იღბლიანი ტური და ქუბრიაშვილის ლელო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში 23-ე ტურის მატჩების შემდეგ ქართველ მორაგბეთა გუნდების სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ექვსი "ქართული გუნდიდან" ხუთმა შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვება მოიპოვა.

ყველაზე უკეთესი სატურნირო მდგომარეობა მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა, გიორგი ჩხაიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" აქვს. ჩვენებურთა გუნდმა 23-ე ტურში სტუმრად ითამაშა აუტსაიდერ "ბურუენთან" და 42:27 მოიგო.

როგორც ჩანს, მონპელიელებმა სათანადოდ არ დააფასეს მეტოქე და პირველი ტაიმი 15:20 წააგეს. შესვენების შემდეგ "მონპელიე" ჩვეულად მძლავრად ათამაშდა და სასურველ შედეგს მოიაღწია. სტუმართა შორის ყველაზე შედეგიანი,
გარემარბი მარტინ ბუსტოს მოიანო იყო, რომელმაც ამჯერად ფულბეკის პოზიციაზე ითამაშა. მან ორი ლელო, ოთხი გარდასახვა და სამი საჯარიმო გაიტანა (27 ქულა).

"მონპელიეს" ამ გამარჯვების შემდეგ 65 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. მომდევნო ტურში ჩვენებურთა გუნდი შინ "ბაიონს" მიიღებს. გორგოძე, რომელმაც სრულად ითამაშა, მატჩის არბიტრმა გაასინბინა, ჟღენტი 73-ე წუთზე შველიძემ შეცვალა, ჩხაიძეს და ნარიაშვილს არ უთამაშიათ.

"მონპელიეს" ერთი ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის "კასტრი", რომელმაც სტუმრად წააგო ბექა შეყლაშვილის "აჟენთან" - 16:21. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი ფრედ 6:6 დამთავრდა. შესვენების შემდეგ კი კასტრელები დაწინაურდნენ, თუმცა დასკვნით 15 წუთში მასპინძლებმა თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

ფეიქრიშვილი ტრავმირებულია, გიორგაძე განაცხადში არ იყო, შეყლაშვილი თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო. "აჟენს" 42 ქულა დაუგროვდა და მე-12 ადგილზეა. ის ცხრა ქულით უსწრებს დივიზიონში დარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ "ლა როშელს", რომელმაც კიდევ ერთ კონკურენტ, ვასილ კაკოვინისა და დავით ხინჩაგიშვილის "ბრივთან" დამარცხდა სტუმრად - 9:26. მომდევნო ტურში "აჟენი" სტუმრად სწორედ "ლა როშელს" დაუპირისპირდება.

"ბრივისთვის" ლაროშელელებთან თამაშს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, წაგების შემთხვევაში ჩვენებურთა გუნდი გასავარდნად იქნებოდა განწირული. ახლა კი, მართალია, მშვიდი ცხოვრება ჯერ არ ექნება, მაგრამ დივიზიონში ადგილის შენარჩუნების შანსი ერთი-ორად გაეზარდა.

"ბრივს" აჟენელთა მსგავსად ახლა 42 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა. ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე კაკოვინმა შეცვალა. ბრიველებს 24-ე ტურში უმძიმესი გამოცდა ელით სტუმრად ბასკურ "ბიარიცთან", რომელიც პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის.

ბიარიცელებმა თავის მხრივ, სტუმრად წააგეს საფრანგეთის ჩემპიონ, დავით ზირაქაშვილის "კლერმონთან" - 13:41. "ვულკანებმა", მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდათ, შესანიშნავად ითამაშეს და მე-18 წუთისთვის უკვე 22:0-ს იგებდნენ.

ზირაქაშვილი ტრავმირებულია. "კლერმონი" კი 63 ქულით მე-5 ადგილზეა. შემდეგ ტურში ჩვენებურის გუნდი, სტუმრად ითამაშებს უმოტივაციო "სტად ფრანსესთან", რომელმაც 23-ე ტურში სტუმრად წააგო დავით ქუბრიაშვილის "ტულონთან" - 10:38.

ტულონელებმა, რომელებიც ამ მოგების შემდეგ 61 ქულით მე-7 ადგილზე არიან და პლეი ოფისთვის ბრძოლას განაგრძობენ, შეიძლება ითქვას, რომ სეზონის საუკეთესო მატჩი ითამაშეს. აღსანიშნავია, რომ ქუბრიაშვილმა, რომელიც 73-ე წუთზე შეცვალეს, მე-16 წუთზე ლელო გაიტანა.

"ტულონი" მომდევნო ტურში გათამაშების ლიდერ "ტულუზს" ეთამაშება და აუცილებლად გამარჯვება სჭირდება, რადგან რეგულარული გათამაშების დამთავრებამდე უშუალო კონკურენტებთან, "პერპინიანთან" და "მონპელიესთან" უწევს თამაში.


I დივიზიონი
XXIII ტური
პერპინიანი-ტულუზი 24:25, ბაიონი-მეტრო რასინგი 26:16, ბრივი-ლა როშელი 26:9, ბურგუენი-მონპელიე 27:42, ტულონი-სტად ფრანსე 38:10, კლერმონი-ბიარიცი 41:13, აჟენი-კასტრი 21:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 73 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 68, 3. მონპელიე - 65, 4. კასტრი - 64, 5. კლერმონი - 63, 6. ბიარიცი - 62, 7. ტულონი - 61, 8. პერპინიანი - 59, 9. ბაიონი - 58, 10. სტად ფრანსე - 49, 11. ბრივი - 42, 12. აჟენი - 42, 13. ლა როშელი - 33, 14. ბურგუენი - 10.

XXIV ტური
პერპინიანი-მეტრო რასინგი, ბიარიცი-ბრივი, ტულონი-ტულუზი, მონპელიე-ბაიონი, სტად ფრანსე-კლერმონი, ლა როშელი-აჟენი, ბურგუენი-კასტრი
მეორე დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტური დარჩა. სატურნირო ცხრილის პირველი ორი საფეხური კი ქართველ მორაგებთა გუნდებს, "ლიონს" და "გრენობლს" უკავია.

გურამ კავთიძის "ლიონმა" შინ უშაუალო კონკურენტი, მესამეადგილოსანი "ალბი" დაამარცხა - 25:12. ამ გამარჯვების შემდეგ ლიონელებს 88 ქულა დაუგროვდათ და უახლოეს მდევარ "ალპელებს" შვიდი ქულით უსწრებენ. კავთიძეს არ უთამაშია.

გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" სტუმრად დაამარცხა "ოიონაქსი" - 26:19. მენაბდიშვილი განაცხადში არ იყო. მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად წააგო "ოიონაქსთან" - 7:26. მაგრაქველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავა განაცხადში არ იყო.


II დივიზიონი
XXVI ტური
პო-მონ დე მარსანი 16:22, ბორდო-კარკასონი 40:23, დაქსი-ტარბი 26:7, ნარბონი-ორიაკი 23:26, ოიონაქსი-გრენობლი 19:26, ოში-კოლომიე 37:7, ლიონი-ალბი 25:12, სენტ ეტიენი-ექსი 22:29
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 88 ქულა, 2. გრენობლი - 81, 3. ალბი - 80, 4. ბორდო - 73, 5. მონ დე მარსანი - 69, 6. ოში - 65, 7. პო - 63, 8. ორიაკი - 62, 9. ოიონაქსი - 60, 10. ტარბი - 59, 11. კარკასონი - 58, 12. ექსი - 53, 13. ნარბონი - 52, 14. დაქსი - 48, 15. კოლომიე - 43, 16. სენტ ეტიენი - 16.
XXVII ტური
პო-დაქსი, კარკასონი-ექსი, ტარბი-ლიონი, ნარბონი-ოში, კოლომიე-ოიონაქსი, ორიაკი-ალბი, მონ დე მარსანი-ბორდო, სენტ ეტიენი-გრენობლი.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული