გორგოძემ ბურჯელალას პირველი რაუნდი მოუგო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშება დასრულდა. პლეი ოფში თამაშის უფლება ქართველ მორაგბეთა სამმა გუნდმა, "კლერმონმა", "კასტრმა" და "მონპელიემ" მოიპოვა.

ქართველ ქომაგთა ყველაზე დიდ ინტერსესს "მონპელიესა" და "ტულონის" დაპირისპირება იწვევდა. მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის გუნდმა გადამწყვეტ ბრძოლაში დავით ქუბრიაშვილის "ტულონი" 27:3 დაამარცხა. შედეგად, "მონპელიემ" პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, "ტულონი" კი ჩემპიონობითვის ბრძოლას გამოეთიშა.

ამ თამაშს წინ ბევრი მითქმა-მოთქმა უძღოდა. გუნდებს შორის დაძაბული ურთიერთობა მამუკა გორგოძესთან დაკავშირებულმა სატრანსფერო სკანდალმა კიდევ უფრო
გაამძაფრა. მატჩის წინ დღეს სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა "მონპელიეს" ადვოკატების თხოვნით, როგორც ვწერდით, ის 24 მაისისთვის გადაიდო.
"მონპელიემ" შესანიშნავად ითამაშა და მეტოქეს გამარჯვების მიღწევის იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვა. ჩვენებურთა გუნდს აუცილებლად საპრემიო ქულით გამარჯვება მართებდა, ანუ მეტოქისთვის მინიმუმ სამი ლელო უნდა გაეტანა. მონპელეიელბმა მიზანს მიღწიეს, ტულონელები სამჯერ კონტრშეტევაზე დაიჭირეს და ჩათვლის მოედანში შეაღწიეს.
თამაშის დამთავრების შემდეგ, "მონპელიეს" მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ მოედანს საპატიო წრე იმ მოტოროლერზე ამხედრებულმა შემოუარა, რომელიც მანამდე ბურჯელალის მიერ დაცინვის და ქილიკის საგანი იყო.
გორგოძე და ჟღენტი მატჩის 70-ე წუთზე შეცვალეს, ქუბრიაშვილი თამაშში 37-ე წუთიდან ჩაერთო, ჩხაიძეს, შველიძესა და ნარიაშვილს არ უთამაშიათ.

"მონპელიე" პლეი ოფში, ანუ ნახევარფინალის შესარჩევ მატჩში აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" დაუპირისპირდება, რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად დაამარცხა უმოტივაციოდ დარჩენილი შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი "პერპინიანი" - 29:10.

კასტრელებმა ამ გამარჯვების შემდეგ 76 ქულა დააგროვეს და რეგულარული გათამაშება მე-3 ადგილზე დაასრულეს. გიორგაძე თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო, ფეიქრიშვილი განაცხადში არ იყო. "კასტრსა" და "მონპელიეს" შორის შეხვედრა 14 მაისს გაიმართება. გამარჯვებული ნახევარფინალში მეორეადგილოსან "მეტრო რასინგს" დაუპირისპირდება.

პლეი ოფში ითამაშებს შარშანდელი ჩემპიონი, დავით ზირაქაშვილის "კლერმონიც", რომელიც ბოლო ტურში სტუმრად დამარცხდა ლიდერ "ტულუზთან" - 15:6. "ვულკანები" შედეგად 72 ქულით მე-4 ადგილზე გავიდნენ და ნახევარფინალის შესარჩევ მატჩში ბასკურ "ბიარიცს" ეთამაშებიან. გამარჯვების შემთხვევაში კი ნახევარფინალში ისევ "ტულუზს" დაუპირისპირდებიან.

ბოლო ტურში "ტულუზთან" ასპარეზობისას კი ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.
ბექა შეყლაშვილის "აჟენმა" არაფრის მომცემ მატჩში შინ დაამარცხა ვასილ კაკოვინისა და დავით ხინჩაგიშვილის "ბრივი" - 36:10. კაკოვინი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო, შეყლაშვილი კი მოედანზე ექვსი წუთის შემდეგ გამოჩნდა, ხინჩაგიშვილს არ უთამაშია.

I დივიზიონი
XXVI ტური
პერპინიანი-კასტრი 10:29, სტად ფრანსე-მეტრო რასინგი 16:29, ლა როშელი-ბაიონი 17:30, მონპელიე-ტულონი 27:3, აჟენი-ბრივი 36:10, ტულუზი-კლერმონი 15:6, ბურგუენი-ბიარიცი 18:22.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 82 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 78, 3. კასტრი - 76, 4. კლერმონი - 72, 5. ბიარიცი - 72, 6. მონპელიე - 72, 7. ბაიონი - 71, 8. ტულონი - 70, 9. პერპინიანი - 63, 10. აჟენი - 51, 11. სტად ფრანსე - 49, 12. ბრივი - 46, 13. ლა როშელი - 33, 14. ბურგუენი - 11.

პლეი ოფი
კლერმონი-ბიარიცი, კასტრი-მონპელიე
მეორე დივიზიონის გათამაშება გურამ კავთიძის "ლიონმა" მოიგო. ლიონელებმა ბოლო ტურში სტუმრად დივიზიონიდან უკვე გავარდნილი "სენტ ეტიენი" დაამარცხეს 23:14. შედეგად ჩვენებურის გუნდმა 101 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზე გავიდა და ელიტური, პირველი დივიზიონის საგზური ავტომატურად მოიპოვა. კავთიძე განაცხადში არ იყო.
საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი", რომელმაც ბოლო ტურში სტუმრად მოუგო "პოს" - 22:6. "ალპელებმა" პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს და I დივიზიონის დარჩენილი ერთი საგზურისთვის იბრძოლებს. ჩვენებურის გუნდის მეტოქე ნახევარფინალში "ბორდო" იქნება. მეორე ნახევარფინალური წყვილი კი "ალბიმ" და "მონ დე მარსანმა" შეადგინეს.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" ბოლო ტურში სტუმრად წააგო "ორიაკთან" - 21:35. მაგრაქველიძე ძირითად შემადგენლობაში არბიტრმა 28-ე წუთზე გაასინბირა.

II დივიზიონი
XXX ტური
მონ დე მარსანი-ოიონაქსი 48:24, ოში-ბორდო 29:27, კოლომიე-კარკასონი 35:15, ექსი-ალბი 24:25, ორიაკი-ტარბი 35:21, პო-გრენობლი 6:22, დაქსი-ნარბონი 60:17, სენტ ეტიენი-ლიონი 14:23
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 101 ქულა, 2. გრენობლი - 98, 3. ალბი - 92, 4. მონ დე მარსანი - 86, 5. ბორდო - 84, 6. ოში - 79, 7. ორიაკი - 70, 8. ოიონაქსი - 69, 9. პო - 69, 10. კარკასონი - 66, 11. ექსი - 63, 12. ტარბი - 62, 13. ნარბონი - 60, 14. დაქსი - 55, 15. კოლომიე - 55, 16. სენტ ეტიენი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული