ელიტამ დაიწყო, რუმინეთმა პერიგოსთან წააგო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. მუხედავად იმისა, რომ ფრანგული კლუბების აბსოლუტური უმრავლესობა მსოფლიოს თასზე მონაწილე მორაგბეებისგან დაცლილია, ჩემპიონატის მატჩები, მაინც საკმაოდ დაძაბულ და საინტერესო ბრძოლებში წარიმართა.

მოულოდნელბად შეიძლება მივიჩნიოთ ქვეყნის ჩემპიონის "ტულუზის" მარცხი სტუმრად ბასკურ "ბაიონთან" - 13:18. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ბაიონი" წლეულს სატრანსფერო ფანჯრისას სერიოზულად მოღონიერდა და გამორიცხული არ არის, ის ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს პრეტენდენტად მოგვევლინოს.

ელიტურ, პირველ დივიზიონში დებიუტი ჰქონდათ შერკინების ქართველ პირველხაზელებს გურამ კავთიძესა და ირაკლი ნტრიაშვილს. კავთიძის "ლიონი", რომელიც მეორე
დივიზიონიდან წლეულს გადაბარგდა, სტუმრად ეთამაშა ფრანგული რაგბის გრანდს, დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" და 13:22 დმარცხდა.

დებიუტანტებმა "ვულკანებს" პირველ ტაიმში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს და ტაიმი მხოლო ორი ქულის სხვაობით წააგეს - 10:12. მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმის დასაწყისში მოიპოვეს და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს.

კავთიძე სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 51-ე წუთიდან ჩერთო, ზირაქაშვილი კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის ემზადება.

ირაკლი ნატრიაშვილის, დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი" შინ დაუპირისპირდა ბექა შეყლაშვილის "აჟენს" და მინიმალური სხვაობით 19:20 დამარცხდა. აღსნიშნავია, რომ 54-ე წუთისთვის მასპინძლები მეტოქეს 16 ქულის სხვაობით უგებდნენ 19:3. აჟენელებმა მატჩის დასრულებამდე დარჩენილ 25 წუთში პატარა სასწაული მოახდინეს. სტუმართა გუნდს გამარჯვება კოტდიუვარელი ფულბეკის სილვენ ტიანის ლელომ მოუტანა.

შეყლაშვილი თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო, ნატრიაშვილი კი მოედანზე ხუთი წუთით გვიან გამოჩნდა, ხინჩაგიშვილი და კაკოვინი "ბორჯღალოსანთა" რიგებში არიან.

გასული ჩემპიონატის აღმოჩენამ, მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" სტუმრად გათამაშების ფავორიტთან, პარიზულ "მეტრო რასინგთან" 22:30 წააგო.

მონპელიელებმა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნების ნაკრებებში მივლინებული 9 მოთამაშე აკლდა, მეტოქეს სერიოზული ბრძოლა გაუმართეს და პირველ ტაიმში პარიზელები ფრეს დააჯერეს 19:19. "მეტრო რასინგმა" მეტოქეს პრობლემები მეორე ტაიმის ბოლოსკენ შეუქმნა და მგეზავი ჯონათან ვიშნევსკის ფეხჩუბინობის წყალობით მოუგო. ვიშნევსკიმ ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა (18 ქულა).

ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. გორგოძე და შველიძე საქართველოს ნაკრებში არიან გამოძახებულნი, ნარიაშვილის განაცხადში არ იყო.

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" სტუმრად ეთამაშა კატალონიურ "პერპინიანს" და 6:25 დამარცხდა. ფეიქრიშვილი ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო.

დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" კი ბასკურ "ბიარიცს" უმასპინძლა და საკმაოდ იოლად სძლია - 30:5. ქუბრიაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს თასის გათამაშებისთვის ემზადება.

I დივიზიონი
I ტური
ბაიონი-ტულუზი 18:13, ბრივი-აჟენი 19:20, კლერმონი-ლიონი 22:13, სტად ფრანსე-ბორდო 41:20, პერპინიანი-კასტრი 25:6, მეტრო რასინგი-მონპელიე 30:22, ტულონი-ბიარიცი 30:5.

სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 5 ქულა, 2. ტულონი - 4, 3. პერპინიანი - 4, 4. კლერმონი - 4, 5. მეტრო რასინგი - 4, 6. ბაიონი - 4, 7. აჟენი - 4, 8. ბრივი - 1, 9. ტულუზი - 1, 10. მონპელიე - 0, 11. ლიონი - 0, 12. კასტრი - 0, 13. ბორდო - 0, 14. ბიარიცი – 0.
ამასობაში ბოლო საკონტროლო მატჩები გამართეს ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარზე ქართველ მორაგებთა გუნდებმა. თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, ირაკლი ნინიძისა და დავით დადუნაშვილის "პერიგომ" ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს, რუმინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 20:7 მოუგო.

მატჩი სამი 30-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა და რუმინელებმა სამივეში სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშეს. მიკრო ტრავმები აქვთ და განაცხადში არ იყვნენ ოვიდიუ ტონიცა, დრაგოშ დიმა და იონელ კაზანი. რუმინელთა ლიდერებმა მარიუს ტინკუმ და ლუჩიან სირბუმ მხოლოდ მესამე ოცდაათწუთეულში ითამაშეს.

რუმინეთის ნაკრები: 15. ფლორინ ვლაიკუ, 14. სტეფან ჩუნტუ, 13. ჩაბა გალი, 12. იულიან დუმიტრაში, 11. კატალინ ნიკოლაე, 10. იონუც დიმოფტე, 9. ვალენტინ კალაფეტეანუ. 1. მიჰაიტა ლაზარი, 2. ანდრეა რადოი, 3. სილვიუ ფლორეა, 4. ვალენტინ პოპირლანი, 5. ვალენტინ ურსაკე, 6. მიჰაი მაკოვეი, 7. დანიელ იანუსი, 8. დანიელ კარპო.
ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკი" შინ "კოლომიეს" ეთამაშა და 15:12 მოუგო. გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" სტუმრად დაამარცხა "ექსი" - 37:17.

"ალბიმ", რომელშცი ახლახან რუსთავის "ხარებიდან" კახაბერ კობერიძე გადაბარგდა ფედერალ1 დივიზიონის "მონტობანს" 31:15 მოუგო.

საწვრთნელი მატჩები
ორიაკი-კოლომიე 15:12, პერიგო-რუმინეთი 20:7, მონტობანი-ალბი 15:31, ექსი-გრენობლი 17:37.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული