თავიდანვე ვიტყვით, რომ ელიტური დივიზიონი ორმა გუნდმა უნდა დატოვოს. ერთის ვინაობა უკვე ცნობილია, ეს ფინანსურ გასაჭირში ჩავარდნილი "ბურგუენია". მისი ბედის გაზიარება კი კიდევ სამს, "ლა როშელს", ბექა შეყლაშვილის "აჟენს", ვასილ კაკოვინისა და დავით ხინჩაგიშვილის "ბრივს" ემუქრება.
"აჟენმა" 23-ე ტურში ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლის, აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრის" დამარცხებით
აჟენელები მეორე წრეს შესანიშნავად ატარებენ, 2011 წელს მათ საკუთარ მოედანზე ჯერ არ წაუგიათ. "ბიარიცის", "მეტრო რასინგისა", "ბაიონისა" და "ტულონის" დამარცხების შემდეგ მათ "კასტრის" ძლევაც შეძლეს.
"მართალია, "ლე როშელთან" საკმაოდ დიდი, ცხრა ქულიანი ჰანდიკაპი გვაქვს, მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებულა. ყველაზე დაძაბული ბრძოლები წინ გველის", - თქვა "აჟენის" მწვრთნელმა კრისტიან ლანტამ.
"აჟენი" პირველი ტაიმის შემდეგ 6:13 აგებდა, თუმცა მერე ძალა მოიკრიბა, სამ წუთში ორი ლელო მიითვალა და მატჩის ბედი სათავისოდ შემოატრიალა.
"ბედნიერი ვარ. ჩვენმა გუნდმა შინ "ტულუზთან" მარცხის შემდეგ ზედიზედ ორი თამაში მოიგო. ბიჭებმა საბრძოლო სულისკვეთება, გუნდური სოლიდარობა, განსაკუთრებით "კასტრთან" თამაშისას გამოავლინეს. ამ შეხვედრაში დავამტკიცეთ, რომ ელიტურ დვიზიონში თამაშს ვიმსახურებთ", - დარწმუნებულია "აჟენის" პრეზიდენტი ალენ ტენგო.
აღსანიშნავია, რომ "აჟენის" შერკინების ქართველი ბურჯი ბექა შეყლაშვილი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. მისი მომავალი კარიერა იმაზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა "აჟენი" ადგილს პირველ დივიზიონში. ამ შემთხვევაში, გამორიცხული არაა, შეყლაშვილის თანაგუნდელი, მინიმუმ კიდევ ორი ქართველი მორაგბე გახდეს.
როგორც უკვე ვთქვით, დივიზიონში დარჩენისთვის იბრძვის ვასილ კაკოვინისა და დავით ხინჩაგიშვილის "ბრივიც". ჩვენებურთა ამ გუნდმა 23-ე ტურში შინ სწორედ "ლა როშელი დაამარცხა და ახლა მას ცხრა ქულით უსწრებს.
"თამამად შეიძლება ითქვას, რომ გავარდნას გადავურჩით. თუმცა ჯერ სეზონი არ დამთავრებულა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბიჭები არ მოდუნდნენ", - თქვა "ბრივის" მწვრთნელმა უგო მოლამ.
"ბრივმა", რომელიც ბოლო წლებში მუდმივად პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძოდა, წლევანდელი სეზონი არასტაბილურად ჩაატარა. თავიდან კარგად დაიწყო, მერე საქმეები აიწეწ-დაიწეწა და ახლა მაქსიმალური ძალისხმევა მართებს ელიტაში ადგილი რომ შეინარჩუნოს.
ჩვენებურთა გუნდმა შეძლო საკუთარი ხელწერის მონახვა. სწრაფი, მძლავრი შეტევებით თამაში, რომელიც წლევანდელ გათამაშებაში არ ახასიათებდათ. შედეგად "ბრივი", ფაქტობრივად გადარჩენილია. ახლა ბრიველები "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების მეოთხედფინალისთვის ემზადებიან, სადაც საფრანგეთის ჩემპიონატისაგან განსხვავებით შესანიშნავად ასპარეზობენ. "ბრივმა" B ჯგუფში ექვსი თამაშიდან ექვსივე მოიგო, პირველ ადგილზე გავიდა და ახლა ირლანდიურ "მანსტერს" დაუპირისპირდება.
ამასობაში საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა საფრანგეთის ჩემპიონ, დავით ზირაქაშვილის "კლერმონს". არადა გუნდს პლეი ოფში მოხვედრისთვის სერიოზული ბრძოლების გადატანა მოუწევს. ტრავმირებულია თვითონ ზირაქაშვილიც, რომელიც ამ უქმეებზე ევროთასების გათამაშებაშიც ვერ იასპარეზებს.
"ბიარიცთან" ბოლო შეხვედრაში დაშავდნენ: ენტონი ფლოში, ვესელი ფოფანა, ალექსანდრ ლაპანდრი და სიონე ლაუკი. ტრავმირებულნი არიან და დიდხანს ვერ ითამაშებენ: ტომას დომინგო, გევინ ვილიამსი, ჯიმი კუდმორი, ბრენტ რასელი, ჟულიენ მალზიო და ჯეისონ ვაითი.
.