გალტიე, მოტოროლერი და...

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების ბოლო ტურში ყველაზე დიდ ინტერესს მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძის, მიხაეილ ნარიაშვილის "მონპელიესა" და დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" დაპირისპირება იწვევს.

ამ შეხვედრაში გამარჯვებული პლეი ოფში გადის, დამარცხებულს კი მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომა და გარჯა წყალში ჩაეყრება. მატჩამდე სამი დღით ადრე ვითარება უკვე მაქსიმალურად დაძაბულია. "მონპელიეს" თავკაცმა ფაბიენ გალტიემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ნერვიული ატმოსფეროს მიუხედავად იუმორის გრძნობის შენარჩუნება შეძლო.

გალტიე ჟურნალისტებს ღია ცის ქვეშ, იმ მოტოროლერზე ამხედრებულმა ესაუბრა, რომელიც ბოლო დღეებში მედიაში მისი
დაცინვის საგანი გახდა.

"მზად ვარ ფსონად ჩემს მოტოროლერს ჩამოვიდე. "ტულონთან" თუ წავაგე, ის მათი იყოს" - თქვა გალტიემ.

ყველაფერი კი "ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტის მურად ბურჯელალის ოხუნჯობით დაიწყო. მან მისთვის ჩვეულ ხერხს, მედიის საშუალებით ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდს მიმართა. გალტიეს მოტოროლერის გამო დასცინა და მის გუნდს შეადარა.

"არ მესმის, გალტიე მოტოროლერს ფსონში რატომ ჩამოვიდა. ვის რაში სჭირდება ის. არადა, მონპელიეში აუცილებლად მოვიგებთ და მოტორელერით ტულონში დაბრუნებას ძალიან დიდ დროს მოვანდომებთ"- თქვა ბურჯელალმა.

მიუხედავად იმისა, რომ "მონპელიემ" ზედიზედ სამი თამაში წააგო და პლეი ოფში გასვლა უკიდურესად გაირთულა, გალტიე მაინც იმედიანადაა.

"ტულონთან" მატჩი ჩვენთვის მერვედფინალია. მოვიგებთ და მეოთხედფინალში ვიქნებით. ცხადია, ეს იოლი არ იქნება, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით."

"მონპელიეს" ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ, ორი ქართველი მამუკა გორგოძე და გიორგი ჟღენტი ითამაშებს. "ტულონელთა" რიგებში ძირითადი პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილია. მასპინძელთა გუნდს ტრავმის მოშუშების შემდეგ დაუბრუნდა კაპიტანი ფულენსე უოდრაოგო, ხოლო "ტულონს" უელსელი გევინ ჰენსონი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული