საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე "მიდი ოლიმპიკმა" საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მორაგბედ აღიარა და სპეციალური პრიზი "ოქროს ოსკარი" გადასცა.
მამუკას კონკურენტები "კლერმონის" სამხრეთაფრიკელი მესამეხაზელი გერხარდ ვოსლოო და "კასტრის" ახალზელანდიელი მესამეხაზელი კრის მასო იყვნენ. ქართველმა "გულივერმა" ორივეს დიდი უპირატესობით აჯობა და გამომცემლობის მეპატრონე ჟან-მიშელ ბაილეტმა "ოსკარი" პირადად გადასცა.
საქართველოს ნაკრების ლიდერისთვის ეს კიდევ ერთი აღიარებაა. მისი წლევანდელი მონაგარი ამ ოსკარის გარდა ასეთია: საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მორაგბედ
მერე ინგლისური "გარდიანის" ერთ-ერთმა სარაგბო მიმომხილველმა ის მსოფლიოს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა. სამწუხაროდ, მსოფლიოს თასზე ეს ნომინაცია არ თამაშდება, თორემ ისიც ჩვენი "გულივერას" ნადავლი გახდებოდა.
სულ ახლახან, ევროთასებზე კი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, "ჰეინეკენის თასის" გათამაშების პირველ ტურში სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს, რაც ზემოჩამოთვლილ მიღწევებზე არანაკლები აღიარებაა.
"ძალიან გახარებული ვარ. პარიზში გამართული ეს დაჯილდოების ცერემონიალი არასდროს დამავიწყდება. ყველაზე მეტად ის გამეხარდა, რომ ამ უმაღლესი დონის ღონისძიებაში საქართველოს სახელმაც გაიჟღერა. ამიტომ ვიყავი ამაყი. ალალად გეუბნებით, ამას უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვიდრე იმას, რომ ჯილდო პირადად მე გადმომცეს. ყველა ქართველ მორაგბეს ვუსურვებ ამის მიღწევას.
მიმაჩნია, რომ რადგან ჩემმა გუნდმა, "მონპელიემ" წარმატებულად ითამაშა, მეც მაგის გამო გამომარჩიეს. ყველაზე მეტი პრიზიც მონპელიელებმა ავიღეთ" - გვითხრა მამუკა გორგოძემ, რომელსაც საფრანგეთში დავუკავშირდით.
ფრანგებს შორის საუკეთესოდ "ტულუზის" გარემარბი ვინსან კლერი დაასახელს, მას "ოქროს სოკარი" გადაეცა. ვერცხლისა კი "კლერმონის" მესამეხაზელი ჟულიენ ბონერს ერგო, იერარქიაში მესამე მამუკა გორგოძის თანაგუნდელი ფულენსე უოდრაოგო გახდა.
"მიდი ოლიმპიკმა" მწვრთნელთა საუკეთესო შტაბად მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელეის" სამეული, გალტიე-ბეშუ-ბესი დაასახელა.
ფრანგული ყოველდღიური სარაგბო გაზეთის ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი, "ტულუზის" მესამეხაზელი ტიერი დუსოტუარია. აღსანიშნავია, რომ ვინსან კლერის გარდა, ყველა ნომინანტი მესამეხაზელია.
მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად "მიდი ოლიმპიკმა" "ოლ ბლექსის" ყოფილი თავკაცი გრემ ჰენრი დაასახელა.
ოსკარის ლაურეატები
საუკეთესო უცხოელი: მამუკა გორგოძე (მონპელიე)
ოქროს ოსკარი: ვინსენ კლერი (ტულუზი)
ვერცხლის ოსკარი: ჟულიენ ბონერი (კლერმონი)
ბრინჯაოს ოსკარი: ფულენსე უოდრაოგი (მონპელიე)
საუკეთესო შტაბი: გალტიე-ბეშუ-ბესი (მონპელიე)
მსოფლიოში საუკეთესო: ტიერი დუსოტუარი (საფრანგეთი)
საუკეთესო მწვრთნელი: გრემ ჰენრი (ახალი ზელანდია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"