ორი ქართული ლელო საფრანგეთში

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპინატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შემდეგაც მოწინავე, საპლეიოფო ექვსეულში ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდია, "კლერმონსა" და "კასტრს" 30 - 30 ქულა აქვთ და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ, მათ ოდნავ ჩამორჩებიან, "ტულონი", "აჟენი" და "ბრივი".

გასული უქმეები საფრანგეთის ჩემპიონატში იმითაც იყო გამორჩეული, რომ პირველ და მეორე დივიზიონების გათამაშებაში თითო ქართული ლელო შედგა. ელიტაში თავი "მონპელიეს" მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ გამოიჩინა, ხოლო მეორე დივიზიონში ლელო "ორიაკის" მეორეხაზელმა ლევან დათუნაშვილმა მიითვალა.

მერვე ტურის პირველი მატჩი პერპინიანში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი
დავით ზირაქაშვილის
"კლერმონს" დაუპირისპირდა. "ვულკანებმა" მასპინძლები ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და დიდი ანგარიშით 39:3 დაამარცხეს. ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.

წლეულს შესანიშნავად ასპარეზობს ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრიც", რომელმაც სტუმრად ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილის, გიორგი ჟღენტისა და გოდერძი შველიძის "მონპელიე" - 16:21.

გორგოძემ, რომელიც მატჩის საუკეთსო მოთამაშედ დაასახელეს, ლელო პირველივე წუთზე გაიტანა და ანგარიში გახსნა. თუმცა კასტრელებმა მეტოქე აიძულეს შეცდომები ხშირად დაეშვათ და მათმა სამხრეთაფრიკელმა დამრტყმელმა რორი კოკოთმა შვიდი საჯარიმო გაიტანა (21 ქულა), რაც მონპელიელთა დასამარცხებლად საკმარისი აღმოჩნდა.

გორგოძემ და ჟღენტმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს, ფეიქრიშვილი და ნარიაშვილი სათადარიგოთა შორის იყვნენ, თუმცა არ უთამაშიათ, შველიძე განაცხადში არ იყო.

დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა", რომელიც 24 ქულით მე-4 ადგილზეა სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა უშუალო კონკურენტ "მეტრო რასინგთან" - 16:9. ტულონელებმა მასპინძლები ყველაფერში დაჯაბნეს, ანგარიშში თავიდანვე დაწინაურდნენ და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს. თექვსმეტიდან თერთმეტი ქულა გუნდს ინგლისელმა მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა შესძინა (სამი საჯარიმო და ერთი გარდასახვა). ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს.

ბექა შეყლაშვილის "აჟენმა", რომელმაც წლეულს ყველასთვის მოულოდნელად წარმატებული სტარტი აიღო, მე-8 ტურში შინ დაამარცხა პარიზული "სტად ფრანსე" - 37:13. ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენებურის გუნდმა 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. შეყლაშვილი განაცხადში არ იყო.

ვასილ კაკოვინის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივმა" შინ მოუგო ბასკურ "ბაიონს" - 30:10. ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე კაკოვინმა შეცვალა, ერთ წუთში მოედანზე ნატრიაშვილიც გამოჩნდა. "ბრივი" 18 ქულით მე-6 ადგილზეა.
გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი" სტუმრად ფრეს დასჯერდა "ბიარიცთან" მატჩში - 15:15. რატიანიძე თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო, კავთაძეს არ უთამაშია.

I დივიზიონი
VIII ტური
პერპინიანი-კლერმონი 3:39, აჟენი-სტად ფრანსე 37:13, ბიარიცი-ლიონი 15:15, ბრივი-ბაიონი 30:10, მონპელიე-კასტრი 16:21, ტულუზი-ბორდო 56:6, მეტრო რასინგი-ტულონი 9:16.

სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 30 ქულა, 2. კასტრი - 30, 3. ტულუზი - 28, 4. ტულონი - 24, 5. აჟენი - 20, 6. ბრივი - 18, 7. მეტრო რასინგი - 17, 8. პერპინიანი - 17, 9. სტად ფრანსე - 15, 10. მონპელიე - 13, 11. ბორდო - 13, 12. ლიონი - 12, 13. ბაიონი - 11. 14. ბიარიცი - 10.

IX ტური
კასტრი-მეტრო რასინგი, ბაიონი-პერპინიანი, ბორდო-ლიონი, კლერმონი-ბიარიცი, ტულონი-ბრივი, ტულუზი-სტად ფრანსე, აჟენი-მონპელიე.


* * *
მეორე დივიზიონში ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდიდან სამი, "ტარბი", "ორიაკი" და "პერიგო" ისევ აუტსაიდერთა შორისაა. ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკმა" შინ დაამარცხა კახაბერ კობერიძის "ალბი" 32:25.

დათუნაშვილმა მატჩის 48-ე წუთზე ლელო გაიტანა, რამაც საბოლოოდ მატჩის ბედი გადაწყვიტა. "ჩაქუჩა" 58-ე წუთზე შეცვალეს, ნაცარაშვილმა მოედანი 46-ე წუთზე დატოვა, ასეიშვილი კი 67-ზე. კობერიძე განაცხადში არ იყო.

თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის "პერიგო" შინ დიდი ანგარიშით დამარცხდა "კარკასონთან" - 7:39. მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-40 წუთზე შეცვალეს, ზიბზიბაძე და დადუნაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად მოუგო ლანგედოკურ "ბეზიეს" - 15:10. მაგრაქველიძე თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო, მირცხულავა განაცხადში არ იყო.

გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა", ერთადერთი "ქართული გუნდია", რომელიც ლიდერთა შორისაა, შინ დაამარცხა დავით ლოსაბერიძისა და ზერო პეტრიაშვილის "პო" - 24:18. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

II დივიზიონი
VII ტური
ორიაკი-ალბი 32:25, ბურგუენი-ოში 25:10, ნარბონი-ექსი 16:9, ოიონაქსი-მონ დე მარსანი 34:12, პერიგო-კარკასონი 7:39, დაქსი-ლა როშელი 12:6, გრენობლი-პო 24:18, ბეზიე-ტარბი 10:15.

სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 26 ქულა, 2. დაქსი - 26, 3. გრენობლი - 22, 4. ექსი - 22, 5. ბურგუენი - 18, 6. პო - 17, 7. ალბი - 17, 8. მონ დე მარსანი - 17, 9. კარკასონი - 15, 10. ლა როშელი - 14, 11. ნარბონი - 14, 12. ოში - 14, 13. ტარბი - 13, 14. ორიაკი - 11, 15. პერიგო - 7, 16. ბეზიე - 6.

VIII ტური
ალბი-პო, კარკასონი-ორიაკი, გრენობლი-ოში, პერიგო-ოიონაქსი, ტარბი-ექსი, ბურგუენი-ლა როშელი, ბეზიე-ნარბონი, მონ დე მარსანი-დაქსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული