რაგბი. ლეგიონი: "აჟენი" და თამაზ მჭედლიძე ელიტაში

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ნახევარფინალის შესარჩევი მატჩები გაიმართა, რომლის შემდეგაც ჩემპიონობისთვის მებრძოლ ოთხ გუნდს შორის ქართველთა სამი გუნდიღა დარჩა. ამასობაში, პირველ დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა კიდევ ერთმა ქართულმა გუნდმა "აჟენმა".

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, შალვა მამუკაშვილისა და ბადრი ალხაზიშვილის "ტულონმა" შინ მიიღო "კასტრი" და საკმაოდ მძიმე ბრძოლაში 26:22 დაამარცხა. მატჩის გმირი ტულონელთა უელსელი ფულბეკი ლი ჰალპფენი შეიქნა, რომელმაც გუნდს 21 ქულა შესძინა (ერთი ლელო, ორი გარდასახვა და ოთხი საჯარიმო).

ჩილაჩავა თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო, გორგოძემ ბოლო ათი წუთი
ითამაშა. "ტულონის" მეტოქე ნახევარფინალში რეგულარული გათამაშების გამარჯვებული, ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი" იქნება.

მეორე წყვილში, მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, დავით ქუბრიაშვილისა და გაგი ბაზაძის "მონპელიემ" შინ წააგო მოქმედ ჩემპიონ "მეტრო რასინგთან" - 13:22.

მონპელიელებმა მეტოქეს, ფაქტობრივად, ვერაფერი დაუპირისპირეს. ჩამქრალმა სამხრეთაფრიკელმა ვარსკვლავებმა პარიზელთა წინააღმდეგობა ვერაფრით დაძლიეს. მეტიც, არბიტრმა ჯერ ფრანსუა სტეინი გაუშვა სინბინში, მერე კი, მატჩის მიწურულს, იან დუ პლესის წითელი ბარათი უჩვენა.

ნარიაშვილი თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო, ათ წუთში მოედანზე მიქაუტაძეც გამოჩნდა. "მეტრო რასინგის" მეტოქე ნახევარფინალში დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის "კლერმონი" იქნება.

* * *
მეორე დივიზიონში, ელიტურ, პირველ დივიზიონში გადასასვლელ მატჩში თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენმა" ნეიტრალურ მოედანზე, ბორდოში გამართულ მატჩში "მონტობანი" დაამარცხა - 41:20 და რანგით მაღალ შეჯიბრებაში თამაშის უფლება მოიპოვა. მჭედლიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს, თეთრაშვილსა და ახობაძეს არ უთამაშიათ.

შეგახსენებთ, რომ იქამდე, პირველ დივიზიონში თამაშის უფლება ირაკლი მირცხულავას "ოიონაქსმა" მოიპოვა.

"ჩელენჯ კაპის" წლევანდელი გათამაშების გამარჯვებულმა, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსემ", ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში, ჩემპიონთა თასზე თამაშის უფლება მოიპოვა. პარიზელები ანტონ ფეიქრიშვილის უელსურ "კარდიფს" დაუპირისპირდნენ და 46:21 მოიგეს.

ჩვენებურთა გუნდმა პირველი ტაიმი 10:14 წააგო, შესვენების შემდეგ თამაშში 20 წლის ქართველი ბურჯი, გიორგი მელიქიძე ჩაერთო, რომელმაც 3 წუთში ლელო გაიტანა.

ჟვანია განაცხადში არ იყო, ფეიქრიშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

* * *
ამასობაში გაირკვა მეორე დივიზიონის კლუბ "ორიაკში" წამსვლელ-დამრჩენთა ვინაობა. საქართველოს ნაკრების შუამარბმა მერაბ შარიქაძემ ამ კლუბთან კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა ხელშეკრულება.

ასევე სამი წელიწადი ითამაშებს "ორიაკში" პირველხაზელი ნიკოლოზ ხატიაშვილიც. ვეტერან მეორეხაზელ ლევან დათუნაშვილსა და პირველხაზელ გიორგი შარაშიძეს კი გუნდის დატოვება მოუწევთ.

TOP14
ნახევარფინალის შესარჩევი
ტულონი-კასტრი 26:22
მონპელიე-მეტრო რასინგი 13:22

ნახევარფინალი
ლა როშელი-ტულონი
კლერმონი-მეტრო რასინგი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბესო,
ტოპ 14 ის ბინადარი, პარიზული კლუბი რადინგ 92 დიდი ხანია აღარაა მეტრო რასინგი
სატრანსოპერტო კომპანია მეტრო აღარ აფინანსებს და სახელიც რომელიც ამის გამო მიიკერეს, ჩამოიშორეს
ბესიკ ჯანგავაძე -ს
15:12 22-05-2017
0

სიახლეები პოპულარული