"აჟენი" და "ბრივი" გადარჩნენ

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე ხელმოცარულთა ვინაობა გაირკვა. "ქართული გუნდები", "ბრივი" და "აჟენი", რომლებიც დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდნენ, გავარდნას გადაურჩნენ. პლეი ოფში მოხვედრის შანსს კი ისევ ინარჩუნებს ჩვენებურთა ოთხი გუნდი "კასტრი", "კლერმონი", "მონპელიე" და "ტულონი".

ბექა შეყლაშვილის "აჟენმა" 24-ე ტურში დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ "ლა როშელთან" სტუმრად ითამაშა და 29:19 დაამარცხა. ამ გამარჯვებით აჟენელებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს და ვასილ კაკოვინისა და დავით ხინჩაგიშვილის "ბრივსაც" უშველს.

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულ ორთაბრძოლაში
წარიმართა. მატჩის მიწურულს, როცა "აჟენი" 22:19 იგებდა, "ლა როშელმა" ხუთწუთიანი შტურმი მოაწყო. ჩვენებურის გუნდმა იერიში მოიგერია და მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირა, ლელო ფუბეკმა სილვერ ტიანმა მიითვალა.

აჟენელებს ახლა 46 ქულა აქვთ და მე-11 ადგილზე არიან. მათთვის დარჩენილ ორ თამაშს სატურნირო მნიშვნელობა აღარ აქვს. შეყლაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 69- წუთიდან ჩაერთო.

დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა" სტუმრად წააგო ბასკურ ბიარიცთან 52:26. ბრიველებმა "აჟენისა" და "ლა როშელის" დაპირისპირების შედეგი უკვე იცოდნენ, ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თამაშს ოდნავ ზერელედ მოეკიდნენ. "ბიარიცი" კი პირიქით, პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის და ყველაფერი იღონა წარმატების მისღწევად.

ბასკებმა მეტოქეს რვა ლელო გაუტანეს, რაზეც "ბრივმა" ოთხით უპასუხა. ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს, კაკოვინს მიკრო ტრავმა აქვს და არ უთამაშია.

სამწუხაროდ, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" შინ მოულოდნელად დამარცხდა "ბაიონთან" - 17:22. მონპელიელებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ. ისინი ამ შემთხვევაში პლეი ოფისკენ მიმავალ გზას საგრძნობლად დაიმოკლებდნენ.

ჩვენებურთა გუნდმა ბასკების წინააღმდეგობა ვერაფრით დასძლია. მატჩის მიწურულს ხანგრძლივი იერიშიც მოაწყვეს, მაგრამ "ბაიონი" გაუვალი კედელივით იდგა. ამ მარცხის შემდეგ "მონპელიე" მესამედან მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა. მომდევნო ტურში კი გასვლითი მატჩი აქვს "ბრივთან", რომელიც უკვე უმოტივაციოდაა.

გორგოძემ და ჟღენტმა სრულად ითამაშეს, ჩხაიძე, შველიძე და ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

საფრანგეთის ჩემპიონმა, დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "სტად ფრანსესთან" - 20:12. "ვულკანებს" ამ მატჩისთვის რამდენიმე ტრავმამოშუშებული წამყვანი მოთამაშე დაუბრუნდა, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა კიდეც გუნდის წარმატება.

"კლერმონი" ამჟამად 67 ქულით მე-4 ადგილზეა და მომდევნო ტურში, შინ მიიღებს დივიზიონიდან უკვე გავარდნილ "ლა როშელს". სავარაუდოდ, ჩემპიონებს მეტოქის ძლევა არ უნდა გაუჭირდეთ, რაც მათ პლეი ოფის საგზურს გაუნაღდებს.

ზირაქაშვილმა ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველად ითამაშა, ის სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო.

"ვულკანებს" ერთი ქულით უსწრებს და მესამე ადგილზეა ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის "კასტრი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა აუტსაიდერი "ბურგუენი" - 33:22. მომდევნო, ბოლოსწინა ტურში კასტრელები უშუალო კონკურენტ "ბიარიცს" უმასპინძლებენ.
ფეიქრიშვილი და გიორგაძე განაცხადში არ იყვნენ.

დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" შინ გათამაშების ლიდერი "ტულუზი" დაამარცხა 21:9 და პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. ტულონელებს, რომლებსაც 65 ქულა აქვთ და მე-7 ადგილზე არიან, ბოლოსწინა ტურში კიდევ ერთი ძნელი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. მათი მეტოქე ქვეყნის ვიცე ჩემპიონი "პერპინიანი" იქნება.

ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო.


I დივიზიონი
XXIV ტური
ლა როშელი-აჟენი 19:29, სტად ფრანსე-კლერმონი 12:20, პერპინიანი-მეტრო რასინგი 23:16, ბიარიცი-ბრივი 52:26, ბურგუენი-კასტრი 22:33, ტულონი-ტულუზი 21:9, მონპელიე-ბაიონი 17:22
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 73 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 69, 3. კასტრი - 68, 4. კლერმონი - 67, 5. ბიარიცი - 67, 6. მონპელიე - 66, 7. ტულონი - 65, 8. პერპინიანი - 63, 9. ბაიონი - 62, 10. სტად ფრანსე - 49, 11. აჟენი - 46, 12. ბრივი - 42, 13. ლა როშელი - 33, 14. ბურგუენი - 10.

XXV ტური
კასტრი-ბიარიცი, მეტრო რასინგი-აჟენი, ბაიონი-სტად ფრანსე, კლერმონი-ლა როშელი, ტულუზი-ბურგუენის, ტულონი-პერპინიანი, ბრივი-მონპელიე.


მეორე დივიზიონში, 28-ე ტურის მატჩში მოულოდნელად წაიფორხილა გათამაშების ლიდერმა, გურამ კავთიძის "ლიონმა", რომელიც შინ დამარცხდა მინიმალური სხვაობით "ოიონაქსთან" - 18:19. მიუხედავად ამისა, ლიონელები 93 ქულით მაინც ინარჩუნებენ ლიდერობას და უახლოეს მდევარ გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლს" სამი ქულით უსწრებენ. კავთიძე განაცხადში არ იყო.
"ალპელებმა", თავის მხრივ, შინ მოუგეს "ორიაკს" - 13:10. მენაბდიშვილს არ უთამაშია. მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბი" კი შინ დაუზავდა "კოლომიეს" - 20:20. მაგრაქველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავა განაცხადში არ იყო.

II დივიზიონი
XXVIII ტური
ტარბი-კოლომიე 20:20, ბორდო-ნარბონი 41:17, დაქსი-მონ დე მარსანი 12:19, ალბი-ოში 21:22, გრენობლი-ორიაკი 13:10, ექსი-პო 26:19, სენტ ეტიენი-კარკასონი 7:23, ლიონი-ოიონაქსი 18:19
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 93 ქულა, 2. გრენობლი - 90, 3. ალბი - 83, 4. ბორდო - 78, 5. მონ დე მარსანი - 77, 6. ოში - 70, 7. პო - 69, 8. კარკასონი - 66, 9. ოიონაქსი - 65, 10. ორიაკი - 65, 11. ტარბი - 62, 12. ექსი - 61, 13. ნარბონი - 56, 14. დაქსი - 49, 15. კოლომიე - 49, 16. სენტ ეტიენი - 17.

XXIX ტური
ორიაკი-მონ დე მარსანი, ლიონი-პო, ბორდო-ტარბი, ალბი-კარკასონი, ოიონაქსი-ექსი, გრენობლი-დაქსი, ოში-სენტ ეტიენი, ნარბონი-კოლომიე.







.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული