ჯერ გორგოძე დაბრუნდა, მერე "მონპელიე"

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მე-11 ტური, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქამდე გამართულზე ბევრად საინტერესო გამოდგა.

ფრანგული სპორტული მედია ერთხმად აღნიშნავს, რომ ქართველთა გუნდი "მონპელიე" დაბრუნდა. ამ გუნდს სტარტზე ცნობილი მიზეზების გამო სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა და ახლა ერთ-ერთი ლიდერის და ფავორიტის, "კლერმონის" დამარცხებით დაამტკიცა, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია.

ერთი სიტყვით, მე-11 ტურში, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ" შინ მიიღო დავით ზირაქაშვილის მეორეადგილოსანი "კლერმონი" და 29:23 დაამარცხა.

მატჩში თანაბარი ბრძოლა პირველი ტაიმის 25-ე წუთამდე მიმდინარეობდა. შემდეგ კი, მასპინძელთა
უპირატესობაც ნელ-ნელა გამოიკვეთა. გორგოძე, ისვე როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეუდარებელი იყო და თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ჟღენტმა კი დაამტკიცა, რომ "მონპელიესთვის" თითქმის შეუცვლელი შერკინების ბურჯია. ის ფაბიენ გალტიემ მე-60 წუთზე შეცვალა და მასპინძლებს იმწამსვე პრობლემები შეექმნათ. ჟღენტის არყოფნაში "ვულკანებმა" მატჩის დასკვნით, ათწუთიან მოაკვეთში, ათი ქულის აღება შეძლეს.

ნარიაშვილი თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთო, ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, შველიძე განაცხადში არ იყო.

უშეღავათო, დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა სატურნირო ცხრილში მეზობლების ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრისა" და დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" დაპირისპირება. შეხევდრა, რომელშიც ანგარიში სულ ტულონელებს მიჰყავდათ, ფრედ 22:22 დასრულდა.

სტუმრები ინგლისელი მგეზავის, ჯონი ვილკინსონის ფეხჩუბინობისა და ფიჯელი შუამარბის გაბრიელ ლოვობალავუს ლელოს წყალობით 33-ე წუთისთვის 19:6-ს იგებდნენ. კასტრელებმა მდგომარეობის რადიკალურად შეცვლა მხოლოდ მეორე ტაიმის დასკვნით ოც წუთში შეძლეს და მატჩის გადარჩენა ბოლო წუთზე გატანილი საჯარიმოთი მოახერხეს.

ქუბრიაშვილს და ფეიქრიშვილს, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, შერკინებაში ერთმანეთის წინააღმდეგ მოუწიათ თამაში და ორივე ერთდროულად, 49-ე წუთზე შეცვალეს.

დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივმა" ჩემპიონსა და გათამაშების ლიდერ "ტულუზს" უმასპინძლა და ფრეს გამორჩა - 9:9. მასპინძლებმა მრისხანე მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და მხოლოდ სამი საჯარიმოს გატანის საშუალება მისცეს, რაზეც ასევე სამი საჯარიმოთი უპასუხეს.

კაკოვინი 58-ე წუთზე შეცვალეს, ნატრიაშვილმა 77-ე წუთამდე ითამაშა, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლას განაგრძობს ბექა შეყლაშვილის "აჟენი", რომელმაც შინ მოუგო დებიუტანტ "ბორდოს" - 24:15.

აჟენელებს ახლა 28 ქულა აქვთ და მე-6 ადგილზე არიან. შეყლაშვილს არ უთამაშია.

გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი", რომელიც ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა სტუმრად დამარცხდა "ბაიონთან" - 9:15.

ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.

I დივიზიონი
XI ტური
ბაიონი-ლიონი 15:9, მეტრო რასინგი-ბიარიცი 28:9, პერპინიანი-სტად ფრანსე 16:35, ბრივი-ტულუზი 9:9, მონპელიე-კლერმონი 29:23, კასტრი-ტულონი 22:22, აჟენი-ბორდო 24:15.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 38 ქულა, 2. კლერმონი - 36, 3. კასტრი - 33, 4. ტულონი - 30, 5. მეტრო რასინგი - 30, 6. აჟენი - 28, 7. სტად ფრანსე - 26, 8. ბრივი - 21, 9. ბაიონი - 19, 10. პერპინიანი - 19, 11. მონპელიე - 18, 12. ბორდო - 17, 13. ლიონი - 13, 14. ბიარიცი - 10.

XII ტური
ბორდო-ბრივი, ტულუზი-ტულონი, კლერმონი-კასტრი, სტად ფრანსე-მეტრო რასინგი, აჟენი-ბაიონი, ლიონი-პერპინიანი, ბიარიცი-მონპელიე.

* * *

II დივიზიონში მე-11 ტურის შემდეგ "ქართული გუნდი", გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი" გალიდერდა. "ალპელებმა" შინ დაამარცხეს "ბურგუენი" - 30:13 და ამჟამად 38 ქულა აქვთ. მენაბდიშვილს არ უთამაშია.

"გრენობლი" სამი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ "დაქსს", რომელიც სტუმრად დამარცხდა თედო ზიბზიბაძის, დავით დადუნაშვილისა და ალექსანდრე მარგველაშვილის "პერიგოსთან" - 23:18. დადუნაშვილი თამაშში 32-ე წუთიდან ჩაერთო, ზიბზიბაძე მოედანზე ოთხი წუთის შემდეგ გამოჩნდა, მარგველაშვილი განაცხადში არ იყო. გამარჯვების მიუხედავად, პერიგოელები 13 ქულით მაინც ბოლო ადგილზე არიან.

"პერიგოს" ოთხი ქულით უსწრებს და მე-13 ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ მინიმალური სხვაობით წააგო ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პოსთან" - 18:19. ასეიშვილი 64-ე წუთზე შეცვალეს, დათუნაშვილმა მოედანზე რვა წუთით მეტი დაჰყო, ნაცარაშვილი, პეტრიაშვილი და ლოსაბერიძე განაცხადში არ იყვნენ.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ მოუგო "ლა როშელს" - 21:15. მაგრაქველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავას არ უთამაშია.

II დივიზიონი
XI ტური
ორიაკი-პო 18:19, კარკასონი-ექსი 24:20, ნარბონი-ოში 18:19, ოიონაქსი-ალბი 18:19, პერიგო-დაქსი 23:18, ტარბი-ლა როშელი 21:15, გრენობლი-ბურგუენი 30:13, მონ დე მარსანი-ბეზიე 16:6.

სატურნირო მდგომარეობა
1. გრენობლი - 38 ქულა, 2. დაქსი - 35, 3. ოიონაქსი - 33, 4. მონ დე მარსანი - 30, 5. ალბი - 30, 6. პო - 30, 7. ლა როშელი - 28, 8. კარკასონი - 27, 9. ბურგუენი - 27, 10. ექსი - 26, 11. ტარბი - 25, 12. ოში - 23, 13. ორიაკი - 17, 14. ნარბონი - 16, 15. ბეზიე - 14, 16. პერიგო - 13.

XII ტური
ექსი-ოში, ალბი-მონ დემარსანი, ორიაკი-ოიონაქსი, ბურგუენი-ბეზიე, დაქი-კარკასონი, ლა როშელი-გრენობლი, პო-პერიგო, ტარბი-ნარბონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული