შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, არჩილ კობაურისა და ალექსანდრე ესაკიას "მასი" სტუმრად ეთამაშა "ლიმოჟს" და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 18:19. აღსანიშნავია, რომ ჩვენებურთა გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ანგარიშში მუდამ წინ იყო. მასპინძლებმა გამარჯვება შეხვედრის ბოლო წუთზე ტიმ კლარკის საჯარიმოს წყალობით მოიპოვეს.
სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, აშვეთია 46-ე წუთზე შეცვალეს, კობაური თამაშში 75-ე წუთიდან ჩაერთო და ორ წუთში არბიტრმა სინბინში გაუშვა, ესაკია განაცხადში არ იყო.
"მასიზე" უკეთესი შედეგი აჩვენა გასვლით მატჩში "ბობინისთან" თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი ნინიძის "პერიგომ". ჩვენებურთა გუნდმა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო, ფრეს გამოჰკრა ხელი - 22:22.
ზიბზიბაძემ, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, 47-ე წუთზე ლელო გაიტანა, მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე ნინიძემ შეცვალა, დადუნაშვილს არ უთამაშია.
განმეორებით შეხვედრებში წარმატების შემთხვევაში "პერიგო" და "მასი" ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ" სტუმრად წააგო "ბურგ ან ბრესთან" - 9:23 და ახლა, განმეორებით შეხევდრაში, დიდი ძალისხმევა დასჭირდება თოთხემტქულიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად.
მალაღურაძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში მე-60 წუთიდან ჩერთო, მჭედლიშვილს არ უთამაშია.
კიდევ ერთ მეოთხედფინალურ წყვილში "ვანმა" შინ წააგო "ტიროსთან" - 9:12. ლანგედოკელები ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, სწორედ ამ წყვილში საუკეთესოს შეხვდებიან.
პლეი ოფი
მეოთხედფინალი
ლიმოჟი-მასი 19:18, ბობინი-პერიგო 22:22, ბურგ ან ბრესი-ბეზიე 23:9, ვანი-ტიროსი 9:12
ესპუართა, ანუ სათადარიგო გუნდების ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი დაუპირისპირდა. ვიქტორ კოლელიშვილისა და გიორგი ჯაშიტაშვილის "კლერმონმა" კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავს "ტულონს" 19:26 მოუგო.
ამრიგად, კოლელიშვილი და ჯაშიტაშვილი საფრანგეთის სათადარიგო გუნდების ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან. მიქაუტაძესა და ჩილაჩავას ამ შეხვედრაში არ უთამაშიათ, რადგან საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში გაისარჯნენ და კანადელ თანატოლებს თითო ლელო გაუტანეს.