მამუკა გორგოძე ისევ საუკეთესოა

AutoSharing Option
ევროთასების გათამაშებაში, ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება "ჰაინეკენის თასი" ქართველ მორაგბეთა გუნდებისთვის წარუმატებლად დაიწყო. აქ ჩვენებურთა სამი გუნდი ასპარეზობს, "მონპელიე", "კასტრი" და "კლერმონი". ამათგან ორი დამარცხდა. ერთი კი, "მონპელიე", შინ ფრეს დასჯერდა თასის ამჟამინდელ მფლობელ ირლანდიურ "ლენსტერთან" მატჩში.

ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელიც A ჯგუფში ასპარეზობს, სტუმრად ეთამაშა უელსურ "ჰლანეჰლის" და 23:31 წააგო. ჩვენებურის კლუბმა წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გასწია, რომელიც ფრედ 6:6 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მასპინძლები უკეთ ათამაშდნენ. ერთი ხანობა ანგარიშში 14 ქულითაც დაწინაურდნენ - 23:9. საბოლოოდ კი, როგორც უკვე ვთქვით, რვა
ქულიანი სხვაობით "ჰლანეჰლიმ" მოიგომ და "კასტრმა" ერთი პრემიალური ქულის აღებაც ვერ მოახერხა.

ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. ამავე ჯგუფში ირლანდიურმა "მანსტერმა" შინ დაამარცხა ინგლისური "ნორსჰემპთონი" - 23:21.

A ჯგუფი
ჰლანეჰლი-კასტრი 31:23, მანსტერი-ნორსჰემპთონი 23:21
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰლანეჰლი - 4 ქულა, 2. მანსტერი - 4, 3. ნორსჰემპთონი - 1, 4. კასტრი - 0

* * *
როგორც უკვე ვთქვით, C ჯგუფში მოასპარეზე მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილის, გიორგი ჟღენტისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ" შინ ფრედ ითამაშა ირლანდიურ "ლენსტერთან" - 16:16. მატჩის წინ ჩვენებურთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ თქვა:

" მიმაჩნია, რომ ეს ირალანდიური კლუბი ევროპაში საუკეთესოა, ამიტომ ძალიან მაინტერესებს შევძლებთ თუ არა მის დამარცხებას. თუ ეს მოვახერხეთ, შემიძლია დავასკვნა, რომ "მონპელიე" ევროპის გრანდების ტოლ-სწორია".

მართალია, "მონპელიემ" მეტოქის დამარცხება ვერ შეძლო, მაგრამ არც არაფერი დაუთმო. გალტიეს შეუძლია მშვიდად იყოს, მისი გუნდი ევროპის გრანდების ტოლ-სწორია, მით უფრო, რომ "მონპელიეში" მსოფლიოს დონის მესამეხაზელი მამუკა გორგოძე თამაშობს, რომელიც ამ მატჩის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა.

"მონპელიე" მატჩის 55-ე წუთისთვის 16:6-ს იგებდა. დასკვნით 20 წუთში კი მეტოქემ იძალა, ჯერ ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა, მერე კი, მატჩის ბოლო წუთზე, ჯონათან სექსტონმა საჯარიმოთი გაათანაბრა - 16:16.

ჟღენტი თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო, ნარიაშვილი კი მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა. ამავე ჯგუფში ინგლისურმა "ბასმა" სტუმრად ბოლო წუთზე სტივენ დონალდის მიერ გატანილი საჯარიმოთი დაამარცხა შოტლანდიური "გლაზგო" - 21:19.

C ჯგუფი
მონპელიე-ლენსტერი 16:16, გლაზგო-ბასი 26:21.
სატურნირო მდგოამრეობა
1.გლაზგო - 4 ქულა, 2. ლენსტერი - 2, 3. მონპელიე - 2, 4.  ბასი - 1.

* * *
დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" სტუმრად დამარცხდა ირლანდიურ "ალსტერთან" - 11:16. "ვულკანებმა" თამაში შესანიშნავად დაიწყეს და პირველი ტაიმი 11:6 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში მონაგარს ვეღარაფერი შესძინეს.

ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. ამავე ჯგუფში იტალიური "აირონი" შინ დამარცხდა ინგლისურ "ლესტერთან" - 12:28.

D ჯგუფი
აირონი-ლესტერი 12:28, ალსტერი-კლერმონი 16:11.

სატურნირო მდგომარეობა
1. ლესტერი - 4, ქულა, 2. ალსტერი - 4, 3. კლერმონი - 1, 4. აირონი - 0.

* * *
"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში B ჯგუფში მოასპარეზე დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" შინ იტალიურ "პადოვას" უმასპინძლა და 53:22 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ თამაშში სამივე ქართველი მონაწილეობდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებს, შერკინების ბურჯ ლევან ჩილაჩავას და მეორეხაზელ კონსტანტინე მიქაუტაძეს სულაც დებიუტი ჰქონდათ ტულონელთა ძირითად შემადგენლობაში.

სასიხარულოა, რომ დებიუტი ჩილაჩავამ მატჩის მე-16 წუთზე გატანილი ლელოთი აღნიშნა, მაშინ, როცა მისი გუნდი 0:6-ს აგებდა. ჩვენებურთა გუნდმა მეტოქის საბოლოოდ გატეხვა მეორე ტაიმში შეძლო და ჯამში ექვსი ლელო გაუტანა.

ჩილაჩავა 41-ე წუთზე ქუბრიაშვილმა შეცვალა, მიქაუტაძემ კი მოედანი მე-60-ე წუთზე დატოვა.

ამავე ჯგუფში გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი" სტუმრად დამარცხდა ინგლისში "ნიუკასლთან" - 19:27. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

B ჯგუფი
ტულონი-პადოვა 53:22, ნიუკასლი-ლიონი 27:19,

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულონი - 5 ქულა, 2. ნიუკასლი - 4, 3. ლიონი - 0, 4. პადოვა - 0.

* * *
D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორივე გუნდმა მოიგო. დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვლის "ბრივმა" შინ დაამარცხა ინგლისური "სეილ შარქსი" - 26:18. ნატრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს, კაკოვინი მოედანზე 57-ე წუთიდან გამოჩნდა, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

ბექა შეყლაშვილის "აჟენმა" კი სტუმრად გაანადგურა ესპანური "ლა ვილა" - 50:10. შეყლაშვილი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო.

D ჯგუფი
ლა ვილა-აჟენი 10:50, ბრივი-სეილ შარქსი 26:18

სატურნირო მდგომარეობა
1. აჟენი - 5 ქულა, 2. ბრივი - 4, 3. სეილ შარქსი - 0, 4. ლა ვილა - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გლაზგომ მოიგო 26:21 თამაშ ბოლომდე არ უყურებთ?
Nickgreek
14:10 14-11-2011
0

სიახლეები პოპულარული