თამამი, მებრძოლი და ჭკვიანი... Lamonagne.fr-მა ოთარ გიორგაძეს სტატია მიუძღვნა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ლეიტურ, პირველ და მეორე დივიზიონის გუნდებში ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები უხვად არიან, რომლებიც ამ კლუბების ესპუართა ანუ სათადარიგო გუნდებში თამაშობენ და კლასს იმაღლებენ. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული მესამეხაზელი ოთარ გიორგაძეა, რომელიც "კლერმონის" ესპუართა გუნდში თამაშობს და შარშან ინგლისში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ლიდერი გახლდათ.

ოთარ გიორგაძეს საფრანგეთის წლევანდელ ჩემპიონატში "კლერმონის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა, რომელიც ლელოთი აღნიშნა.

- რაგბი. ლეგიონი: ოთარ გიორგაძემ "კლერმონში" სადებიუტო მატჩშივე ლელო დადო [VIDEO]

ფრანგულმა ვებ გვერდმა Lamonagne.fr-მა უმალვე წერილი მიუძღვნა, რომლიდანაც ამონარიდს
ოდნავ მოგვიანებით გთავაზობთ.

"ახალგაზრდა მესამეხაზელს ოთარ გიორგაძეს, რომელსაც კლერმონელთა მწვრთნელი ფრანკ აზემა მოულოდნელად ენდო, წარმატებული დებიუტი ჰქონდა. მან გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა. ახალგაზრდა, ფართებეჭებიანი გიორგაძე, თუ ბერნარ ლავილიეს სიმღერის პერიფრაზს გავაკეთებთ, შაბათს შეუმჩნეველი არავის დარჩენია.

"მიშელინის" (სტადიონი) პუბლიკამ მალე შენიშნა მინდორზე 193 სანტიმეტრის სიმაღლისა და 108 კილოგრამი წონის მქონე შესანიშნავი ბავშვი, რომელიც პროფესიონალთა შორის სადებიუტო მატჩს ზეიმობდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი შესახედაობისაა, ქართველი მესამეხაზელი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა.

- გულახდილად უნდა ვთქვა, მისი თამაში მომეწონა. ის საინტერესო მორაგბეა. მან იცის, როგორ წაიღოს ბურთი და მართალი იყო, როცა ლელოს გატანისას ინიციატივა იკისრა. ის შესანიშნავად გაისარჯა, - თქვა ფრანკ აზემამ.

დიახ, გიორგაძე იმდენად კარგად გაისარჯა, რომ თამაშის შემდეგ უმალვე პრესის წარმომადგენელთა მიკოროფონების ალყაში მოექცა.

- "კლერმონის" ძირითად გუნდში პირველი თამაში ჩემთვის ემოციური იყო. ეს პირველი ასპარეზობა იყო ამ გუნდის ქომაგების წინაშე, - თქვა მან.

მიუხედავად შთამბეჭდავი გაბარიტებისა, მან პრესასთან გამოჩენა "პირად მცველთან" ერთად არჩია. მისმა თანამემამულე დავით ზირაქაშვილმა თარჯიმნის ფუნქცია შეითავსა და მერე ძალზედ აქო ახალგაზრდა მეგობარი:

- ძალიან გახარებული ვარ მის გამო. პირველი თამაში ყოველთვის ძნელია, დიდი ფსიქოლოგიური სტრესია. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ გუნდში ორჯერ უთამაშია, საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობით კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა. ის თამამი, მებრძოლი, ჭკვიანი მოთამაშეა.

თამაშის წინ რამდენიმე რჩევა მივეცით, ოღონდ ბევრი არა. ასეთ დროს ადამიანს სიმშვიდე სჭირდება, ზედმეტად არ უნდა ანერვიულო. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდია რისკი იმისა, რომ საკუთარი თამაშის ხელწერა, სპონტანურად სწორი გადაწყვეტილებების მიღების თვისება დაკარგოს.


ოთარ გიორგაძე "კლერმონის" სკაუტებმა 2015 წელს პორტუგალიაში "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე" შენიშნეს, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ქართველი "კლერმონის" საწვრთნელ-სასწავლო ცენტრში ჩაირიცხა და ერთი წლის შემდეგ წარმატებული დებიუტი შედგა ძირითად გუნდში.

აი, როგორ იხსენებს იმ მომენტს ოთარი:

- რაკში თამაშისას ყოველთვის ვცდილობ ცენტრიდან შევუტიო. დავინახე, რომ მეტოქეს დაუცველი ზონა დარჩა და შანსი ხელიდან არ გავუშვი. ასე მამუკა ხშირად აკეთებს. ის ჩემი შთაგონების წყაროა.

მამუკა, რომელიც გიორგაძემ ახსენა, ეს მამუკა გორგოძეა, "ტულონის" მესამეხაზელი. ის მისთვის მისაბაძი მაგალითია, თუ როგორ უნდა შეძლო გქონდეს ხანგრძლივი, წარმატებული კარიერა საფრანგეთის ჩემპიონატში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ღმერთმა ხელი მოგიმართოს.. გაიხარე..
soso
19:10 15-01-2017
0
შენ გაიხარე, ოთარ! ჩვენს ნაკრებს მართლაც
საიმედო ცვლა ეზრდება
qomagi
11:53 16-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული