ყველაზე პრესტიჟულ "ჰაინეკენის" თასის გათამაშებაში, დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" ბარსელონაში "ოლიმპიურ" სტადიონზე "პერპინიანს" ეთამაშა და 25:29 წააგო. ტულონელებმა პირველი ტაიმი 11:6 მოიგეს. ერთი ლელო მესამეხაზელმა ჯორჯ სმითმა გაიტანა, რასაც ჯონი ვილკინსონმა ორი საჯარიმო მიუმატა.
შესვენების შემდეგ თერთმეტ წუთში "პერპინიანმა" დაწინაურება შეძლო. ამის შემდეგ კი, 73-ე წუთამდე თამაში, შეიძლება ითქვას, ქულა-ქულაში მიდიო
ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს.
დრამატული გამოდგა კიდევ ერთი მეოთხედფინალური შეხვედრა ბასკურ "ბიარიცსა" და ფრანგულ გრანდ "ტულუზს" შორის, რომელიც სან სებასტიანში "ესტადიო ანოეტაზე" გაიმართა. მატჩის ძირითადი დრო 17:17 დამთავრდა. დაინიშნა დამატებითი ორი ათწუთიანი ტაიმი. ტულუზელბი დავიდ სკრელას საჯარიმოთი დაწინაურდნენ - 20:17. მეორე დამატებული ტაიმის დასრულებას წუთნახევარი აკლდა, როცა ბიარიცელთა ქართული წარმოშობის ცხრა ნომერმა დიმიტრი იაშვილმა, საჯარიმო ორმოცი მეტრიდან დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.
ტულუზელებმა თამაში ცენტრიდან განაახლეს, ოცდაორმეტრიან ზონაში ბურთი იაშვილს მიუვიდა, ფეხით მეტოქის მოედანში გადატანა სცადა, მაგრამ "ტულუზის" მესამეხაზელმა იანიკ ნიანგამ დაუფარა, წინ გადავარდნილ ბურთს მიჰყვა და გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა - 27:20.
ჰაინეკენის თასი
მეოთხედფინალი
ლენსტერი-ლესტერი 17:10, ბიარიცი-ტულუზი 20:27, ნორსჰემპთონი-ალსტერი 23:13, პერპინიანი-ტულონი 29:25
ნახევარფინალი
ლენსტერი-ტულუზი, ნორსჰემპთონი-პერპინიანი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" "ემლინ ჩლენჯ კაპის" ნახევარფინალში გააღწია. "ვულკანებმა" მეოთხედფინალში საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი "ლა როშელი" დაამარცხეს - 23:13. როგორც მოსალოდენელი იყო, ჩვენებურის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და დამსახურებულად გაიმარჯვა. არადა ტრავმის გამო "კლერმონს" ექვსი წამყვანი მოთამაშე აკლდა.
ზირაქაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში დაშავდა და არ უთამაშია.
"კლერმონის" მეტოქე ნახევარფინალში საფრანგეთის კიდევ ერთი კლუბი, "სტად ფრანსე" იქნება, რომელმაც შინ მოუგო მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" - 32:28.
აღსანიშნავია, რომ ჩვენებურთა გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, მამუკა გორგოძე, გიორგი ჟღენტი, ფრანსუა ტრინ-დუკი, ჟულიენ ტომა და ფულენსე უოდრაოგო აკლდა. მიუხედავად ამისა, მონპელიელებმა თამაში შესანიშნავად დაიწყეს და 21-ე წუთისთვის 16:0-ს იგებდნენ.
მასპინძლებმა ნელ-ნელა მოახერხეს თამაშის სადავეების ხელში აღება და 54-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. ბოლო ოც წუთში კი ორი ლელო გაიტანეს და ნახევარფინალისკენ გაიკაფეს გზა.
ჩხაიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს, შველიძე თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო.
დრამატული გამოდგა დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივის" დაპირისპირება შინ ირლანდიურ "მანსტერთან", ჩვენებურთა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, 19-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას ეცადა, მაგრამ დრო აღარ ეყო - 37:42.
არადა მატჩის პირველი ნახევარი, მასპინძლებს მსგავს არაფერს უქადდა. ბრიველებმა ტაიმი, მართალია, მინიმალური სხვაობით, მაგრამ მაინც მოიგეს - 20:19. მეორე ნახევარში ირლანდიური გუნდი შეუჩერებელი იყო და 68-ე წუთისთვის უკვე 42:23-ს იგებდა.
ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და კაკოვინმა 48-ე წუთზე შეცვალა.
ჩელენჯ კაპი
მეოთხედფინალი
სტად ფრანსე-მონპელიე 32:28, ლა როშელი-კლერმონი 13:23, ბრივი-მანსტერი 37:42, ჰარლიქვინზი-ვოსფსი 32:22
ნახევარფინალი
სტად ფრანსე-კლერმონი, ჰარლიქვინზი-მინსტერი
ამასობაში, 27-ე ტურის შეხვედრები გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში. გათამაშების ლიდერმა გურამ კავთიძის "ლიონმა" სტუმრად ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" - 15:8.
ამ გამარჯვებით ლიონელებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს პირველი დივიზიონისკენ. კავთიძემ და კომპანიამ რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე 92 ქულა დააგროვა და ექვსი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ, გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლს".
მაგრაქველიძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში დაშავებული ჯერემი ურუს ნაცვლად მე-3 წუთიდან ჩაერთო, კავთიძე და მირცხულავა განაცხადში არ იყვნენ.
"გრენობლმა" თავის მხრივ სტუმრად მოუგო იოლად "სენტ ეტიენს" - 42:15. მენაბდიშვილს არ უთამაშია.
II დივიზიონი
XXVII ტური
პო-დაქსი 40:20, კარკასონი-ექსი 26:12, ტარბი-ლიონი 8:15, ნარბონი-ოში 34:28, კოლომიე-ოიონაქსი 20:13, ორიაკი-ალბი 6:6, მონ დე მარსანი-ბორდო 23:13, სენტ ეტიენი-გრენობლი 15:42
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 92 ქულა, 2. გრენობლი - 86, 3. ალბი - 82, 4. მონ დე მარსანი - 73, 5. ბორდო - 73, 6. პო - 68, 7. ოში - 66, 8. ორიაკი - 64, 9. კარკასონი - 62, 10. ოიონაქსი - 61, 11. ტარბი - 60, 12. ექსი - 57, 13. ნარბონი - 56, 14. დაქსი - 48, 15. კოლომიე - 47, 16. სენტ ეტიენი - 17.
XXVIII ტური
ტარბი-კოლომიე, ბორდო-ნარბონი, დაქსი-მონ დე მარსანი, ალბი-ოში, გრენობლი-ორიაკი, ექსი-პო, სენტ ეტიენი-კარკასონი, ლიონი-ოიონაქსი.
.