება, წლევანდელ სეზონს დაუმარცხებლად თუ დავასრულებთ-მეთქი", - თქვა ნოემბრის ტესტების წინ მილტონ ჰეიგმა.

სამწუხაროდ, ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია ტესტების პირველივე მატჩში შეწყდა იაპონიის ნაკრებთან. შედეგად, საუკეთესო ათეულში შესვლის შანსიც გაქრა. "საკურებთან" მარცხის შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" რეაბილიტაცია სამოას ძლევით შეძლეს. შოტლანდიაში გასვლითი მატჩი კი, არც ერთი პარამეტრით გამოდგა იმედისმომცემი.

- შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]
- საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-იაპონია 22:28 - მარცხი, ტაში და ნაჩუქარი ლელოები [VIDEO+PHOTO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე დრო დადგა მილტონს მადლობა უთხრათ და ჩავანაცვლოთ უფრო მაღალი დონის მწვრთნელით. აშკარაა რომ ვეღარ აუდის იმ მაღალი საფეხურის დონეს. ბილო თამაშების წარმატება სუფთად ბიჭების მონდომებით გადაწყდა. სადაც მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო საჭირო იქ აშკარად მოვიკოჭლეთ. აღარაფერს ვამბობ დაცვის მწვრთვნელზე.... ეს ლელოს მწვრთნელი ( მაისაშვილი) შეიძლება საქართველოს პირველობისთვის საკმარისია, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ძალიან დაბალი დონეა, აშკარად გამოჩნდა იაპონიასთან და შოტლანდიასთან მისი უსუსურობა. ასე რომ თუ გვინდა წინ წავიდეთ ახალი, უფრო მაღალი დონის მწვრთნელები გვჭირდება
ქომაგი
02:49 03-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული